ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომისიამ რიგის “სკონტოსა” და დაუგავპილსის “დაუგავას” ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ლიცენზია არ მისცა.
“სკონტოს” მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა და მის რიგებში ირაკლი კლიმიაშვილთან ერთად, ლაშა დვალი ირიცხება. “დაუგავაში” გიორგი ჩიხრაძე და ბიძინა ცინცაძე ასპარეზობენ.
ლატვიის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა “სკონტომ” ლიცენზია ვერ მიიღო, რადგან კლუბს თანამშრომლების მიმართ ფინანსური დავალიანება აქვს. გარდა ამისა, რიგელებმა სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადის გადახდაც დააგვიანეს.
“დაუგავამ” ლიცენზია იმის გამო ვერ მიიღო, რომ სათანადო დონის ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემია არ აქვს.
კლუბებს ფედერაციის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო კომისიაში 14 მარტამდე შეუძლიათ. ლატვიის ვირსლიგაში (უმაღლესი ლიგა) სეზონის სტარტს სწორედ 14 მარტს აიღებს და თუ ხსენებული გუნდები არ დაუშვეს, მაშინ, ლიგაში 8 გუნდი ითამაშებს.
“წარმოუდგენელია, რომ სეზონი ჩვენს გარეშე დაიწყოს. რა თქმა უნდა, ფინანსური პრობლემები გვაქვს, მაგრამ ერთადერთნი არ ვართ, ვინც ასეთ სიტუაციაშია. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. თუ ჩვენ და “დაუგავა” მოგვკვეთეს, მაშინ, ჩემპიონატის ჩატარებას საერთოდ რა აზრი აქვს? უმაღლესი ლიგა “სკონტოს” გარეშე? თუ ჩვენ აპელაციას არ დააკმაყოფილებენ, ამ შემთხვევაში ფეხბურთელები ნახევარი წელი უსაქმოდ იქნებიან, რადგან პირველ ლიგაში თამაშის შანსიც უკვე ხელიდან გავუშვით” – იუწყება პერტიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი sportacentrs.com-ი.