ფეხბურთი

13:15 | 7.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეპე: “გვჯერა, დესიმას შევასრულებთ”

სანაკრებო პაუზის დროს პორტუგალიის სპორტულმა გაზეთმა Record-მა ინტერვიუ ჩამოართვა პირენელთა ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველ პეპეს. წარმოშობით ბრაზილიელმა უკანახაზელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, “სამეფო კლუბს” სამივე ტურნირის მოგება რომ სურს და ხელეწიფება, კარლო ანჩელოტისა და ჟოზე მოურინიოს მისამართით კი საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

- მიმდინარე სეზონში საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- საკუთარ თავზე ბევრს ვერ ვიტყვი, მხოლოდ თქვენი კოლეგების, ჟურნალისტების თვალსაზრისს გავიმეორებ. მათი აზრით, საფეხბურთო კარიერის წარმატებული პერიოდი მიდგას და შედარებით უხეში და თავშეუკავებელი მცველისგან “რეალის” საიმედო უკანახაზელად ჩამოვყალიბდი.

- საამსეზონოდ მადრიდის ”რეალს” რა მიზნების გადაჭრა აქვს დასახული?

- გვჯერა, დესიმას შევასრულებთ. ამ მეტად რთული ამოცანის გადასაჭრელად ბევრს ვშრომობთ. მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით წარმატებით გამოვდივართ. ეს როგორც ჩემპიონთა ლიგას, ასევე საშინაო ტურნირებს პრიმერა დივიზიონსა და “სამეფო თასს” ეხება. ამჟამად სეზონის უმნიშვნელოვანესი, გადამწყვეტი ფაზა დაგვიდგა და “რეალის” ამჟამინდელი ფორმისა და სათამაშო ხარისხისგან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამივე ტურნირში ტრიუმფულად გამოსვლა შეგვიძლია.

- მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების წარმატებული გამოსვლა დიდწილადაა დამოკიდებული კრიშტიანუ რონალდუზე. როგორ გგონიათ, მან სათამაშო ფორმის პიკს მიაღწია?

- ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კრიშტიანუს პოტენციალს საზღვარი არ აქვს. იგი პრაქტიკულად ყოველ მატჩში მაოცებს. რონალდუ ნამდვილი პერფექციონისტია, რომელიც მიღწეულს არასდროს ჯერდება და ყოველთვის მეტის მიღწევა სწადია. როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე მისგან ყოველწლიურ პროგრესს უნდა ველოდეთ. კრიშტიანუსთვის ხომ ზღვარი არ არსებობს.

- ამჯერად ახალ დამრიგებელ, კარლო ანჩელოტისთან გიწევთ თანამშრომლობა. იტალიელ სპეციალისტს როგორ დაგვიხასიათებდით?

- როდესაც გუნდში ახალი დამრიგებელი მოდის, მას გარემოსთან, ფეხბურთელებთან ადაპტირებისთვის დროის გარკვეული პერიოდი ესაჭიროება. კარლო ანჩელოტისთვის ეს რთული ფაზა უკვე დაძლეულია. თავდაპირველად აპენინელთან ურთიერთობისას გარკვეული სახის სირთულეები გვქონდა. ეს ბუნებრივიც იყო, ამჟამად კი სენიორ კარლოსი კარგად გვესმის და იოლად ვხვდებით, რას ითხოვს მწვრთნელი ჩვენგან. ამან “რეალის” თამაშსა და შედეგზე სასიკეთო ზეგავლენა მოახდინა.

- ჟოზე მოურინიოზე რას გვეტყოდით?

- სეუ ჟოზეთი მოხიბლული ვარ. ის ძალიან ყურადღებით და თბილად ეპყრობა ფეხბურთელებს. მან რამდენიმე ენა იცის და პრაქტიკულად ნებისმიერ მოთამაშეს მშობლიურ ენაზე ესაუბრება. მოურინიო ვარჯიშის და წვრთნის დასრულების შემდეგაც სიტუაციას მთლიანად აკონტროლებს. მოურინიოს ვარჯიშებმა გამაოცა. მომქანცველი წვრთნა იმავდროულად ძალიან საინტერესოცაა. პორტუგალიელი ჩვენგან აგრესიულობას ითხოვდა და განსაკუთრებულ აქცენტს მოწინააღმდეგისთვის ბურთის ართმევის ტექნიკის დამუშავებაზე აკეთებდა. ჟოზე მოურინიო ბრწყინვალე მწვრთნელია.

თეგებიპეპე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111007