რაგბი

13:53 | 22.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

Pro D2-ს ქართველთა ოთხეული ლიდერობს

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტარული დივიზიონი Pro D2-ში რეგულარული პირველობის მეოთხედი მიილია და სატურნირო ცხრილის საწყის ოთხ ადგილს ქართველი ლეგიონერების გუნდები იკავებენ.

27 ქულით პირველ ადგილზე გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონია”, რომელმაც შვიდიდან ექვსი მატჩი მოიგო. განვლილ ტურში ლიონელები “კოლომიეს” ეწვივნენ და დაძაბულ ბრძოლაში 24:23 იმარჯვეს. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ კოლელიშვილი იყო და სრულად ითამაშა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 10:9 მოიგეს. მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ლიონელებმა 5-მეტრა დერეფანი მოიგეს, მას კოლელიშვილი მოეხსნა, ორ მცველთან კონტაქტში შესულმა ზურგს უკან კარგი პასი გააკეთა, ბურთი ფლანგამდე ჩათამაშდა და ლელო გავიდა.

მე-60 წუთისთვის “კოლომიე” უკვე 6 ქულას იგებდა, მაგრამ სინალო სასტვენამდე ოთხი წუთით ადრე “ლიონმა” კიდევ ერთხელ შეუტია 5-მეტრა დერეფნიდან, ერთი მოკლე დარტყმა კოლელიშვილმაც შეასრულა და ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრები დააკლდა, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და სტუმრებმა ლელო გაიტანეს, ზუსტი გარდასახვის შემდეგ კი, 24:23 დაწინაურდნენ. სულ ბოლოს მასპინძლებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს, მაგრამ ბურთი ძელმა აისხლიტა და 4 ქულა სტუმრების კუთვნილება გახდა.

ტარიელ რატიანიძის “აჟენმა” გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” 36:22 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 25 ქულით მე-2 ადგილზე. რატიანიძე განაცხადში იყო, სტუმართა ქართველი ლეგიონერები მოედანზე პირველივე წუთიდან გავიდნენ, ჩხაიძემ და ნემსაძემ შეუცვლელად, ხოლო მირცხულავამ 61 წუთი ითამაშა. ჩხაიძემ მოედანზე 70 წუთი გაატარა, რადგან მე-60 წუთზე სინბინით დაისაჯა. “აჟენი” მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და სამი უპასუხო ლელო ჰქონდა გატანილი, მაგრამ საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე, ლელო თავადაც გაუშვა. მასპინძლებმა მოინდომეს, დამატებით წუთებზე რეფერიმ საკამათო სიტუაციაში ლელო ჩათვალა და “აჟენმაც” ლელოთა სასურველი სხვაობა აღადგინა. “ტარბს” 12 ქულა დარჩა და მე-10 ადგილზეა.

24 ქულით მესამე საფეხურზე ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელია”, რომელიც სტუმრად “ბურგონს” დაუზავდა - 16:16. სამწუხაროდ, ქართველი ლეგიონერი განაცხადში არც ამჯერად გამოჩენილა.

ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” თორნიკე ლომიძის “ოში” სტუმრად 21:13 დაამარცხა. მეორეხაზელმა დათუნაშვილმა ტრადიციულად სრულად ითამაშა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 70 წუთი გაატარა ნაცარაშვილმა, ლომიძე კი, განაცხადში ვერ მოხვდა. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 61-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯნენ, ამ დროს 12:6 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ 20 წუთში კიდევ სამი ჯარიმა გაიტანეს და ლელო-გარდასახვა ბოლოსღა გაუშვეს. “ორიაკი” 22 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ოში” 10 ქულით ბოლოსწინა მე-15 პოზიციაზეა.

ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” “პოს” დაუხვდა და საკუთარი შეცდომების გამო 19:20 დამარცხდა. სტუმრებმა ორჯერ ჩაჭრეს გადაცემა და ძელებსშუა ორი ლელო გაიტანეს. არადა, ნახევარი საათის შემდეგ მასპინძლები 16:0 იგებდნენ, ხოლო ტაიმი 16:3 მოიგეს. “პომ” პირველი ლელო მეორე ტაიმის დებიუტში, ხოლო მეორე საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე გაიტანა და მინიმალური სხვაობით იმარჯვა. შეყლაშვილმა შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა. “ბეზიეს” 15 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა.

აუტსაიდერი “ალბი” თამაზ მჭედლიძის “ბურგ-ან-ბრესს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში 23:22 იმარჯვა. მჭედლიძემ გარემარბად სრულად ითამაშა. გარემარბის პოზიციაზე სრულად გაისარჯა სანდრო თოდუაც, ხოლო პირველხაზელი გიორგი თეთრაშვილი 48-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. სტუმართა განაცხადში არ იყვნენ ვახტანგ ახობაძე, ხვიჩა ბუჯიაშვილი, ვახტანგ მაისურაძე და კახა კობერიძე. მასპინძლებმა ტაიმი 16:9 მოიგეს, მერე უპირატესობა 10 ქულამდეც გაზარდეს, მაგრამ “ალბიმ” 58-ე წუთზე, ხოლო 72-ე და 77-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, “ალბის” ჯერ მხოლოდ 9 ქულა აქვს და ბოლო მე-16 ადგილზეა, ხოლო “ბურგ-ან-ბრესი” 11 ქულით მე-12 პოზიციაზეა. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 26-27 ოქტომბერსაა დანიშნული.

0.130433