ძიუდო

23:09 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა პარიზში ვერცხლით დაიწყეს

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ამირან პაპინაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ფრანგულ ტურნირზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი მონღოლ ბოლდბაატარ განბატთან წმინდად წაგებით დაკარგა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა მეტოქეს რიგიანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ჯერ იუკო და ვაზარი დაკარგა, ბოლოს კი ბეჭებზეც დავარდა.

ფინალამდე პაპინაშვილმა ოთხი შეხვედრა მოიგო. შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო, პერუელ ხუან პოსტიგოსთან შეხვედრით, რომელიც იუკოთი მოიგო. შემდეგი მეტოქეები: ფრანგი ადრიენ რეიმონდი, აზერბაიჯანელი ილგარ მუშკიევი და ტაივანელი მინგ იენ ცაი კი საფინალო სირენამდე ჩამოიცილა.

ამავე წონაში საქართველოს დროშის ქვეშ ტატამზე ლუხუმ ჩხვიმიანიც გავიდა. კარგადაც დაიწყო – ლიბიელ მოჰამედ ელჰადი ელკავისაჰის უილეთოდ, გაფრთხილებებით 3:1 აჯობა. პერუელ დილმერ კალეს ოთხ წუთში მოუმთავრა საქმე. მერვედფინალში კი მონღოლ ხერლენ განდბოლთან ვეღარას გახდა და ტურნირს გამოეთიშა.

დღესვე, მედლები 66 და 73 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გამოვლინდნენ. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე რუსი მიხაილ პულიაევი (66 კგ) და სამხრეთკორეელი გი-მან ბანგი (73 კგ) ავიდნენ. საქართველოს ნაკრებს კი ამ წონებში მონაწილე არ ჰყავდა.

ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100 კგ) საქმეში ხვალ ჩაერთვებიან.

ავთანდილ ჭრიკიშვილი და ადამ ოქრუაშვილი პაპინაშვილის მსგავსად, პირველ ნომრებად არიან განთესილები. ჭრიკიშვილი საწყის შეხვედრას მეორე წრეში ჩაატარებს, ჰოლანდიელ ნილ ვან დე კამერსა და ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს შორის მოგებულთან. 81 კილოგრამში საქართველოს ღირსებას უშანგი მარგიანიც დაიცავს. იგი პირველ წრეში ახალზელანდიელ ივიცა პავლინიჩს დაუპირისპირდება. ცნობისთვის, 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ყველაზე მეტი – 55 ძიუდოისტი ჩაერთვება მედლისთვის ბრძოლაში.

90 კილოგრამში მეორე ნომრად განთესილი ვარლამ ლიპარტელიანი საწყის წრეში დაისვენებს და პოტენციური მეტოქეების: ფრანგი ვინსენტ მასიმინოსა და რუმინელი ვალენტინ რადუს დაპირისპირებას დააკვირდება. ამავე წონაში, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილიც მეორე წრიდან ჩაერთვება საქმეში, ჩილელ რაფაელ რომოსთან შეხვედრით.

100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს დროშის ქვეშ მხოლოდ ალექსანდრე მსხალაძე იჭიდავებს. ნოდარ მეტრეველი კი ქართული განაცხადიდან რამდენიმე დღის წინ მიღებული ტრავმის გამო ამოეწერა. მსხალაძეს პირველ მეტოქედ ლიტველი ჟილვინას ლეკავიჩუსი ერგო.

ადამ ოქრუაშვილი გრან სლემზე გამოსვლას პირდაპირ მერვედფინალით დაიწყებს. მის პირველ მოწინააღმდეგეს ქუვეითელი ჰუსეინ მისრისა და იაპონელი რიუ შიშინოეს ბრძოლა გამოავლენს. მეორე ქართველი მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი კი ტურნირს ალჟირელ მუჰამედ ამინე ტაიებთან დაჭიდებით გახსნის.

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

 

ძიუდო

პარიზის გრანდ სლემი

პარიზი

8 თებერვალი

მამაკაცები

 

60 კგ

1 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 შინჯი კიდო (იაპონია)

3 მინგ იენ ცაი (ტაივანი)

 

66 კგ

1 მიხაილ პულიაევი (რუსეთი)

2 გიორგი ზანტარაია (უკრაინა)

3 მასააკი ფუკუოკა (იაპონია)

3 ლუის კორვალი (საფრანგეთი)

 

73 კგ

1 გი-მან ბანგი (სამხრეთ კორეა)

2 როკ დრაკშიჩი (სლოვენია)

3 უგო ლეგრანი (საფრანგეთი)

3 ვიქრორ სკვორტოვი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)

 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119309