რაგბი

18:25 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

პლეი ოფისთვის 5 იბრძოლებს

ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა და პლეი ოფში გასვლის შანსს ქართველ ლეგიონერთა ხუთი გუნდი ინარჩუნებს. აქედან სამის შანსები საკმაოდ რეალურია, დანარჩენი ორის შემთხვევაში კი, ამ შანსების რეალობად ქცევა ცოტა არ იყოს ბუნდოვანია.

პირველ ჯგუფში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” უელსში “ოსპრეიზს” ეწვია და ულელოვო მატჩში უქულოდ დარჩა. პირველ ტაიმში გაცვლილი ოთხ-ოთხი ჯარიმის შემდეგ, მეორეში სტუმრებმა სამი უპასუხო ჯარიმა გაიტანეს და 21:12 იმარჯვეს. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა. მას შემდეგ, რაც ინგლისურმა “ნორთჰემპტონმა” ჯგუფის მეორე მატჩში “ლენსტერს” ირლანდიაში 18:9 მოუგო, “კასტრს” ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი დარჩა. 11 იანვარს ფრანგები სწორედ “ლენსტერს” უმასპინძლებენ და პრემიალური ქულით მოგების, ასევე პარალელურ მატჩში მისთვის სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, დასკვნითი ტურის წინ პირველ ადგილზე ანაცვლების შანსი ექნება.

მეორე ჯგუფს 15 ქულით თასის მფლობელი, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” ლიდერობს. ტულონელებმა ინგლისურ “ექსეტერს” 32:20 მოუგეს და თანაც პრემიალური მეოთხე ლელოც გაუტანეს. ჩილაჩავა განაცხადში არ იყო, ხოლო მიქაუტაძემ დასკვნითი 9 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა მეორეხაზელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მატჩში პირველად მიიღო მონაწილეობა. მომდევნო ტურში “ტულონი” მდევარ “კარდიფს” მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფის საგზური გარანტირებული ექნება.

მესამე ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზას”, რომელმაც განვლილ ტურში ირლანდიური “კონახტი” 37:9 დაამარცხა, ხუთი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ბრეგვაძემ ტრავმა ცოტა ხნის წინ მოიშუშა და განაცხადში არ იყო, ხოლო კაკოვინი ტრავმირებულია. “ტულუზამ” პრემიალური ქულის აღებით დიდი საქმე გააკეთა, ინგლისის “სერასინის” მსგავსად 15 ქულა შეინარჩუნა და მომდევნო ტურში ინგლისელები საკუთარ მოედანზე თუ დაამარცხა, ჯგუფში პირველ ადგილსაც დაიკავებს.

მეოთხე ჯგუფის მოგების კარგი შანსი აქვს დავით ზირაქაშვილის “კლერმონს”, რომელმაც უელსში “სკარლეტსი” 31:13 დაამარცხა და თანაც პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქართველ პირველხაზელს მუხლი აწუხებს და არ უთამაშია. “კლერმონი” ჯგუფს 15 ქულით ლიდერობს და მდევარს, ინგლისურ “ჰარლექუინსს” 4 ქულას უგებს. მომდევნო ტურში ფრანგები სწორედ ინგლისში თამაშობენ და პრემიალური ქულის აღების შემთხვევაშიც კი (თუ მეტოქე პრემიას ვერ აიღებს), პირველ ადგილზე დარჩებიან. ეგეც რომ არა, დარჩენილი ორი თამაშიდან ერთის მოგებით, “კლერმონი” იმ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მაინც მოხვდება, რომლებიც ბრძოლას მეოთხედფინალში გააგრძელებენ.

ამავე ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილის “რასინგ მეტრო” ზემოთნახსენებ “ჰარლექუინსთან” ინგლისში 3:17 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა. აღსანიშნავია, რომ პარიზში ინგლისელებმა ფრანგები უფრო დიდი სხვაობით დაამარცხეს (32:8) და მათგან ახლა გულშემატკივარი უფრო მეტს ელოდა, მაგრამ ესოდენ მნიშვნელოვანი პრემიალური ქულა ვერ აიღეს. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მე-15 წუთზე ყვითელი ბარათით დაისაჯა და 52-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროს ანგარიში უკვე 0:17 იყო, მაგრამ წვიმიან ამინდში მასპინძლებმა მონაგარს ვეღარაფერი შემატეს და ერთი ჯარიმა იქით გაუშვეს. მომდევნო ტურში ფრანგები უელსურ “სკარლეტსს” მასპინძლობენ და გამარჯვების შემთხვევაში ბოლო ადგილს თავს დააღწევენ.

მე-5 ჯგუფიდან გასვლის შანსი საბოლოოდ დაკარგა მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიემ”, რომელმაც საკუთარ მოედანზე ინგლისურ “ლესტერ თაიგერზს” დიდი ბრძოლა კი გაუმართა და გამარჯვებასთანასაც ახლოს იყო, მაგრამ მაინც დამარცხდა - 14:15. წელს “მონპელიე” აქცენტს საფრანგეთის ჩემპიონატზე აქცენტს და ჯგუფიდან გაუსვლელობაც ტრაგედიად არ ითვლება. ამ მატჩში ფაბიენ გალტიემ გუნდის წამყვან მორაგბეებს დასვენების საშუალება მისცა და ნარიაშვილიც განაცხადში არ იყო. გორგოძეს ტრავმის გამო ორი თვე რომ გაუცდა, შედარებით დასვენებულია, ამიტომ სრულად ითამაშა და “ვეფხვების” წინააღმდეგ გუნდსაც უკაპიტნა.

