კვირას ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XI ტურის მატჩები გაიმართება და ამით შეჯიბრების პირველი წრე დასრულდება. ბოლო დღეებში რამდენიმე გუნდს შეეცვალა მთავარი მწვრთნელი და ეს ყველაფერს დამატებით ინტრიგას სძენს.
მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი)
3 ნოემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 14:00
Dდისკვალიფიცირებულები: ლევან კაკუბავა (“მეტალურგი”); გიორგი სეთურიძე (“დინამო”)
მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, ლ. თოდრია, დ. ხარიტონაშვილი, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა (სათადარიგო)
თუ საქართველოს თასის გათამაშებასაც გავითვალისწინებთ, “დინამომ” ზედიზედ 9 თამაში მოიგო და 38 გოლი გაიტანა, დაგვეთანხმებით, შთამბეჭდავი ციფრებია. დინამოელები დამაჯერებლად ლიდერობენ ჩემპიონატს და მათი შეჩერება ძალიან ძნელი იქნება, რადგან ბოლო დროს სოლიდურ თამაშს აჩვენებენ და შემსრულებლებიც, ალბათ, ქართულ რეალობაში საუკეთესოები ჰყავთ.
რუსთაველებს კი შარშანდელი ჩავარდნის შემდეგ, წლეულს სულ სხვა ამბიციები აქვთ და ამას თამაშითაც ამტკიცებენ, 10 ტურის შემდეგ 17 ქულა მოაგროვეს და მხოლოდ ორით ჩამორჩებიან 2-3 ადგილებზე მდგარ “ჩიხურას” და “ტორპედოს.” ისიც სათქმელია, რომ წლევანდელ სეზონში რუსთაველები შინ არ დამარცხებულან და სავარაუდოა, რომ არც “დინამოსთან” დათმობენ არაფერს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გადმოსცემს.
დილა (გორი) – მერანი (მარტვილი)
3 ნოემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 14:00
დისკვალიფიცირებული: მურად აფხაზავა (“დილა”)
მსაჯები: ო. ხეცაძე, ბ. ჭიჭინაძე, გ. ჩიგოგიძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)
ორივე გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. “დილას” რამაზ სოღოლაშვილი, “მერანს” - კახა ჩხეტიანი. წინა ტურში მეკარეების ყოფილი დამრიგებლის, სოღოლაშვილის ხელმძღვანელობით გორელებმა პირველი გამარჯვება უკვე მოიპოვეს, ჩხეტიანის მარტვილური დებიუტი კი მთლად იღბლიანი ვერ გამოდგა, “მერანმა” ჯერ რუსთავში წააგო “მეტალურგთან” (1:6), შემდეგ “შინ” სამტრედიაში დამარცხდა “ზესტაფონთან” (0:2). თუმცა მერე ქვეყნის თასის მრვედფინალის საპასუხო მატჩში “გურიას” დაუზავდა (1:1) და რახან პირველი თამაში მოგებული ჰქონდა (2:1) შემდგომ ეტაპზე გავიდა. ეს უკვე წარმატებაა. “მსოფლიო სპორტთან” ჩხეტიანმა იმედიანად ისაუბრა და თქვა, ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრააო.
სპარტაკი (ცხინვალი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)
3 ნოემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 14:00
დისკვალიფიცირებულები: ვარლამ კილასონია, ზვიად მეტრეველი, ნიკა კვეკვესკირი (ყველა – “სპარტაკი”); აკაკი წყაროზია (“ვიტ ჯორჯია”)
მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. მენთეშაშვილი, დ. ჩიგოგიძე, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)
“ფეხბურთში პირველყოვლისა მთავარი შედეგია. როდესაც შედეგი არ გაქვს ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე. ფეხბურთის კანონი ასეთია,” – თქვა სპარტაკელთა მწვრთნელმა ვლადიმერ ხაჩიძემ, ქუდი დაიხურა და წავიდა. ეს ამბავი რამდენიმე დღის წინათ მოხდა. მის მაგიერ ცხინვალელთა გუნდი “ზესტაფონის” ექს-მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ჩაიბარა. “სპარტაკი” მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობაშია, 10 ტურის შემდეგ მხოლოდ 4 ქულა აქვს და ელიტიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია, ამიტომ ყოველ ქულას მათთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თავის მხრივ, ვეტერინარებმა წინა ტურში შინ “დილასთან” წააგეს და კვირას ქომაგების თვალში რეაბილიტაციას ეცდებიან.
