ჩოგბურთი

17:16 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი წრე იოლად დასძლიეს

ქართველმა ჩოგბურთელებმა სოფო ქვაცაბაიამ და ეკატერინე გორგოძემ უზბეკეთის ქალაქ ბუხარაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის პირველი რაუნდი იოლად დასძლიეს და ეს, ნაკლებადცნობილი მასპინძლების ძლევის ხარჯზე მოახერხეს.

ქვაცაბაიამ ალიკა ისმაილოვა 6:0, 6:2 დაამარცხა, ხოლო გორგოძემ ფარიზა აბდულაიევა 6:0, 6:0 გაანადგურა. მერვედფინალში სოფო მე-7 ნომრად განთესილ თურქ იპეკ სოილუს გაეჯიბრება, ხოლო გორგოძე, რომელიც მე-5 რეიტინგით ასპარეზობს, უზბეკ ალბინა ხაბიბულინას ეთამაშება.

წყვილთა ტურნირის საწყის შეხვედრაში მე-4 განთესვის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ უზბეკებს – ახმედოვას და ილინას 6:0, 6:0 სძლიეს, მეოთხედფინალში კი მასპინძელთა კიდევ ერთ დუეტთან (აბდურახიმოვა-ხაბიბულინა) 3:6, 6:4, 7:10 წააგეს.

ისრაელის ქალაქ ნეთანიას 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში მარიამ ბოლქვაძემ და რუსმა ანასტასია პრიბილოვამ უკრაინელებს – ბოგოსლავეცს და პისკუნს 1:6, 6:4, 10:8 სძლიეს და მეოთხედფინალში მე-2 რეიტინგის მქონე ებრაულ-უნგრულ დუეტს (მასური-ტოტკა) ეთამაშებიან.

შარმ ელ შეიხის 10-ათასიანი ტურნირის საწყის მატჩში “უაილდ ქარდის” მქონე ფრანჩესკა სტივენსონს გაეჯიბრება თამარ ჭალაგანიძე. წყვილებში ჭალაგანიძე და უკრაინელი ვერონიკა სტოტიკა ეგვიპტელებს – ელ ტავილს და შერიფს დაუპირისპირდებიან.

0.115558