კალათბურთი

14:22 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ საკალათბურთო სამყაროში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება

 

რაც უფრო ახლოვდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მიმდინარე წლის 14 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს, სიტუაცია ქართულ საკალათბურთო სამყაროში კიდევ უფრო იძაბება.

ვეტერანმა კალათბურთელებმა: კახაბერ შენგელიამ, მიხეილ ახვლედიანმა, ვლადიმერ ბოისამ და მიხეილ გაბრიჩიძემ უკვე გამოთქვეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი. გამორიცხული არაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა საპრეზიდენტო, საარჩევნო წესდებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ცვლილებების განხორციელების მიზნით, 2013 წლის 10 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მე-8, რიგგარეშე ყრილობა. ყრილობაზე დამსწრე დეპუტატთა ქვოტა 32 კაცით განისაზღვრა. ქართული კალათბურთის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ, დაგეგმილი რიგგარეშე ყრილობა ჩაშლილად გამოაცხადა. ყრილობის ჩაშლის მიზეზად, ოპოზიციის მხრიდან დელეგატებზე ზეწოლა გამოცხადდა.

ყრილობა დელეგატთა ნაწილმა დატოვა, ნაწილი კი დარჩა. რადგან დარჩენილ დელეგატთა რაოდენობა ნახევარზე მეტს, კონკრეტულად კი 18 კაცს შეადგენდა, დარჩენილმა დელეგატებმა მე-8, რიგგარეშე ყრილობა ჩაატარეს.

აღნიშნულმა ყრილობამ უარი თქვა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილ ახალ საარჩევნო წესდების პროექტზე და მიიღო გადაწყვეტილება მოქმედ წესდებაში შესწორების მიზნით შესულიყო ფიბა-სა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ მე-8 რიგგარეშე ყრილობა ჩატარებულად არ სცნო და ახალი რიგგარეშე ყრილობისთვის მზადება დაიწყო. იმისთვის, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ გამოიტანოს გადაწყვეტილება ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღთან და საპრეზიდენტო არჩევნების წესდებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგთან დაკავშირებით, სკფ-ს გამგეობამ მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრის სხდომაზე დაგეგმა შეხვედრები საქართველოს საკალათბურთო საზოგადოების წარმომადგენლებთან. უკვე ჩატარდა შეხვედრები ვეტერან კალათბურთელებთან (4 ოქტომბერი, თბილისი), მოქმედ და ვეტერან მსაჯებთან, კომისრებთან და მსაჯ-მდივნებთან (11 ოქტომბერი, თბილისი), დასავლეთ (16 ოქტომბერი, ქუთაისი) და აღმოსავლეთ (22 ოქტომბერი, რუსთავი) საქართველოს საკალათბურთო წრეებთან.

4 ნოემბერს, თბილისში დაგეგმილია შეხვედრა თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან.

პირველ ნოემბერს სუპერლიგის მონაწილე კლუბებმა და ბავშვთა საკალათბურთო სკოლების გარკვეულმა ნაწილმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და გამგეობის წევრების მიმართ გააკეთეს განცხადება, რომლის ტექსტსაც ქვემოთ გთავაზობთ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115268