კალათბურთი

0:01 | 16.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები საუკეთესონი არიან, “სარაგოსამ” სტამბულშიც წააგო

ესპანურმა “სარაგოსამ”, რომლის რიგებში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები – გიორგი შერმადინი და ვიქტორ სანიკიძე ირიცხებიან, ევროთასის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე მე-2 მარცხი განიცადა და მერვედფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება.

ესპანური კლუბი სტამბულში “ბეშიქთაშს” ესტუმრა და მართალია, ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ფაქტობრივად ბოლო წამებამდე ებრძოლა, წაგებას მაინც ვერ გადაურჩა – 63:70.

ორივე ქართველი კალათბურთელი არაგონელთა სასტარტო ხუთეულში იყო და სარგებლიანობის კოეფიციენტიც საუკეთესო ჰქონდათ: სანიკიძეს – 18, ხოლო შერმადინს – 14.

ვიქტორმა მოედანზე 29:08 წუთი გაატარა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. მისი მონაგარი 9 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა გახლდათ, თანაც ბურთი არცერთხელ დაუკარგავს. ქართველმა ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

8 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება იყო შერმადინის მონაგარი, რომელმაც 25:00 წუთს ითამაშა. შეცდომა არც გიორგის დაუშვია, 6-დან 2 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2-ჯერ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

აღსანიშნავია, რომ “ბეშიქთაშის” გამარჯვება ძირითადად პერიმეტრზე წარმატებულმა თამაშმა განაპირობა. სტამბულელებმა 11 სამქულიანი ჩააგდეს და დასკვნით პერიოდში სტუმრებს მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.

ამ მხრივ თავი განსაკუთრებით კრის ლოფტონმა გამოიჩინა, რომელმაც 8-დან 4 შორეული ტყორცნა გამოიყენა და ჯამში 19 ქულა მიითვალა, თბილისის “არმიას” ყოფილმა მოთამაშე სუნდიატა გეინსმა კი 15:48 წუთში 4 ქულა, 7 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.

თურქულმა გრანდმა მე-2 გამარჯვება იზეიმა და P ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, “სარაგოსა” კი 2 მარცხით ბოლო ადგილზე იმყოფება. ქართველთა კლუბს ევროთასის მორიგი შეხვედრა 21 იანვარს ელის, როდესაც ლიტვურ “ლიეტუვოს რიტასს” დაუხვდება.

0.155708