ფინეთის ვეიკაუსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-9 ტურში, ტურკუს “ინტერმა”, სადაც ირაკლი სირბილაძე თამაშობს, საკუთარ მოედანზე “იუვასკიულიას” 3:1 აჯობა. ქართველმა თავდამსხმელი მოედანზე 90 წუთი დაჰყო. “ინტერს” 14 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-3 ადგილზეა.
იუკონენლიგის (პირველი ლიგა) მე-6 ტურში, “კოოტეეპეემ” გასვლაზე “ვიკინგიტთან” 1:1 ითამაშა. სტუმართა შორის გიორგი ოსიტაშვილი შეუცვლელად გაისარჯა. “კოოტეეპეეს” 10-გუნდიან ჩემპიონატში 11 ქულით მე-2 პოზიცია უკავია.
“კაიაანი” “ოულუსთან” სტუმრად 2:3 დამარცხდა. კახა სამსონია “კაიაანის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროისთვის წამატებულ პირველ წუთზე შეცვალეს. “კაიაანი” 4 ქულით მე-8 ადგილზეა.
ლიტვის A ლიგის მე-14 ტურში, “ბანგამ”, სადაც ქართველი ლეგიონერები მრავლად არიან, შინ “კრუოიას” ვერ მოუგო – 0:0.
მასპინძელთა შემადგენლობაში თამაზ ჩარგეიშვილი მოედანზე პირველივე წუთიდან იმყოფებოდა, მე-60 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 78-ეზე - შეცვალეს. ვაჟა ბედოიძე თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. გიორგი ნიქაბაძე სათადარიგოთა შორის ყოფნით შემოიფარგლა. ირაკლი ღერკენაშვილი 18-კაციან განაცხადში ვერ მოხვდა.
“ბანგას” 14 ქულა აქვს და 9-გუნდიან ჩემპიონატში მეშვიდეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში, “ატირაუმ”, რომელშიც გიორგი ფეიქრიშვილი გამოდის, შინ ალმატის “ქაირათთან” 1:1 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი შეუცვლელად გაისარჯა. “ატირაუს” 14 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-9 ადგილზეა.
“ჟეტისუმ”, რომლის მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძეა, შინაურ კედლებში “ვოსტოკს” ვერ მოუგო – 0:0. “ჟეტისუ” 12 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
ბელარუსის პრემიერლიგის მე-10 ტურში, ბრესტის “დინამომ” მოზირის “სლავია” მიიღო და 1:0 სძლია. გამარჯვებულთა სასტარტოში იყვნენ უჩა გოგოლაძე და დათა სიჭინავა. პირველი მათგანი 71-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე – 76-ეზე. “დინამოს” 8 ქულა აქვს და 12 გუნდში ბოლოსწინაა.
“დინამოსა” და “სლავიას” დუბლშემადგენლობათა დაპირისპირება პირველის გამარჯვებით დასრულდა (1:0) და ერთადერთი გოლი ოთარ ჩაფიძემ გაიტანა. მან მეტოქის კარი 48-ე წუთზე აიღო. ჩაფიძე 27-ე წუთზე გააფრთხილეს, 49-ეზე კი, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
შვეიცარიის ჩელენჯლიგის (პირველი ლიგა) 34-ე ტურში, “ბელინცონა” თავის მოედანზე “ვოლენს” დაუზავდა – 2:2. გიორგი ივანიშვილი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაშმა არ მოუწია. “ბელინცონას” 69 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.
უნგრეთის NBI-ის 29-ე ტურში, “კეჩკემეტი” შინაურ კედლებში “ვიდეოტონთან” 1:5 დამარცხდა. გივი იოსელიანმა ორი ტაიმის “კეჩკემეტის” სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მის გუნდს 41 ქულა აქვს და 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.