კალათბურთი

15:58 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პოლონელთა ტრიუმფი ანტვერპენში

ხორვატიამ ხასიათი გამოისწორა, სლოვენიელებს რუსები გაუნაწყენდნენ

პოლონეთის საკალათბურთო ნაკრებმა, რომელიც მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მეტოქეა, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გამართული “ოთხთა ტურნირი” ტრიმფალურად დაასრულა. დირკ ბაუერმანის შეგირდებმა ისრაელს (75:72), მასპინძელ ბელგიას (66:52) და იტალიას (82:79) სძლიეს და პირველობა არავის დაუთმეს.

აღსანიშნავია, რომ პოლონელებმა სამივე მატჩში დამაჯერებელი თამაში აჩვენეს, თუმცა, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მარცინ გორტატთან და მაჩიეი ლამპესთან ერთად და მათ გარეშე, პოლონეთი სულ სხვადასხვა ნაკრებია.

ისრაელთან საწყის შეხვედრაში გორტატი აშშ-დან ახალი დაბრუნებული გახლდათ (ამერიკელ ექიმებთან სარეაბილიტაციო კურსი გაიარა და მისი ევრობასკეტზე თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას) და ბაუერმანს იგი არ დაუტვირთავს. ამ ფონზე ლიდერობა საკუთარ თავზე ლამპემ და იგნერსკიმ აიღეს და შესაბამისად, 18 და 15 ქულა ჩააგდეს.

პოლონეთმა პირველი ტაიმი 9 ქულის სხვაობით დათმო, თუმცა, მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეს (ქართველი კალათბურთელები ებრაელებს 26 და 28 აგვისტოს საკონტროლო მატჩებში სტუმრად ეთამაშებიან) 3 ქულის სხვაობით აჯობა.

აი, ანტვერპენის ტურნირის მომდევნო მატჩებში კი მოედანზე გორტატიც გამოჩნდა და მისი შეჩერება ვერავინ მოახერხა. პოლონელებმა მასპინძელ ბელგიას, რომელმაც სხვათა შორის ისრაელს და იტალიას მოულოდნელად იოლად მოუგო, უშანსოდ აჯობეს, მარცინმა კი გუნდის ქულების ლამის მესამედი მიითვალა.

პოლონელი გიგანტი შეტევებს ძალიან მარტივად აგვირგვინებდა და 20 ქულა ჩააგდო, თუმცა, მწვრთნელს იგი მაქსიმალურად რომ დაეტვირთა, გაცილებით შედეგიანიც იქნებოდა. ამ შეხვედრაში 11 ქულა მოაგროვა ლამპემ, რომელსაც ესპანურ “კახა ლაბორალში” ჩატარებული ჩინებული სეზონის შემდეგ, აშკარად მომატებული აქვს და “ბარსელონას” რიგებშიც შემთხვევით არ ჩარიცხულა.

პოლონეთმა ყველაზე შედეგიანი შეხვედრა იტალიასთან ჩაატარა, რომელიც ბელგიასთან და ისრაელთან წაგებების მერე, მოედანზე ძალიან მოტივირებული გავიდა, თუმცა, სიმონე პიანიჯიანის შეგირდები მორიგ ფიასკოს ვერ გადაურჩნენ.

აპენინელები საწყის მეოთხედში 7 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა, გამარჯვებამდე ეს მეოთხედიც ვერ მიიყვანეს, ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ კი, წინ ერთხელაც არ გასულან და 79:82 წააგეს. ამ თამაშში გორტატმა და ლამპემ 17-17 ქულა ჩააგდეს, რასაც კოშარეკმა 12 წაამატა.

პოლონელებს დასკვნითი მოსამზადებელი მატჩები უკვე შინაურ კედლებში ელით. 23-25 აგვისტოს ბაუერმანის შეგირდები ლუბლინში უკრაინას, დიდ ბრიტანეთს და შვედეთს ეთამაშებიან და მეტოქეთა დონის გათვალისწინებით, ამ ტურნირშიც უდავო ფავორიტებად მოიაზრებიან.

ცნობისთვის, მომავალი შეჯიბრის განაცხადში ბაუერმანმა განაცხადში არ შეიყვანა ტომაშ გიელო (“ლიბერტი”, NCAA) და დამიან კულიგი (“ტუროვი”), ამდენად, პოლონეთის ნაკრების განაცხადში 13 კალათბურთელი დარჩა, ევრობასკეტისთვის კი მათ კიდევ ერთი მოთამაშე უნდა გამოაკლდეს.

ლუბლინის ტურნირისთვის ეს კალათბურთელები ემზადებიან: მიხაელ ჩილინსკი (“ტუროვი”), მარცინ გორტატი (“ფინიქს სანზი”, NBA), ადამ ჰრიჩანიუკი (“ვალენსია”, ესპანეთი), მიხალ იგნერსკი (“ბანკო დი სარდინია სასარი”, იტალია), პრჟემისლავ კარნოვსკი (“გონზაგა”, NCAA), ტომას კელატი (”ვალენსია”, ესპანეთი), ლუკაშ კოშარეკი (“ზიელონა გორა”), მაჩიეი ლამპე (“ბარსელონა”, ესპანეთი), მატეუშ პონიტკა (“ასეკო პროკომ გდინია”), კრჟიშტოფ შუბარგა (“ანვილი”, საფრანგეთი), ადამ ვაჩინსკი (“ტრეფლ სოპოტი”), ლუკაშ ვიშნიევსკი (“კოშალინი”), პრჟემისლავ ზამოისკი (“ასეკო პროკომ გდინია”).

