ფეხბურთი

14:10 | 1.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერტიამ ლატვიაში ქულით დაიწყო

მაკარიძე სასტარტოს დაუბრუნდა

 ლატვიის საფეხბურთო ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) სტარტზე, რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, საკუთარ მოედანზე “იურმალას” ვერ მოუგო – 0:0.

განვლილ მატჩში “სკონტოს” რიგებში მყოფი ქართველებიდან არცერთს უთამაშია. ლადო დათუნაშვილი და ლევან ჭაჭიაშვილი სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ, ხოლო ლაშა დვალი 18-კაციან განაცხადში არ შეუყვანიათ.

აქვე გეტყვით, რომ პერტიამ “სკონტოს” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლატვიის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.

“ილუკსტემ”, რომელსაც სეზონის სტარტზე მამუკა ღონღაძე შეემატა, იურმალის “სპარტაკსთან” სტუმრად 2:2 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი თამაშში 77-ე წუთზე ჩაერთო.

რიგის “დაუგავამ”, რომელშიც გიორგი დიაკვნიშვილი გამოდის, შარშანდელ ჩემპიონ დაუგავპილსის “დაუგავასთან” გასვლაზე 0:0 ითამაშა. დიაკვნიშვილი მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა.

“ლე მანის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა მეკარე გიორგი მაკარიძე, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის (პირველი ლიგა) 30-ე ტურში, “ლე მანმა” “ლავალთან” სტუმრად 1:2 წააგო და მაკარიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა. მეკარე ჟერემი ჟანო, რომელიც მიმდინარე სეზონში “ლე მანის” სასტარტოში თამაშობდა, დაშავდა და ქართველ კიპერს თავის გამოჩენის საშუალება მიეცა. “ლე მანს” 30 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-18 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-20 ტურში, ვარშავულ დერბიში “ლეგია” “პოლონიას” ესტუმრა და 3 ქულა აიღო – 2:1. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ლადო დვალიშვილი “ლეგიას” სასტარტოში იმყოფებოდა და 74-ე წუთზე შეცვალეს. “ლეგია” 16-გუნდიან ექსტრაკლასას 43 ქულით ლიდერობს.

ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-4 ტურში, გარგჟდაის “ბანგა”, რომელიც ქართველი ფეხბურთელების ნაკლებობას არ უჩივის, მოქმედ ჩემპიონ პანევეჟისის “ეკრანასთან” შინ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა ვაჟა ბედოიძემ, რომელმაც 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. გიორგი ნიქაბაძე მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა, ხოლო ირაკლი ღერკენაშვილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. სამატჩო განაცხადში არ იყვნენ გიორგი ქავთარაშვილი და თამაზ ჩარგეიშვილი. 4 ტურის შემდეგ, “ბანგას” 4 ქულა აქვს და 9 გუნდში მე-7 ადგილზეა.

უზბეკეთის უმაღლესი ლიგის მე-4 ტურში, ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა, ბეკაბადის “მეტალურგთან” სტუმრად 0:2 წააგო. ქართველმა საყრდენმა ნახევარმცველმა პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა, ხოლო ტაშკენტელები 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.

“ბუხარამ”, რომლის შემადგენლობაშიც გიორგი კვესიეშვილი ირჯება, “ქიზილქუმი” მიიღო და 4:3 აჯობა. ქართველი მცველი მოედანზე 22-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. “ბუხარა” 6 ქულით მე-7 ადგილზეა.

სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის 22-ე ტურში, “მოროკა სვოლოუსმა” თავის მოედანზე “ფრი სტეიტ სტარსი” 1:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა 18-კაციან განაცხადში იყო გიორგი ნერგაძე, რომელსაც არ უთამაშია. “მოროკას” 28 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-9 პოზიციაზეა.

კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, ახნის “ეთნიკოსმა” გასვლაზე “ალკისთან” 5:6 წააგო. ქართველი ნახევარმცველი ლევან მაღრაძე სასტარტოში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. “ეთნიკოსს” 22 ქულა აქვს და 14 გუნდში მეთორმეტეა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში, “ორდაბასიმ” შინაურ კედლებში “ასტანასთან” 0:2 წააგო. დამარცხებულთა შემადგენლობაში დავით ჩაგელიშვილი 57-ე წუთზე გამოჩნდა. “ორდაბასის” მხოლოდ ქულა აქვს და 12 გუნდში ბოლოა.

“ატირაუმ”, რომელსაც ცოტა ხნის წინ გიორგი ფეიქრიშვილი დაუბრუნდა, ალმათის “ქაირათთან” სტუმრად 0:0 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი თადარიგში კი იყო, მაგრამ მოედანზე შესვლა არ მოუწია. მისი გუნდი 4 ქულით მეშვიდეზეა.

“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, გასვლაზე “ვოსტოკთან” 1:1 ითამაშა. თეთრაძის შეგირდებს 3 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან.

ბელარუსის პრემიერლიგის სტარტზე ბრესტის “დინამო” “ბელშინას” ესტუმრა და 0:1 წააგო. ბრესტელთა რიგებში 71-ე წუთზე გამოჩნდა უჩა გოგოლაძე, ხოლო ოთარ ჩაფიძე და დათა სიჭინავა 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ. მათ “დინამოს” დუბლშემადგენლობაში ითამაშეს, რომელმაც “ბელშინას” სარეზერვო გუნდთან 0:2 წააგო. ჩაფიძემ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ხოლო მის მსგავსად სასტარტოში მყოფი სიჭინავა 66-ე წუთზე შეცვალეს.

პორტუგალიის ლიგა დე ონრას (პირველი ლიგა) 33-ე ტურში, “ოლივეირენსემ”, რომელშიც ავთო ებრალიძე თამაშობს, საშინაო კედლებში “ტროფენსეს” ვერ აჯობა – 0:0. ქართველი თავდამსხმელი სასტარტოში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “ოლივეირენსე” 50 ქულით 22 გუნდში მე-8 ადგილზეა.

უკრაინის პირველი ლიგის 23-ე ტურში, გათამაშების ლიდერმა “სევასტოპოლმა”, სადაც მათე ღვინიანიძე ირჯება, “ოლექსანდრიას” სტუმრად 4:1 მოუგო. ღვინიანიძემ 90 წუთი ითამაშა. “სევასტოპოლი” 18-გუნდიანი პირველი ლიგის სათავეში 47 ქულით იმყოფება.

0.116703