სხვა

17:30 | 29.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ წყალბურთს მეტი ყურადღება სჭირდებაო

 

წყალბურთი ჩვენში ყოველთვის უყვარდათ. ადრეულ წლებში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების დროს, გვახსოვს, აუზებში ტევა არ იყო ხოლმე. ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა. მერე კი, ნელ-ნელა ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ახლა, სპორტის ეს სახეობა, რომელიც უპირველესად, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, რამდენიმე ენთუზიასტის მხრებზე დგას. აღარ არსებობს აუზები, მოშლილია წყალბურთის სასკოლო სისტემა. ბავშვები გარკვეულ კერძო ჯგუფებში ემზადებიან, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და ბევრს ხელი არ მიუწვდება. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს, გარკვეული წარმატებები მაინც გვაქვს. მაგალითად, ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დაძლია. ჯერ თბილისში, დიდი ბრიტანეთი 12:3, პოლონეთი 16:10 და ჩეხეთი 16:5 დაამარცხა, სლოვაკებთან კი ფრედ, 7:7 ითამაშა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შემდეგ, მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში, ისრაელს 13:8, უკრაინას 15:8, ბელარუსს 24:7 და მალტას 16:12 მოუგო და აქაც იპირველა. ახლა, ნოემბერში, მესამე ეტაპი გვიწევს და თუ ვივარგეთ, ფინალურ ეტაპამდეც აღარაფერი რჩება. ეს კი, ქართული სპორტის გუნდურ სახეობებში, დიდი წარმატება იქნება. ამასთან დაკავშირებით, “მსოფლიო სპორტი” ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, წარსულში ცნობილ წყალბურთელ ვლადიმერ ისელიძეს და ფედერსაციის პრეზიდენტ დავით რურუას ესაუბრა. მათ “ლაგუნა ვერეს” აუზში მივაკვლიეთ, სადაც, როგორც თავად ამბობენ, დროებით არიან შეკედლებულნი.

-ბ-ნო ვოვა, თქვენ საქართველოს ნაკრებს იანვრიდან წვრთნით

-დიახ და ჯერჯერობით, საქმეები ურიგოდ არ მიდის. 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2 საკვალიფიკაციო რაუნდი დავძლიეთ. შედეგად, საერთო ჩათვლაში,  რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად, ლიდერები ვართ. ნოემბერში პორტუგალიაში მესამე რაუნდსაც ვითამაშებთ. თუ წარმატებით გამოვედით, შემდეგ უკვე პლეი ოფი და ფინალური ეტაპია, რომელიც გაისად ივლისში, ბუდაპეშტში გაიმართება.

-ბოლო დროს, საქართველოში, წყალბურთის შესახებ ხშირად აღარაფერი ისმის…

-გეთანხმებით. ადრე, როცა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ტარდებოდა, გაცილებით მეტი მატჩები იმართებოდა. აუზებზე ტევა არ იყო, ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა. ახლა, ერთი რომ, სახსრები არ არის, მეორეც, აუზები კერძო მფლობელობაში გადავიდა და უფულოდ არავინ შეგიშვებს. აქაც დროებით შეკედლებულები ვართ (იგულისხმება “ლაგუნა ვერა”  – რედ.). არადა, ძალიან საინტერესო და სასარგებლოა ახალგაზრდებისთვის. უფრო ქალაქური სპორტია და საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს. ბევრი კარგი წყალბურთელიც გვყავდა, მაგრამ მაშინ ისინი საბჭოთა კავშირის ნაკრებში ასპარეზობდნენ. ახლა, შანსი გვაქვს ჩვენი სახელით გამოვიდეთ, მაგრამ ცოტა მეტი ყურადღება და ხელშეწყობაა საჭირო. მაგალითად, ნაკრებისთვის წყალბურთელებს ათასებიდან უნდა ვარჩევდეთ და არა ათეულებიდან.

-საქართველოს ჩემპიონატში რა ხდება?

-ჩემპიონატში 6 გუნდი მონაწილეობს. აქაც ფინანსების, უფრო სწორად, უფინანსობის ფაქტორია. ძირითადი ორი გუნდია - თბილისის “ლიგამუსი” და “თბილისი.” სწორედ ესენი არიან ნაკრების საბაზო გუნდები. “თბილისს” ქალაქის მერია აფინანსებს, “ლიგამუსს” (ისელიძე “ლიგამუსის” მთავარი მწვრთნელიცაა – რედ.) ადრე ილიას უნივერსიტეტი აფინანსებდა, ახლა კი, სპორტის დეპარტამენტი. თავიდან, მხოლოდ “ლიგამუსი” იყო, მაგრამ იმისათვის, რომ ჩემპიონატი ჩატარებულიყო, ხელოვნურად გავყავით - ნახევარი გუნდი “თბილისში” გადავიდა. კარგი, პერსპექტიული ბიჭები არიან. ჩემპიონატი “ოლიმპიკის” აუზზე ტარდება და თავისი მაყურებელი ჰყავს, ძირითადად, მშობლები და ახლობლები.

