ფეხბურთი

19:31 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები იწყებენ და აგებენ

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გორში სლოვაკეთთან წააგო და მეორე ადგილზე გასვლის შანსი გადაიწურა. ალექსანდრე ჩივაძის გუნდისთვის ეს მესამე მარცხია და ალბათ, ყველაზე დასანანიც, რადგან ამ შეხევდრაში იყო საკვანძო მომენტები, სადაც თამაშის ბედის სასიკეთოდ შემოტრიალება შეიძლებოდა. თუმცა, გამოჩნდა ისიც, რომ სლოვაკეთი უკეთესად ორგანიზებული გუნდია – მათ ჰქონდათ უპირატესობა ფიზიკურ მომზადებაშიც და საბოლოოდ, 1:3. არდანიშნულ 100-პროცენტიან პენალტზე აუცილებლად ვიტყვით.

ჩივაძემ შოტლანდიასთან ფრის შემდეგ ერთი ცვლილება მოახდინა სასტარტო შემადგენლობაში. ამჯერად უფრო შემტევი ვარიანტი არჩია და საყრდენი გიორგი პაპავას ნაცვლად, გამოკვეთილ ფორვარდ გიორგი ქვილითაიას დააწყებინა თამაში. ქვილითაიას სიღრმიდან ეხმარებოდნენ ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია (მარჯვნიდან) და ჯანო ანანიძე (მარცხნიდან).

საყრდენებად გაამწესეს ლაშა პარუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური, თუმცა უნდა ითქვას, რომ ტიპური, მკვეთრად დაცვაზე ორიენტირებული არც ერთია და არც – მეორე. ჩანდა, ამის გამო იყო, რომ სლოვაკები ცენტრში რიცხობრივ უპირატესობას ფლობდნენ. თუმცა, ჩივაძემ შესვენებაზე საყრდენი გიორგი პაპავა გამოიყვანა და მოხსნა ჯანო ანანიძე, რომელსაც თამაში არ წაუვიდა. შესაბამისად, ჯიღაურმა ოდნავ წინ წაიწია. რომ ვთქვათ, ამან შედეგი გამოიღოო, ტყუილი იქნება, რადგან ქართველმა 21-წლამდელებმა ყველაზე სუსტად მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთი ჩაატარეს.

მომენტებს რაც შეეხება, მე-5 წუთზე სლოვაკმა ფორვარდმა შრანცმა მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა: პირისპირ გავიდა გიორგი ნადირაძესთან, მოატყუა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, თუმცა დავით უბილავამ იყოჩაღა და ხაზიდან გამოიტანა ბურთი. ქართველები თავიდან ვერა, მაგრამ დაახლოებით მე-15 წუთიდან გააქტიურდნენ. გამოირჩეოდა გიორგი ჭანტურია, რომელმაც ორჯერ გაამწავავა სიტუაცია, მაგრამ კარს ააცილა, ხოლო მესამედ უკვე ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა. ვაკომ ბურთი გაისწორა და საჯარიმოს მისადგომებიდან ცაციით დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:0.

დაწყება კარგი, მაგრამ გაგრძელება? სულ 3 წუთით გაგრძელდა სიხარული: სლოვაკებმა მარჯვნიდან კარგი კომბინაცია წამოიწყეს, პაურმა დარტყმა ვერ მოახერხა, თუმცა მესაროშს ხელი ვეღარავინ შეუშალა და ნადირაძე უძლური იყო – 1:1.

ტაიმის ბოლო 20 წუთი ქართველთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა ჩანდა, რომ ეს უფრო ინდივიდუალური მოქმედებების შედეგი იყო, ვიდრე გუნდურისა. ისევ ჭანტურია გააქტიურდა, ორი მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს მიახლოებულმა დაარტყა. რიკოშეტი და ბურთი ოდნავ ასცდა კარს.

მეორე ტაიმის საწყის 20 წუთზე უკვე ვთქვით: სლოვაკებმა აშკარად მოუმატეს, ხოლო როგორც კი ქართველები რაიმე სახიფათოს დააპირებდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ. ორჯერ გადარჩნენ ქართველები, აი, მესამე ჯერზე კი სლოვაკებმა გაიტანეს: ყაზაიშვილს ჩვენს ნახევარზევე წაართვეს ბურთი, სწრაფად გაითამაშეს ბურთი და დუდამ შორიდან ცაციით გაისროლა – რიკოშეტი დაეხმარა და 1:2. მალევე, ნადირაძემ გადაარჩინა გუნდი, როცა მალეკის თავური მოიგერია.

ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლებოდა და ქართველები ცოტა გამოფხიზლდნენ. 75-ე წუთზე კი ვნახეთ ეპიზოდი, როცა ბულგარელმა მსაჯმა პოპოვმა სტუმრები აშკარად დაინდო: გიორგი ჭანტურია მეკარესთან პირისპირ დარჩა, მცველი წამოეწია და ეუხეშა, პოპოვმა კი, ვითომც არაფერიაო, თამაში გააგრძელებინა. აშკარა პენალტი იყო და ამასთან, სლოვაკი წითელ ბარათს იმსახურებდა, თუმცა რა მივიღეთ? ჭანტურიას გააფთრება და გაფრთხილება. ძლივს დააკავეს ქართველთა 10 ნომერი...

მომენტები კიდევ იყო: ყაზაიშვილმა ახლო კუთხეში დაურტყა მეკარეს და მანაც რთული ბურთი მოიგერია, შემდეგ კი სტუმართა გოლკიპერი ჭანტურიას მძლავრ დარტყმულსაც გაუმკლავდა და კუთხურზე მოიგერია. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გოლი მაინც გავიდა, მაგრამ ქართველთა კარში... მარჩინმა მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, საბა კვირკველია იოლად მოატყუა და საჯარიმოში შეაგორა ბურთი, იქ კი შრანცმა იმარჯვა და ზუსტად დაარტყა – 1:3.

უნდა ვთქვათ, სლოვაკეთს მართლაც კარგად ორგანიზებული, ფიზიკურად ძლიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა მსაჯიც წაეხმარათ. ეს იმ ეპიზოდში აშკარა იყო.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი. 

18.11.2013. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 2000 მაყურებელი

საქართველო-სლოვაკეთი 1:3 (1:1)

საქართველო: ნადირაძე, კვეკვესკირი, კობახიძე, კვირკველია, უბილავა, პარუნაშვილი, ჯიღაური, ყაზაიშვილი, ანანიძე (პაპავა 46), ჭანტურია, ქვილითაია (სხირტლაძე 57).

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

სლოვაკეთი: ლე გიანი, პაუშეკი, ტეიშეირა, ჰროშოვსკი, დიომბერი, პაური, დუდა (სკვარკა 66), მესაროში (შაბო 90+4), მაზანი, შრანცი, მალეკი (მარჩინი 77).

მწვრთნელი: ივან გალადი.

გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (22), 1:1 მესაროში (25), 1:2 დუდა (62), 1:3 შრანცი (90+3).

გაფრთხილება: პაური (30), კვეკვესკირი (67), ჭანტურია (75), სკვარკა (80).

მსაჯი: პოპოვი (ბულგარეთი).

 

 

 1.           სლოვაკეთი                        6       4       1      1      17:6      13    
 2.      ჰოლანდია  4  3  1  0  13:2  10
 3.  შოტლანდია  5  2  1  2   7:8   7
 4.  საქართველო  6  2  1  3   7:12   7
 5.  ლუქსემბურგი  5  0  0  5   1:17   0


0.142526