ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მიუნხენში “ბაიერნთან” გამარჯვების შემდეგ (3:2), “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის ეს საჭირო და მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო: “ზოგი ამბობდა, ამ მატჩს პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს და არაფერს ნიშნავსო, მაგრამ ასე არ არის. ჩვენ პირველი შეხვედრის გამო რევანშის აღება გვსურდა. მაშინ მართლაც საშინლად ვითამაშეთ. დღევანდელი მოგების შემდეგ კი ფეხბურთელებმა ირწმუნეს, რომ ნებისმიერი მოწინააღმდეგის დამარცხება შეუძლიათ.” – უთხრა პელეგრინიმ უეფას ოფიციალურ ვებგვერდს.