სხვა

14:52 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული წყვილი ოლიმპიადის მიღმა დარჩა

გერმანიის ქალაქ ობერსტდორფში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე ქართულ წყვილს ოთარ ჯაფარიძის და ანგელინა ტელეგინას შემადგენლობით, სოჭში 2014 წელს დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიადის საგზურის მოპოვებამდე ცოტა დააკლდა.

შეგახსენებთ, რომ ფიგურული ციგურაობის ქართულმა დუეტმა ყინულზე ცეკვის მოკლე პროგრამა 45.47 ქულით და მე-13 ადგილზე დაასრულა, თავისუფალ პროგრამაში კი 73.19 ქულით მე-10 შედეგი აჩვენა. საბოლოოდ, ჯაფარიძემ და ტელეგინამ 118.66 ქულა მიითვალეს და სალიცენზიო ზონაში გასულ ესპანურ წყვილს მხოლოდ 1.1 ქულით ჩამორჩნენ.

ცნობისთვის, ესპანელები მე-8 ადგილზე აღმოჩნდნენ და მათ გარდა ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება ჩინურმა (მე-4), თურქულმა (მე-5), ავსტრალიურმა (მე-6) და იაპონურმა (მე-7) დუეტებმა მიიღეს, ხოლო პირველ სამეულში გასულ ამერიკულ, რუსულ და კანადურ წყვილებს სოჭის საგზურები ისედაც ჯიბეში ედოთ.

ამგვარად, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს მომავალ ზამთრის ოლიმპიადაზე ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება. ელენე გედევანიშვილმა ობერსტდორფის ტურნირზევე ქალთა პროგრამა საერთო ჩათვლაში მე-6 ადგილზე დაასრულა, სალიცენზიო შეჯიბრში კი სულაც მე-2 მაჩვენებელი ჰქონდა და მიზანსაც იოლად უწია.

0.108614