ფეხბურთი

20:29 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირველ ლიგას “საბურთალოც” დაემატა

30-31 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგაც აიღებს სტარტს. წლულს ამ ლიგაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. მაგალითად, სეზონის დასაწყისშივე ტურნირს გამოეთიშა აჩაბეთის “ლიახვი,” ამიტომ “ა” ზონაში 13 გუნდი იასპარეზებს. “ბ” ზონაში კი – 14. ორივე ზონის პირველ-მეორე ადგილსონები 4 გუნდიან ერთწრიან პლეი ოფს გაითამაშებენ თბილისში. საუკეთესო 2 უმაღლეს ლიგაში გადავა. ლიგაში ახალი გუნდებიც გამოჩნდა. ერთ-ერთი მათგანი თბილისის “საბურთალოა,” რომელსაც დიდი ხანია წარმატებულ საფეხბურთო სკოლად ვიცნობთ, თუმცა, ამიერიდან საბურთალოელებს გუნდი პირველ ლიგაშიც ეყოლებათ. მართლაც საინტერესო და მისასალმებელი პრეცენდენტია. უკვე წლებია ეს სკოლა არსებობს, უამრავი ჯილდოც მოუგიათ დაახლა დიდ ფეხბურთშიც ცდილობენ ძალების მოსინჯვას.

პარასკევს, “ბენდელას” სტადიონზე, კლუბის ხელმძღვანელობამ პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტული დირექტორი გია ჭიაბრიშვილი, მთავარი მწვრთნელი თემურ შალამბერიძე და ფეხბურთელები: ზურაბ მენთეშაშვილი, რევაზ გოცირიძე და ჭაბუკი კაპიტანი - გიორგი ხარაიშვილი ესწრებოდნენ. ვეტერანმა მენთეშაშვილმა და გოცირიძემ საბურთალოელებს დაშლილი “გურიიდან” მიაშურეს. ხარაიშვილი კი, სპეციალისტების აზრით, ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა. ის გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც იყო.   

ტარიელ ხეჩიკაშვილი: “საბურთალო” 1999 წელს დაფუძნდა ძმები ჭუმბურიძეების და მათი მეგობრების მიერ. იდეა საფეხბურთო სკოლის შექმნა და მისი განვითარება იყო. 2005 წლიდან “იბერია ბიზნეს ჯგუფი,” რომლის დამფუძნებელიც გახლავართ, სკოლის პატრონობის მისია იტვირტა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვვითარდებით და გვინდა დავამტკიცოთ, რომ საქართველოში და ზოგადად, ფეხბურთში არის მენეჯმენტის და არა ნიჭიერების პრობლემა. აქ არის ნიჭის საბადო და ამ ნიჭთან სწორად მუშაობაა საჭირო.

  გვინდოდა შეგვექმნა პატარა საფეხბურთო კუნძული, სადაც პროფესიონალიზმი, პატიოსნება და წესიერებაა მთავარი ფასეულობა. ეს პრინციპები ჩვენთვის ყოველთვის უმთავრესი იყო.

მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივდივართ ევოლუციური და არა რევოლუციური გზით. საერთოდ, ქართველებს სულსწრაფობა გვახასიათებს, ყველაფერი უცებ გვინდა და სიძნელეებს ობიექტურად ვერ ვაფასებთ, ამბიციებს ვერ ვაბალანსებთ და ჯამში პროგრესი არ არის.

ვფიქრობ, ყველას ვაჩვენეთ, რომ სწორად ვმუშაობთ. თავიდან მხოლოდ 1993 წელს დაბადებულთა გუნდი გვყავდა, რომელიც დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბირთვია. 2 ფეხბურთელი უკვე უცხოეთში თამაშობს და უახლოეს მომავალში მათ კიდევ ერთი დაემატება. მოკლედ, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი მომავალშიც ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების გაზრდა და მათი სოლიდურ უცხოურ კლუბებში დასაქმება იქნება.

