კალათბურთი

13:47 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები – გვაჯობეს და მოიგეს, ჩეხები – გაჯობეთ და მოგიგეთ

ჩეხეთის და საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთა მატჩის შეფასებისას მეტოქეთა აზრი ერთმანეთს დაემთხვა. მასპინძლებმა სტუმრებს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. და მაინც, რა ითქვა, ნიმბურკული თამაშის შემდეგ, რომელიც ქართველმა კალათბურთელებმა პირწმინდად – 67:86 დათმეს.

იგორ კოკოშკოვი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ჩვენი დღევანდელი თამაშით იმედგაცრუებული ვარ. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მეტოქის მწვრთნელ რონენ გინზბურგს და ჩეხეთის ნაკრებს წარმატება მივულოცო. თბილისური თამაშის შემდეგ, მათ გაცილებით უკეთ იასპარეზეს და 19-ქულიანი გამარჯვება დაიმსახურეს. ჩვენი უპირველესი მიზანი მოგება იყო, შემდეგ კი – 11 ქულაზე ნაკლებით მარცხი, თუმცა, ვერცერთ მათგანს ვერ ვუწიეთ. მათ თამაშის ყველა კომპონენტში გვაჯობეს. შემადგენლობის როტაციის დიდი შესაძლებლობა არ მქონია, ბევრი შეცდომა დავუშვით და ტყორცნებიც ბევრი ავაცილეთ – წაგების ძირითადი მიზეზები ეს იყო. სამწუხაროდ, ჩვენი ბედი სრულად ჩვენს ხელთა აღარაა, თუმცა, ვეცდებით, საბრძოლო სული შევინარჩუნოთ და დარჩენილ ორ საშინაო მატჩში საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ”.

გიორგი ცინცაძე: “დღეს, ჩეხებმა ჩვენზე უკეთ ითამაშეს. ისინი მთელი თამაშის განმავლობაში, გაცილებით სწრაფები და მობილიზებულნი იყვნენ. მათი გამარჯვების ძირითადი მიზეზიც ეს იყო”.

რონენ გინზბურგი (ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ძლიერი გუნდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ და ეს, ძალიან მახარებს. ვიცოდით, რომ მათი ძირითადი გამთამაშებელი წნეხის ქვეშ უნდა მოგვექცია და თბილისური მატჩისგან განსხვავებით, სამწამიან ზონაშიც მეტად გვეაქტიურა. ამ ასპექტებში დიდი სამუშაო გავწიეთ. კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ დასრულებული არაფერია. ახლა, ყველაფერი ჩვენს ხელთაა და მომდევნო მატჩებში წაფორხილების უფლება აღარ გვაქვს”.

ირჟი ველში: “მოგება დავიმსახურეთ. ჩვენ ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ, რომელმაც პირველ მატჩში დაგვამარცხა. ქართველები ზედიზედ მე-3 გასვლით შეხვედრას ატარებდნენ, თანაც წინა ორ მატჩში დიდი ბრძოლები გადაიტანეს. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია მაღალ ტემპში გარჯა იყო. საქართველოს ნაკრების თამაში რამდენიმე კალათბურთელზეა დამოკიდებული, რომლებიც მოედანზე დიდ დროს ატარებენ. მაგალითად, გიორგი ცინცაძემ შეუცვლელად იასპარეზა. ამდენად, სწრაფად უნდა გვეთამაშა და ისინი წნეხის ქვეშ მოგვექცია, რათა მალე დაღლილიყვნენ. უმეტესი დროის განმავლობაში, ჩანაფიქრი იდეალურად შევასრულეთ, რაშიც ტომაშ სატორანსკის დაბრუნებაც დაგვეხმარა – მან ხომ წინა მატჩი გამოტოვა. ტომაშმა თავი ჩინებულად წარმოაჩინა და მებრძოლი სულიც შეგვმატა”.

მატჩის მიმოხილვა

https://www.youtube.com/watch?v=bYEjAlnBkgo

0.13115