ძიუდო

19:51 | 21.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ძიუდოს ისტორიაც მზიათი იწყება

პირველად დამოუკიდებელი ქართული ძიუდოს ისტორიაში, ძიუდოისტი გოგონა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. ტალინში დღეს დაწყებულ იუნიორთა ევროპირველობაზე 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მზია ბებოშვილმა 5 შეხვედრიდან 4-ში იმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძირითად ბადეში გამოსვლა ბებოშვილმა ლიტველ ჯესტინა კუტკაიტესთან შეხვედრით დაიწყო და მეტოქეს იპონით გასცდა. ბელგიელი მინა ლიბერი და რუსეთის ნაკრების წევრი კრისტინა შილოვა გაფრთხილებებით ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი სლოვენიელ ანდრეჟა ლესკისთან ვაზარით დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც ბულგარელ ბეტინა ტემელკოვას 41 წამში მოუმთავრა საქმე.

დღესვე, ესტონურ კვარცხლბეკზე ვაჟთა ნაკრების წევრი რობიზონ ბეგლარიშვილიც (50 კგ) ავიდა. ისიც მესამე საფეხურზე. ოქრო-ვერცხლის შანსი მეოთხედფინალში დაკარგა, ჰოლანდიელ მეტის ვან ჰარტენთან წაგებით. იქამდე უნგრელ პეტერ ბოგნარსა და იტალიელ მანუელ ლომბარდოს ვაზარ-ვაზარ აჯობა. “ბრინჯაოს ნახევარფინალში” თურქ ენეშ ჩელიკს იუკოთი სძლია. გადამწყვეტი გამარჯვება კი იპონით მოიპოვა, აზერბაიჯანელ ხაზარ ჰასანოვთან. ცნობისთვის, ბეგლარიშვილი ჭაბუკთა ასაკისთვის ჯერ საგრძნობლად პატარაა - 1998 წელსაა დაბადებული და იმ გუნდის წევრად ითვლება, 2015 წელს, თბილისში ჩასატარებელ ბავშვთა ოლიმპიურ ფესტივალზე რომ უნდა გამოვიდეს.

დღესვე საქართველოს ნაკრებს გუნდურ პირველობაში ჩასათვლელი ქულა კიდევ ერთმა ძიუდოისტმა მოუტანა - გოგონათა გუნდის წევრი სალომე მარგიანმა ბებოშვილის მსგავსად, 48 კილოგრამში გამოვიდა და საბოლოოდ მე-7 ადგილი დაიკავა. არადა რეპეშაჟის ნახევარფინალში, ბულგარელი ბეტინა ტემლეკოვა რომ დაემარცხებინა, ბრინჯაოს მედლისთვის ქართული წყვილი იჭიდავებდა. ძირითად ბადეში მარგიანმა სამი ბრძოლა ჩაატარა. გერმანელ იანა ზიგლერს სუფთად მოუგო, თურქ ჩიჩეკ ტატარს “ოქროს დროში”, მერვე წუთზეღა აჯობა, მეოთხედფინალში კი უნგრელ რეკა პუპთან ვეღარას გახდა.

სამდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს ევროტატამზე ბექა ნათათრალაშვილი (55 კგ), ზვიად ხუბულური და გიორგი კაციაშვილიც (ორივე 60 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე მეოთხედფინალამდე დამარცხდა და შესაბამისად, ოქრო-ვერცხლთან ერთად, ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგეს. შაინტერესოა, რომ ნათათრალაშვილის მომგები იტალიელი ელიო მანცი ევროპის ჩემპიონი გახდა. ხუბულურის მძლეველი ებრაელი დანიელ ბენ დავიდი კი ბრინჯაოს პრიზიორი.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა ორ და გოგონათა სამ წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: სიმონ მამარდაშვილი, კობა მჭედლიშვილი (ორივე 66 კგ), თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ), მარიამ ჯანაშვილი, გურანდა შოთაძე (ორივე 52 კგ) და ხატია ჯანაშვილი (63 კგ).

 

http://www.youtube.com/watch?v=pXdXppUB3PM

0.114852