2014
პლეი-ოფისთვის სულ 6 წყვილი შედგა. როგორც დაგეგმილი გახლდათ, გასული ევროპირველობის შედეგებით მეშვიდე-მეთორმეტე ადგილებზე გასული ნაკრებები შესარჩევი ციკლის მოწინავე ექვსეულს დაუწყვილდნენ.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა სამ ეტაპად გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი მე-3 ადგილზე დაასრულეს და ფორმატის მიხედვით, მეტოქედ წინა ევროპის ჩემპიონატის მეათე-მეთორმეტე გუნდებიდან ერთ-ერთი უნდა რგებოდათ.
უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრებს გაუმართლა და თამაში მე-12 ადგილოსან თურქეთთან მოუწევს, რომელმაც ჰოლანდიის ქალაქ ეინდჰოვენში 2012 წლის იანვარში გამართულ ჩემპიონატზე შვიდივე მატჩი წააგო.
თურქეთი ჯგუფურ ეტაპზე მაკედონიასთან (4:16), იტალიასთან (7:24), საბერძნეთთან (2:20), ჰოლანდიასთან (7:12) და უნგრეთთან (2:22) დამარცხდა, მეშვიდე-მეტორმეტე ადგილებისთვის მატჩებში კი ესპანეთს (4:16) და იმავე მაკედონიას (7:9) ვერ გაუმკლავდა.
ცნობილია, რომ ქართველი წყალბურთელები პლეი-ოფის პირველ მატჩს თბილისში მომავალი წლის 15 თებერვალს ჩაატარებენ, განმეორებითი შეხვედრა კი სტუმრად 1 მარტს ელით და წარმატების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებენ.
2014 წლის ევროპის პირველობა 14-27 ივლისს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ჩატარდება, მომავალი ტურნირის საგზურები კი უკვე დაბევებული აქვთ მასპინძელ უნგრეთს და გასული ევროპის ჩემპიონატის მოწინავეებს – სერბეთს, ჩერნოგორიას, იტალიას, გერმანიას და საბერძნეთს.
ცნობისთვის, პლეი-ოფში მოულოდნელად მოხვდა მალტის ნაკრებიც, რომელმაც წინა ევროპის პირველობის მე-11 ადგილოსანი მაკედონია ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელთ თამაშზე უარი ფინანსური პრობლემების გამო განაცხადეს. წილისყრის შედეგად, მალტელები საფრანგეთს შეხვდნენ, რომელმაც პლეი-ოფში ასევე შესარჩევი ეტაპიდან გააღწია.
ერთი საინტერესო დეტალიც. რუსეთის წყალბურთის ფედერაციის ვებ-გვერდმა წილისყრის თავისებური შედეგები გამოაქვეყნა: საქართველოს ნაკრები პლეი-ოფს მიღმა დატოვა და თურქეთს გერმანიის ეროვნული გუნდი დაუწყვილა, რომელმაც გასული ევროპის ჩემპიონატი მე-5 ადგილზე დაასრულა და როგორც აღვნიშნეთ, ფინალურ ეტაპზე თამაში ისედაც გარანტირებული აქვს. მოკლედ, რუსული ვერსიით, ევროპის პირველობაზე გასვლის შანსი არა გვაქვს...
2014 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფი წყალბურთში. 15 თებერვალი – 1 მარტი
უკრაინა – ესპანეთი
რუმინეთი – დიდი ბრიტანეთი
სლოვაკეთი – ხორვატია
ჰოლანდია – რუსეთი
საფრანგეთი –
საქართველო – თურქეთი