ჭიდაობა

18:02 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართულ ევროგანაცხადში 1 ადგილი ვაკანტურია

 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტებული გუნდით გაემგზავრება. 7-8 დეკემბერს, სპორტკომპლექს “არენაში” შიდა კონკურენცია ძველ წონით კატეგორიებში შედგა. სამიოდ დღის წინ კი ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალი წონები დაამტკიცა, მაგრამ ამის მიუხედავად, ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტილებას შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რევაზ მინდორაშვილმა აცნობა.

“წონითი კატეგორიები ძირითადად თითოოროლა კილოგრამით შეიცვალა, რაც საგანგაშო ნამდვილად არაა და შესაბამისად, საქართველოს ჩემპიონები განახლებულ წონით კატეგორიებშიც ევროპირველობაზე ჭიდაობის უმთავრეს კანდიდატებად დარჩებიან. ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლე 70 კილოგრამი წონითი კატეგორიაა. ეს მერვე წონაა, რომელშიც ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მედლები გათამაშდება და ჩვენც, სწორედ ამ ახალ წონაში უნდა გადავხედოთ შიდა კონკურენციას. უკვე დავგეგმეთ კიდეც საკონტროლო შეხვედრები, რომლებიც 28 დეკემბერს, ვაკის ფალავანთა კლუბში გაიმართება. ეს იქნება მინი-ტურნირი, რომელსშიც ყველა კანდიდატი ჩაერთვება. შეჯიბრება უმაღლეს დონეზე ჩატარდება, რადგან შეხვედრებს ის მსაჯები მოემსახურებიან, რომლებმაც საქართველოს პირველობაზე იმსაჯეს” – განაცხადა რევაზ მინდორაშვილმა.

ევროგანაცხადში მოსახვედრ კონკურენციაში სავარაუდოდ 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის პრიზიორები და უმედლოდ დარჩენილი მოჭიდავეები ჩაერთვებიან. ასევე 74 კილოგრამში მოჭიდავეთა ის ნაწილიც, ვინც წონის კიდევ 4 კილოგრამით დაკლებას მოახერხებს.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ფილას მიერ დამტკიცებულ ახალ წესებზეც ვკითხეთ. რევაზ მინდორაშვილის განცხადებით, შეფასების სისტემასა რამდენიმე წესის მცირედით შეცვლასთან შეგუება ძნელი არ იქნება.

რაც შეეხება ნაკრების ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ გეგმას, 6 იანვრიდან საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორები ბაკურიანში გაივლიან ორკვირიან შეკრებას, რომელზეც ძირითადი ყურადღება ფიზიკურ მომზადებას დაეთმობა. თებერვლიდან და მარტამდე კი გუნდი სავარაუდოდ კიდევ ორ შეკრებაზე გაემგზავრება და სამ საერთაშორისო ტურნირზეც გამოვა.

შეგახსენებთ, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, თავისუფალ ჭიდაობაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებსა და საერთაშორისო ტურნირებზე ჩემპიონ-პრიზიორები რვა წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან: 57, 61, 65, 70, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში. ოლიმპიურ თამაშებზე კი მედლები მხოლოდ 6 წონაში: 57, 65, 74, 86, 97 და 125 კილოგრამებში გათამაშდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125887