რაგბი

14:48 | 11.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველად საუნივერსიტეტო ევროპირველობაზე

წელს საქართველოს პირველად ეყოლება გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე 7-კაცა რაგბიში. “პირველი მერცხლობა” საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ითავა და დღეს ღამე ქართული დელეგაცია ბულგარეთში მიემგზავრება.

წელს ტურნირი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 14-16 ივნისს გაიმართება და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. გუნდები იქნებიან ისეთი სარაგბო ქალაქებიდან, როგორებიც ფრანგული ტულუზა და პო არიან, ასევე ლისაბინიდან (პირტუგალია), რუსეთიდან, როტერდამიდან (ჰოლანდია), ბულგარეთიდან და უნგრეთიდან. საქართველოს სეუ-ს სახელით მიიღებს მონაწილეობას, თუმცა, ამ უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, გუნდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის და ილიას სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებითაცაა გაძლიერებული.

სეუ-ს გუნდმა საქართველოს საუნივერსიტეტო ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ რადგან ევროპის ჩემპიონატზე გუნდები საკუთარი ხარჯებით მიემგზავრება და სწორედ სეუ-ს ხელმძღვანელობამ გამოთქვა ამ ხარჯის გაღების სურვილი, ფაქტობრივად საქართველოს ნაკრები, ოღონდ, უმეტესად სწორედ ამ უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდი, ბულგარეთში სეუ-ს გუნდის სახელით მიიღებს მონაწილეობას. ამ კუთხით შეზღუდვა არაა და დებულებაში წერია, რომ ნებისმიერ გუნდს შეუძლია გაძლიერება. მთავარია ერთი პირობის დაცვა - ყველა მორაგბე სტუდენტი უნდა იყოს.

გუნდს, რომელსაც ზაზა ლეჟავა წვრთნის, საუნივერსიტეტო კი ჰქვია, მაგრამ მისი წევრების სახელები ქართული რაგბის გულშემატკივრებისთვის კარგადაა ნაცნობი. ყველა მათგანი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობს და ნაწილს საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი, თუ 7-კაცა ნაკრების მაისური მოურგია.

ლექსო გუგავა (საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი): “დღეს ღამით ბულგარეთში მივემგზავრებით, სადაც 7-კაცა რაგბში საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატში პირველად მიიღებს მონაწილეობას ქართული გუნდი. უკრაინის ეროვნული და 7-კაცა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა, აგერ უკვე სამი კვირაა ბიჭებს ავარჯიშებს. გაფართოებულ შემადგენლობაში 22 მორაგბეა, მაგრამ ბულგარეთში მხოლოდ 12 მათგანი მიემგზავრება. ივლისში მსოფლიო უნივერსიადა გველის და ამ ტურნირის შემდეგ მწვრთნელი გადაწყვეტს, თუ ვინ წაიყვანოს ყაზანში ზემოთნახსენები 22 მორაგბიდან.

ჩვენ ბულგარეთშიც ნაკრები გუნდით მივემგზავრებით, მაგრამ ეს ნებადართულია, უბრალოდ, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სახელით ვითამაშებთ. რაგბი სპეციფიური სპორტია, შიდა საუნივერსიტეტო შეჯიბრებაში მოყვარულებიც იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ ასეთი დონის ტურნირზე მთლად გამოუცდელ მორაგბეებს ვერ წავიყვანდით და ამიტომ ყველა მოთამაშეს აქვს საქართველოს ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება”.

ბულგარეთში შემდეგი მორაგბეები მიემგზავრებიან: ბაჩანა კოლელიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, საბა ნიკოლავა, გოდერძი ჯოგლიძე, ჯიმი ღამბაშიძე, ბახვა კობახიძე, ლუკა კვარაცხელია, ალექსანდრე ხუციშვილი, გიორგი ბებიაშვილი, საბა შუბითიძე, ივანე დავითაშვილი, გიორგი ჭყოიძე (კაპიტანი).

თეგებიშვიდკაცა
0.183297