“გუნდი, რომელსაც წაგება მისჯილი აქვს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვერაფრით გავა”, – უთხრა ჟურნალისტებს ესპანური “მალაგას” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის დასრულებისთანავე. “მალაგა” დორტმუნდში “ბორუსიას” 91-ე წუთამდე 2:1-ს უგებდა და არა თუ გამარჯვება, 2:2-იც კი აწყობდა ნახევარფინალში გასასვლელად, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში 2 გოლი გაუშვა და გათამაშებას გამოეთიშა. ესპანელთა დამრიგებელი წაგებაში მსაჯებს ადანაშაულებს.
“მთავარ მსაჯს გერმანული კლუბის ორი ფეხბურთელი უნდა გაეძევებინა. ამასთან, თამაშგარედან გასული გოლითაც დაგვსაჯა. როდესაც ასეთ უსამართლობებს აწყდები, წარმატებაზე ფიქრიც კი ძნელია”, – დაიჩივლა პელეგრინიმ.