ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ზოგიერთი ქართველი ლეგიონერის კლუბი 1/16 ფინალში გავიდა, ზოგიც გამოეთიშა ბრძოლას. საინტერესო იყო ფლორენციაში გამართული მატჩი, სადაც “ფიორენტინამ” 2:1 სძლია “დნიპროს”. მართალია, ორივე გუნდი ისედაც გასული იყო ჯგუფიდან, მაგრამ საქართველოს ნაკრების კაპიტნის თამაში საინტერესო იყო. ჯაბა კანკავა შეუცვლელად გაისარჯა და კარგადაც გამოიყურებოდა, არაფერს უთმობდა “იების” შუახაზელებს. სანდრო კობახიძე კი სათადარიგო გახლდათ და მინდორზე არ შეუყვანიათ.
“დნიპრო” კონოპლიანკას ოსტატური გოლით იგებდა, თუმცა შემდეგ ხოაკინმა და კუადრადომ შეაგდეს და “ფიორენტინა” პირველ ადგილზე გავიდა.
გია გრიგალავას “ანჟიც” ასევე უკვე გასული იყო ჯგუფიდან. მახაჩყალურმა კლუბმა ლონდონში 1:4 წააგო “ტოტენჰემთან”. ქართველმა მარცხენა მცველმა შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილება მიიღო. გრიგალავას ყველაზე ხშირად ლონდონელთა ახალგაზრდა შემტევის, ანდროს თაუნსენდის წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა. მატჩის გმირი რობერტო სოლდადო გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი მიითვალა.
ვარშავის “ლეგიას” 5 ტურში ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი, ამჯერად კი გასვლაზე 2:0 სძლია კვიპროსის “აპოლონს”. ლადო დვალიშვილმა 90 წუთი გაატარა მინდორზე, თუმცა გოლი, ან საგოლე პასი არ მიუთვლია. “ლეგია” მაინც ბოლოზე დარჩა ჯგუფში.
ყაზანის “რუბინმა” ჯგუფის ბოლო ტურშიც იმარჯვა: ბელგიაში 2:0 სძლია “ზულტე-ვარეგემს” და 14 ქულით გავიდა პირველ ადგილზე. საბა კვირკველიას არ უთამაშია – განაცხადშიც არ იყო.