გასულ დღეებში 3 მატჩი მოილია ქართველთა კიდევ ერთმა მეტოქე ხორვატიამ, რომელიც მოსამზადებელ შეხვედრებს არცთუ წარმატებულად თამაშობდა. აქამდე იასმინ რეპეშას შეგირდებს 5-დან 4 საკონტროლო მატჩი ჰქონდათ წაგებული, ახლა კი, გაცილებით უკეთ იასპარეზეს.

ოთხდღიანი პერიოდის განმავლობაში, ხორვატებმა დუბროვნიკში 3 თამაში მოილიეს და მარცხის გემო აღარ შეუგრძვნიათ. რეპეშას ბიჭებმა ჩერნოგორიას 72:60 მოუგეს, აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებულ ლატვიას კი ჯერ 81:66 სძლიეს, ხოლო შემდეგ ფრედ (71:71) ეთამაშნენ და გუნდებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ოვერტაიმი არ უთამაშიათ.

ჩერნოგორიელებთან შეხვედრაში მასპინძლებს ბოგდანოვიჩმა (17 ქულა), ტომიჩმა (12) და მარიო დელასმა (11) ულიდერეს და ლატვიასთან პირველ შეხვედრაშიც ამ ტრიომ ლამის იდენტური შედეგები აჩვენა: ბოგდანოვიჩი (17), ტომიჩი (15), მარიო დელასი (10).

რეპეშას შეგირდებს მომდევნო ტურნირი 23-25 აგვისტოს სტამბულში ელით, სადაც მასპინძელთა გარდა, მეტოქეებად სერბეთი და ბელგია ეყოლებათ. ცნობისთვის, ხორვატები ევროპის ჩემპიონატამდე მეტ მოსამზადებელ მატჩს არ ჩაატარებენ.

ევრობასკეტამდე კიდევ 3 მატჩი აქვს დაგეგმილი მომავალი ტურნირის მასპინძელ სლოვენიას. ბოჟიდარ მალკოვიჩის ბიჭები 23 აგვისტოს კოპერში ჩერნოგორიას ეთამაშებიან, 24-ში იქვე იტალიას დაუხვდებიან, 31 აგვისტოს კი ლიუბლიანაში მოსამზადებელ ციკლს ფრანგებთან შეხვედრით “დახურავენ”.

გასულ უქმეებზე სლოვენიელებმა კიდევ 2 მატჩი გამართეს და თუკი ბოსნია-ჰერცეგოვინასთან იოლად იმარჯვეს – 70:54, რუსეთთან ჩამორჩენა ძლივს “დაქაჩეს” და 84:80 მოიგეს.

ბოსნიელებთან მატჩში 15 ქულით და 9 მოხსნით ბლაჟიჩი გამოირჩა, დომენ ლორბეკმა და ზორან დრაგიჩმა კი 11-11 ქულა მიითვალეს. ისევ ვერაფრით გამოირჩა სლოვენიელთა ერთ-ერთი ლიდერი იაკა ლაკოვიჩი, რომელიც ტრავმის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ვერაფრით ახერხებს. ლაკოვიჩმა 24:22 წუთში თამაშიდან 5-დან 1 ტყორცნა გამოიყენა და ორ ქულას დასჯერდა.

სლოვენიელთათვის გაცილებით მძიმე წარიმართა რუსებთან შეხვედრა. მალკოვიჩის შეგირდებმა პირველი მეოთხედი 16:30 დათმეს და დარჩენილი დრო ამ ჩამორჩენის აღმოფხვრას მოანდომეს, თუმცა კი, თამაშის შემდეგ რუსები ძალიან ნაწყენი ჩანდნენ, მეტოქეს გამარჯვება მსაჯების სინდისზე იყოსო.

აღნიშნულ შეხვედრაში ლაკოვიჩმა ისევ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, 14:28 წუთში 4-ვე სროლა გააცუდა და უქულოდ დარჩა. სლოვენიელებს 18 ქულით ნახბარმა ულიდერა, ბლაჟიჩმა კი 14 ქულა მიითვალა.

 

ევრობასკეტის მონაწილეთა მოსამზადებელი მატჩები

16 აგვისტო

ხორვატია – ჩერნოგორია 72:60

თურქეთი – ჩეხეთი 75:68

სლოვენია – ბოსნია-ჰერცეგოვინა 70:54

 

17 აგვისტო

პოლონეთი – ისრაელი 75:72

ბელგია – იტალია 76:57

თურქეთი – ჩეხეთი 110:100

მაკედონია – ლიტვა 50:62

რუსეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა 80:67

ესპანეთი – გერმანია 85:54

 

18 აგვისტო

იტალია – ისრაელი 74:78

საბერძნეთი – დიდი ბრიტანეთი 95:62

ხორვატია – ლატვია 81:66

ბელგია – პოლონეთი 52:66

სლოვენია – რუსეთი 84:80

 

19 აგვისტო

პოლონეთი – იტალია 82:79

ხორვატია – ლატვია 71:71

ბელგია – ისრაელი 77:59

0.148986