საინტერესო თამაშის პირველი ტაიმი ტაიმი 0:0 დასრულდა, 50-ე წუთზე კი, ინგლისელები ლელოთი დაწინაურდნენ. ორ წუთში “მონპელიემ” საპასუხო ლელო გაიტანა და გარდასახვით წინ გაიჭრა, ხოლო 62-ე წუთზე გორგოძემ მეტოქის 22-ის ხაზთან რაქიდან აიტაცა ბურთი, ჩვეულ სტილში ხაზი გაჭრა, 15 მეტრი ირბინა და ბოლო მცველთან კონტაქტში შესვლამდე ლელო ლუკას დუპონს გაატანინა. გამარჯვება ახლოს იყო, მაგრამ ინგლისელებმა ჯერ ჯარიმით შეამცირეს ანგარიში, ბოლო წუთზე ლელოთი ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანეს და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო, მორიგი გამარჯვება ჩაიწერეს.

მეექვსე ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა დიმიტრი ბასილაიას “ედინბურგმა”. ერთი კვირის წინ შოტლანდიელები საკუთარ მოედანზე ინგლისურ “”გლოსტერთან” 12:23 დამარცხდნენ, ახლა კი, სტუმრად 16:10 იმარჯვეს, მაგრამ ქართველ ლეგიონერს თითი აქვს მოტეხილი და მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.

ამავე ჯგუფში გიორგი ჟღენტის “პერპინიანი” ირლანდიურ “მანსტერს” დაუხვდა და ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 17:18 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. ბოლოსწინა ტურში “ედინბურგი” “პერპინიანს” მასპინძლობს და თუ იმარჯვა და პარალელურ მატჩშიც “მანსტერმა” “გლოსტერს” სტუმრად ვერ აჯობა, სქოთებს ბოლო ტურის წინ პლეი ოფში გასვლის შანსი ექნებათ.

 

2013/2014 წლების ჰაინეკენის თასი. ჯგუფური ეტაპი. IV რაუნდი

I ჯგუფი

ოსპრეიზი (უელსი) - კასტრი (საფრანგეთი) 21:12

ლენსტერი (ირლანდია) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 9:18

 

1       ლენსტერი                 4         3         0         1         87-41         13
2 ნორთჰემპტონი 4 2 0 2 65-84 9
3 კასტრი 4 2 0 2 53-62 8
4 ოსპრეიზი 4 1 0 3 55-73 5

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

კასტრი - ლენსტერი, ოსპრეიზი - ნორთჰემპტონი

 

II ჯგუფი

გლაზგო (შოტლანდია) - კარდიფი (უელსი) 7:9

ტულონი (საფრანგეთი) - ექსეტერი (ინგლისი) 32:20

 

1       ტულონი         4         3         0         1         112-76         15
2 კარდიფი 4 3 0 1 86-86 13
3 ექსეტერი 4 1 0 3 89-95 7
4 გლაზგო 4 1 0 3 75-105 6

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ტულონი - კარდიფი, ექსეტერი - გლაზგო

 

III ჯგუფი

სერასინსი (ინგლისი) - ძებრე (იტალია) 64:3

კონახტი (ირლანდია) - ტულუზა (საფრანგეთი) 9:37

 

1       სერასინსი         4        3         0         1         142-47         15
2 ტულუზა 4 3 0 1 106-46 15
3 კონახტი 4 2 0 2 75-80 9
4 ძებრე 4 0 0 4 24-174 0

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ტულუზა - სერასინსი, კონახტი - ძებრე

 

IV ჯგუფი

სკარლეტსი (უელსი) - კლერმონი (საფრანგეთი) 13:31

ჰარლექუინსი (ინგლისი) - რასინგ მეტრო (საფრანგეთი) 17:3

 

1       კლერმონი                4         3         0         1         95-53           15
2 ჰარლექუინსი 4 2 0 2 91-67 11
3 სკარლეტსი 4 1 1 2 83-115 6
4 რასინგ მეტრო 4 1 1 2 50-84 6

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ჰარლექუინსი - კლერმონი, რასინგ მეტრო - სკარლეტსი

 

V ჯგუფი

ბენეტონი (იტალია) - ოლსტერი (ირლანდია) 3:35

მონპელიე (საფრანგეთი) - ლესტერი (ინგლისი) 14:15

 

1       ოლსტერი         4         4         0         0         130-27         18
2 ლესტერი 4 3 0 1 106-71 15
3 მონპელიე 4 1 0 3 81-91 6
4 ბენეტონი 4 0 0 4 16-144 0

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ოლსტერი - მონპელიე, ბენეტონი - ლესტერი

 

VI ჯგუფი

პერპინიანი (საფრანგეთი) - მანსტერი (ირლანდია) 17:18

გლოსტერი (ინგლისი) - ედინბურგი (შოტლანდია) 10:16

 

1       მანსტერი            4         3         0         1         103-64         14
2 გლოსტერი 4 2 0 2 70-76 9
3 ედინბურგი 4 2 0 2 71-87 8
4 პერპინიანი 4 1 0 3 78-95 7

 

მომდევნო ტური. 11 იანვარი

ედინბურგი - პერპინიანი, გლოსტერი - მანსტერი

0.118152