გურია (ლანჩხუთი) – ზუგდიდი
3 ნოემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 14:00
დისკვალიფიცირებული: ვლადიმერ ჯოჯუა (“გურია”)
მსაჯები: ა. ბასლეჰლო, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
ლანჩხუთელებსაც სარებილიტაციოდ აქვთ საქმე. მშვენივრად მოასპარეზე “გურია,” რომელიც მოულოდნელად ჩემპიონატის ლიდერებში გაერია, ბოლო დღეებში შერცხვა. ჯერ ჩემპიონატში დამარცხდა “ჩიხურასთან” (1:5), შემდეგ კი “მერანს” ვერაფერი მოუხერხა და თასის გათამაშებასაც დაემშვიდობა. ასე რომ, რამდენადაც ბანალურად უნდა ჟღერდეს, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვალში არიან. ლანჩხუთელთა ბანაკში სიახლეცაა, “მსოფლიო სპორტი” უკვე წერდა, რომ “გურიაში” 22 წლის ნიგერიელი მცველი პერტერ ტერნა სუსვამი ჩაირიცხა, კაცი, რომელსაც თავის დროზე ნიგერიის ნაკრებში და პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში, კერძოდ “სეტუბალში” უთამაშია.
ზესტაფონი – სიონი (ბოლნისი)
3 ნოემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 16:00
დისკვალიფიცირებულები არ არიან
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, გ. ყრუაშვილი, ს. სპიცინი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)
ამ წყვილშიც საინტერესო ვითარებაა. აქაც ახლახან ორივე გუნდს მწვრთნელები შეეცვალა. “ზესტაფონიდან” სერბი რატკო დოსტანიჩი გაუშვეს და “სიონთან” მატჩისთვის გუნდს ლევან ბაჯელიძე ამზადებს, უახლოეს მომავლში კი მარგველთაA ბანაკში გია გეგუჩაძე დაბრუნდება. ბოლნისური გუნდი კი ფინანსური პრობლემების გამო გიორგი კიკნაძემ დატოვა და დროებით, გუნდს მისი ასისტენტი გიორგი ლოლაძე ავარჯიშებს.
ტორპედო (ქუთაისი) – ჩიხურა (საჩხერე)
4 ნოემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00
დისკვალიფიცირებულები არ არიან
მსაჯები: ჯ. ხორავა, ი. უკლება, ზ. ბერულავა, ა. კრიჭაშვილი (სათადარიგო)
ტურის ბოლო მატჩი ორშაბათს გაიმართება ქუთაისში. იმერული დერბი საინტერესო უნდა გამოდგეს. “ჩიხურა” “ტორპედოს” მხოლოდ მეტი მოგების წყალობით უსწრებს, ქულები თანაბარი აქვთ და ცხადია, ახალგაზრდა, თავმოყვარე ქუთაისელებს პირველი წრის მე-2 ადგილზე დასრულება სურთ. თავის მხრივ, ამ შედეგზე არც საჩხერელები იტყვიან უარს. სოსო ფრუიძის ბიჭებმა ორიოდ დღის წინათ საქართველოს თასზე იოლად გადალახეს პირველლიგელი “ლოკომოტივის” ბარიერი, ტორპედოელებს კი დიდი ბრძოლა მოუხდათ “სპარტაკთან” და ცხინვალელები მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხეს. ამიტომ, ალბათ, ცოტა დაღლილები იქნებიან.
1 | დინამო (თბილისი) | 10 | 8 | 1 | 1 | 27:9 | 25 |
2 | ჩიხურა | 10 | 6 | 1 | 3 | 23:18 | 19 |
3 | ტორპედო | 10 | 5 | 4 | 1 | 15:7 | 19 |
4 | მეტალურგი | 10 | 5 | 2 | 3 | 16:15 | 17 |
5 | გურია | 10 | 5 | 0 | 5 | 10:14 | 15 |
6 | დილა | 10 | 4 | 3 | 3 | 13:11 | 15 |
7 | ზესტაფონი | 10 | 4 | 2 | 4 | 12:8 | 14 |
8 | მერანი | 10 | 4 | 0 | 6 | 12:22 | 12 |
9 | ვიტ ჯორჯია | 10 | 3 | 3 | 4 | 14:14 | 12 |
10 | სიონი | 10 | 2 | 3 | 5 | 11:15 | 9 |
11 | ზუგდიდი | 10 | 1 | 4 | 5 | 5:15 | 7 |
12 | სპარტაკი | 10 | 1 | 1 | 8 | 5:15 | 4 |
მეგოლეები:
7 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”), ირაკლი მოდებაძე (1, “დილა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”)
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), ვილი ისიანი (“გურია”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა