ამერიკელი კალათბურთელი ჯეიკობ პულენი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც გააჩნია და თეორიულად, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების მაისურით თამაშიც შეუძლია, ესპანური “ბარსელონას” წევრი გახდა. მან კატალონიელებთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ პულენმა გასული სეზონის ბოლო იტალიურ “ოკნოპლასტ ბოლონიაში” გაატარა და საშუალოდ 22.4 ქულას, 1.8 მოხსნას, 1.9 პასს და 1.6 ჩაჭრას აგროვებდა. მანამდე ჯეიკობი იერუსალიმის “ჰაპოელის” მაისურით ირჯებოდა და ისრაელის ჩემპიონატში მისი საშუალო მონაგარი 12.6 ქულა, 1.5 მოხსნა, 4.0 პასი და 1.1 ჩაჭრა გახლდათ. ამერიკელმა უკანახაზელმა 6 მატჩი ევროთასზეც ჩაატარა, სადაც ასეთი მაჩვენებლები ჰქონდა: 13.0 ქულა, 2.0 მოხსნა, 2.8 პასი და 1.8 ჩაჭრა.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის პულენმა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარმატებულ თამაშში დიდი წვლილი დაიდო. ჯეიკობმა შესარჩევ ჯგუფში რვავე შეხვედრა ჩაატარა და საშუალოდ 16.4 ქულას, 2.0 მოხსნას და 2.9 პასს აგროვებდა.
ცნობისთვის, საზაფხულო პერიოდში ბარსელონელთა თავკაცმა ხავი პასკუალმა უკვე მე-5 კალათბურთელი გადაიბირა. პულენამდე ესპანური გრანდის რიგებში ამერიკელი დორსი, ბერძენი პაპანიკოლაუ, სლოვენიელი ნახბარი და პოლონელი ლამპე ჩაირიცხნენ.