წარმატებული აღმოჩდა ქართველი ლეგიონერებისთვის საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ის ახალი სეზონის სტარტი. სადებიუტო ტურში 18 ლეგიონერიდან, რომლებიც ცხრა კლუბში არიან გადანაწილებული, ორმა ლელო გაიტანა.
Top 14-იდან დაქვეითებული გურამ კავთიძისა და ვიტო კოლელიშვილის “ლიონი”, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი ავარჯიშებს, “კარკასონს” ეწვია და ლელოუხვ მატჩში 52:38 იმარჯვა. მასპინძლების 4 ლელოს სტუმრებმა 7-ით უპასუხეს და მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და კავთიძე 49-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კოლელიშვილი სრულად გაისარჯა, ოღონდ 10 წუთი სინბინში გაატარა.
მასპინძლები 11:10-ს იგებდნენ, როდესაც კავთიძემ რაქიდან სწრაფად გამოსული ბურთი ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდე მეტრში რომ მიიღო და მისი შეჩერება დაზღვევაზე დაგვიანებით გადასულმა მცველმა ვეღარ მოახერხა. ეს 35-ე წუთზე მოხდა, ტაიმი კი, “ლიონმა” 17:14 მოიგო. მეორე ტაიმის დასაწყისში, სანამ კავთიძეს შეცვლიდნენ, სტუმრებმა კიდევ ორი ლელო გაიტანეს და უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდეს. აქედან მეორე ლელოში კოლელიშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის, რომელმაც მეტოქის 22-ში მიიღო ბურთი, შეჯახებით ერთი მბოჭავი ჩამოიცილა, სანამ სამი მცველი შეაჩერებდა რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და თანაგუნდელებსაც ზონები გაუთავისუფლა. 58-ე წუთზე რეფერიმ რექში თამაშისას მის მოქმედებებში წესის დარღვევა შენიშნა და ყვითელი ბარათი უჩვენა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს, საჭირო გამარჯვება მოიპოვეს და ელიტაში დაბრუნებისთვის გასავლელ გრძელ გზაზე პირველი 5 ქულა ჩაიწერეს.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით 20:19 დაამარცხა. შეყლაშვილმა პირველიდან 56-ე წუთამდე ითამაშა, ნემსაძე სრულად გაისარჯა, ჩხაიძემ 70-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მირცხულავა თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, მაგრამ 76-ეზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. პირველი ტაიმი “ბეზიემ” სამის საპასუხოდ ოთხი ჯარიმით 12:9 მოიგო, 51-ე წუთზე კი, ნემსაძემ ცენტრის სიახლოვეს მიიღო ბურთი და დაიძრა, დაცვის ხაზი რომ გაარღვია, მოძრაობა გააგრძელა, სამ მცველს დაუსხლტა, ჯამში 40-45 მეტრი დაფარა და ულამაზესი ლელო გაიტანა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ გამარჯვება მაინც მასპინძლებს დარჩათ, ხოლო “ტარბი” 1 ქულს დასჯერდა.
ტარიელ რატიანიძის “აჟენი” ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბის” ეწვია და 17:12 იმარჯვა. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ ორი იყო - თოდუამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო თეთრაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა თამაზ მჭედლიძის “ბრესანი”, რომელიც “ბურგონს” ქართველი უკანახაზელის გარეშე ეწვია და 13:18 დამარცხდა.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკს” “ნარბონმა” 34:23 სძლია, არადა საათის თავზე ქართველ ლეგიონერთა გუნდი 23:16 იგებდა. ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მეორეხაზელმა დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ხოლო პირველხაზელი ნაცარაშვილი 67-ე წუთზე შეცვალეს. თორნიკე ლომიძის გარეშე “პოსთან” 12:27 დამარცხდა “ოში”, ხოლო ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელს” ასევე ქართველის გარეშე “მონ დე მარსანმა” 31:28 აჯობა. Pრო D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 7-8 სექტემბერს გაიმართება.