გვეამაყება, რომ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო აკადემია შევქმენით, ამას ჩვენი  კოლეგებიც აღიარებენ და ეს ძალიან სასიამოვნოა. ახლა მოვიწვიეთ ესპანელი ანდრეს კარასკო, რომლის მუშაობის ნაყოფსაც სულ მალე ვნახავთ.

მთავარია, ახალგაზრდა ფეხბურთელებს ზრდის საშუალება მივცეთ, ამიტომ წლეულს აუცლებლად უმაღლეს ლიგაში გადასვლის ამბიცია არ გვაქვს. პარალელურად ესპანურ კლუბებთანაც ვთანამშრომლობთ.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო სპონსორებს და ჩენს კოლეგებს მოვუწოდო, რომ უფრო აქტიურად ეძიონ სპონსორები. თუ მოინდომებენ, ყველაფერი შესაძლებელია. თუნდაც “ფოლკსვაგენი”, “სალერი”, “ბოსხი” და “ჯეოსელი” რად ღირს. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო “ავერსსა” და “ევროპა ბეთს.” იმასაც გეტყვით, რომ მალე კიდევ რამდენიმე კონტრაქტი გაფორმდება ცნობილ ფირმებთან. ყოველივე ეს, პირველი ლიგის გუნდისთვის, მგონი, ურიგო არ უნდა იყოს.

-წეღან უცხოეთში წასული თქვენი აღზრდილები ახსენეთ...

-დიახ, ყაზაიშვილი და ჭანტურია “ვიტესში” არიან. უახლოეს ხანში კი ბაჩანა არაბული ერთ-ერთ ესპანურ კლუბში გადავა.

-არაბულთან დაკავშირებით, თითქოს გერმანულ “აინტრახტზე” იყო საუბარი.

-დიახ, იყო. მაგრამ მსჯელობისა და აწონ-დაწონვის შემდეგ, გვგონია, რომ ესპანური ვარიანტი მისთვის გაცილებით მომგებიანია. ასევე გეტყვით, რომ იანვრიდან ჩვენი კიდევ 2 ფეხბურთელი წავა ესპანეთის სოლიდურ კლუბებგში.”

თემურ შალამბერიძე (მთავარი  მწვრთნელი): “უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელებს, რომ პირველი ლიგის გუნდის მთავარმწვრთნელობა მანდეს. იმედია, გავამართლებ. ასევე დიდი მადლობა გამოცდილ ფებურთელებს - გოცირიძესა და მენთეშაშვილს, რომლებიც ჩვენთან თამაშს დათანხმდნენ. მჯერა, დიდ სარგებელს მოგვიტანენ. მართალია, ნიჭიერი ბავშვები გვყავს, მაგრამ საჭიროა ისინი სწორედ ასეთი პროფესიონალების გვერდით გაიზარდონ..

სხვა მხრივ, ჯერ ბორჯომში გავიარეთ ათდღიანი შეკრება, შემდეგ ორი კვირით თურქეთში გავემგზავრეთ. მიმაჩნია, რომ მოსამზადებელმა ეტაპმა ნორმალურად ჩაიარა. პირველი თვეების განმავლობაში ჯერ კიდევ გუნდის დაკომპლექტებით ვიქნებით დაკავებული, შემდეგ კი უფრო მაღალ მიზნებზე ვიფიქრებთ.”

გია ჭიაბრიშვილი (სპორტული დირექტორი): “ერთს ვიტყოდი: აქამდე ძალიან წარმატებულ აკადემიას ახლა უკვე პირველი ლიგის გუნდი დავამატეთ. კლუბის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ამიტომ უახლოესი თვეები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების კარგად მომზადება და ევროპის სოლიდურ კლუბებში გაგზავნაა. ხოლო ვინც აქ დარჩება, ისინიც ყოველმხრივ უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი.”

მოკლედ, ქართულ საფეხბურთი სინამდვილეს კიდევ ერთი საინტერესო გუნდი დაემატა. 31 აგვისტოს “საბურთალო” ხობის “კოლხეთს” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.240069