-ნაკრებში ნატურალიზებული უცხოელებიც გვყავს.

-დიახ, სამი ხორვატია, ერთი ჩერნოგორიელი. თუმცა გეტყვით, რომ მათ არც ჩვენიანები უდებენ ტოლს. გვყავს 1996-97 წლიანების ნაკრებიც, საიდანაც სულ მალე, 4-5 მოზარდი შემოგვემატება. შემდეგ უფრო პატარები მოდიან და მეტი ყურადღება, მეტი შეკრებები და თამაშები სჭირდებათ, რათა თაობათა ცვლა არ დაირღვეს.

შემდეგ, საქართველოს წყალბურთის ფედერაციის პრეზიდენტ დავით რურუას ვესაუბრეთ, რომელიც ამ თანამდებობაზე შარშან დეკემბერში აირჩიეს და გამოცოცხლება უკვე იგრძნობა.

-საინტერესოა, რამდენი მოქმედი აუზი გვაქვს საქართველოში წყალბურთელებისთვის?

-შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მხოლოდ ერთი - ”ოლიმპიკი.” ყველა შეჯიბრი იქ ტარდება და ძალიან გადატვირთულია. დანარჩენები, თითქმის ყველა კერძო გახდა და წყალბურთელების იქ შესვლა, მაინცდამაინც არ სიამოვნებთ, ბურთით კაფელს დააზიანებთო და ა.შ.  

-სულ რამდენი ნაკრები გვყავს?

-ამჟამად სამი: ეროვნული, ახალგაზრდული (1996-97) და ჭაბუკთა (1998-99). ალბათ, სექტემბერ-ოტომბერში ამათ 2000-01 წლებში დაბადებულთა ნაკრებიც დაემატება. ახლახანს, ჭაბუკთა ნაკრებმა სტამბოლის ტურნირში ითამაშა, სადაც მათი მეტოქეები სერბეთი, რუსეთი და თურქეთი იყვნენ. მართალია, სამივე თამაში წავაგეთ, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ უკმაყოფილოები ვართ. ბიჭები პირველად მონაწილეობდნენ საერთაშორისო ტურნირში, ძალიან ნერვიულობდნენ და ეს ბუნებრივიცაა. 7-15 სექტემბერს, მალტაზე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართება, სადაც ჩვენი ნაკრებიც იასპარეზებს. სულ ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, ისინი 4 ჯგუფად არიან დაყოფილნი და საუკეთესო 2-2 შემდგომ ეტაპზე გავა. ჩვენ საკმაოდ ძლიერ ჯგუფში მოვხვდით იტალიასთან, უნგრეთთან და გერმანიასთან ერთად.

ეროვნულ ნაკრებს კი, მესამე საკვალიფიკაციო რაუნდი 7-10 ნოემბერს უწევს პორტუგალიაში. ორიოდ დღის წინათ გახდა ცნობილი, რომ ჩვენი მეტოქეები სლოვაკეთი, მალტა, ბელარუსი, შვეიცარია და მასპინძელი პორტუგალია იქნებიან. თუ მოვახერხეთ და ფინალურ ეტაპზე გავედით, დამერწმუნეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იქნება დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის გუნდური სახეობების ისტორიაში.

ახლა ვფიქრობთ, როგორ გავიაროთ მოსამზადებელი ეტაპი. ბაკურიანში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ იქ აუზი არ არის და მხოლოდ ფიზმომზადებით თუ შემოვიფარგლებით. სომხეთში არის ერთი კარგი სტანდარტული აუზი და შეიძლება იქაც ვცადოთ. ვნახოთ. შემდეგ სერბეთში წავალთ.

- ფინანსები?

- “ლიბერთი ბანკი” შეგვპირდა დახმარებას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით. სხვა ბანკებსაც მოვუწოდებდი, რომ წყალბურთს გვერდში დაუდგნენ. ძალიან გვეხმარება “ქართუ ფონდი.” მაგალითად, სპორტის სამინისტრომ საწყლოსნო სახეობებისთვის 500 ათასი ლარი გამოყო, “ქართუ ფონდმა” კი, უშუალოდ წყალბურთისთვის 250 ათასი დაამატა.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117023