ჭიდაობა

19:56 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებს წილისყრაში არ გაუმართლათ

თბილისის სპორტის სასახლეში ევროპის ექვსდღიან ჩემპიონატს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები და ქალები გახსნიან – ხვალ მედლების 3 კომპლექტი გათამაშდება, აქედან 2 თავისუფალ სტილში და შესაბამისად, ხალიჩაზე 2 ქართველი გავა (ქალებში მასპინძლებს მონაწილე არ გვყავს). უკვე გაიმართა წილისყრა და შეიძლება ითქვას, საქართველოს ნაკრების წევრებს ფორტუნამ ზურგი აქცია.

თუმცა ვიდრე სატურნირო ბადეები დალაგდებოდა, ერთი უსიამოვნო ინციდენტიც მოხდა – წილისყრა ელექტროენერგიის გათიშვის გამო დაახლოებით ათიოდ წუთით შეწყდა, ვიდრე დამატებითი ენერგიის წყაროს ამუშავება არ მოხერხდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართული დროშის ქვეშ ნაკრების დებიუტანტმა კონსტანტინე ხაბალაშვილმა უნდა იჭიდაოს. 21 მონაწილეს შორის მას მე-17 ნომერი ერგო და ბადის ქვედა ნაწილში განთავსდა იმ 10 მოჭიდავეს შორის, რომლებიც ჩემპიონატს პირველივე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან იწყებენ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ათეულში უძლიერესმა სპორტსმენებმა მოიყარეს თავი.

ხაბალაშვილის პირველი მეტოქე ალბანელი ვილსონ ნდრეგიონი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში ის რუსეთის ნაკრების წევრ ილიას ბეკბულატოვსა და უკრაინელ ანდრეი კვიატკოვსკის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი აზერბაიჯანელი მაგომედ მუსლიმოვი უნდა გამოვარჩიოთ.

96 კილოგრამში 19 მოჭიდავე აიწონა. ელიზბარ ოდიკაძეს მე-15 ნომერი ერგო და მეთექვსმეტედფინალში გამწესებულ ექვსეულში ჩაეწერა. შეჯიბრებას ბელარუს ივან იანკოუსკისთან შეხვედრით გახსნის. ამ წყვილიდან გასულს მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ვლადისლავ ბაიცაევი ელოდება, მეოთხედფინალში კი სავარაუდოდ - აზერბაიჯანის ნაკრების ლიდერი, ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონი ხეთაგ გაზიუმოვი.

“ფაქტია, უმთავრეს კონკურენტებთან საწყის ეტაპზევე მოგვიწევს დაპირისპირება. თავიდანვე პრინციპული ბრძოლები გველის და თუ დავძლევთ, შედეგსაც მივაღწევთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა.

ხვალვე ჩემპიონ-პრიზიორები ქალთა უმსუბუქეს წონაში – 48 კილოგრამში გამოვლინდებიან.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები სპორტის სასახლეში 13.00 საათიდან დაიწყება. 17.00 საათამდე ჩემპიონატს სამეულისთვის მებრძოლებიღა შერჩებიან. 17:30 საათზე ევროპირველობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი შედგება, რომელსაც ანსამბლები “შვიდკაცა” და “ერისიონი” გაალამაზებენ. 18.00 საათიდან კი ფინალური შეხვედრები დაიწყება.

 

 

ლაშა კუპრაშვილის ფოტო

 

 

0.1039