ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს – პოლ პოგბას სჯერა, რომ კლუბის ახალი მწვრთნელი – მასიმილიანო ალეგრი კლუბს კიდევ უფრო დიდ წარმატებას მოუტანს.
შეგახსენებთ, რომ კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, რამდენიმე კვირის წინ დაკავებული თანამდებობიდან გადადგა და მის შემცვლელად ალეგრი დაინიშნა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოგბამ Goal.com–ს მცირე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ ალეგრისთან მუშაობა მის კარიერაში ახალი ეტაპია:
“ჩვენი მიზანი უცვლელია – იტალიის ჩემპიონის ტიტული უნდა შევინარჩუნოთ. ცხადია, ეს რთული იქნება, რადგან ზედიზედ სამი სეზონია, პირველობას არავის ვუთმობთ და ჩვენს წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული ყურადღებითა და მოტივაციით თამაშობს.
უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ. ცხადია, ახალი მწვრთნელის მოსვლა ხშირად გუნდში ბევრ რაიმეს ცვლის, მაგრამ გამარჯვებულის მენტალიტეტი გვაქვს და ამას ვერ წაშლი.
ყველას ძალიან გვიხარია ალეგრისთან მუშაობა. ვარჯიშები მსგავსია და ამ მხრივ, პრობლემა არ არსებობს. აქცენტს ბურთის ფლობაზე ვაკეთებთ. ალეგრი გუნდს არ ცვლის, იგი უბრალოდ იმის დახვეწას ცდილობს, რაც კონტემ შექმნა.” – განაცხადა პოგბამ.
46 წლის სპეციალისტი იანვრამდე “მილანში” მუშაობდა, ხოლო უკანასკნელი თვეების განმავლობაში უმუშევარი იყო. მისი ხელმძღვანელობით, მილანალებმა 2010-2011 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიპოვეს.
ლევან გოგოტიშვილი