რუსეთის პირველი დივიზიონის მე-9 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ”, რომელშიც გოგიტა გოგუა და გიორგი ნავალოვსკი გამოდიან, საკუთარ მოედანზე დავით სირაძისა და გუჯა რუხაიას ნალჩიკის “სპარტაკს” ვერ მოუგო – 1:1.
ხაბაროვსკელთა ორივე ქართველმა ფეხბურთელმა შეუცვლელად ითამაშა და გოგუა, რომელიც 85-ე წუთზე გააფრთხილეს, ინტერნეტგამოცემა onedivision.ru-მ ხაბაროვსკელთა შორის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. სირაძე ნალჩიკელთა შორის 87-ე წუთზე გამოჩნდა. რუხაია 18-კაციან განაცხადში კვლავ არ იყო. “სკა-ენერგია” 13 ქულით 19 გუნდში მე-7 ადგილზეა, ხოლო ნალჩიკელებს 8 ქულით მე-16 პოზიცია უკავიათ.
ორენბურგის “გაზოვიკი”, სადაც ზურაბ არზიანი ირჯება, შინ კრასნოიარსკის “ენისეის” დაუზავდა – 2:2. ქართველი ნახევარმცველი თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. “გაზოვიკი” 14 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.
კალინინგრადის “ბალტიკამ” ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიას” უმასპინძლა და 1:0 აჯობა. მასპინძლებში მეკარე გიორგი შელიამ სრულად იასპარეზა. მის მსგავსად, “ლუჩ-ენერგიაში” გურამ თეთრაშვილი თავიდან ბოლომდე გაისარჯა. “ბალტიკა” 12 ქულით მეცხრეა, “ლუჩ-ენერგია” კი, 8 ქულით – მეთხუთმეტე.
ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკი”, თავის მოედანზე, მოსკოვის “ტორპედოს” უგოლოდ დაშორდა. სტუმრებში მერაბ ურიდიამ პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “ნეფტეხიმიკი” 8 ქულით მე-18 ადგილზეა.