კალათბურთი

15:17 | 1.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პარკერის ნაყოფიერი დღე

სან ანტონიო სპურზის” გამთამაშებელმა ტონი პარკერმა, რომელსაც “დალას მავერიქსთან” მორიგი მატჩის წინ პირველი შვილი შეეძინა, საკუთარ თავს ჩინებული საჩუქარი უძღვნა. ფრანგმა გამთამაშებელმა სერიის მე-5 მატჩში 23 ქულა ჩააგდო და “სპურზი” 3:2 დააწინაურა.

აღსანიშნავია, რომ პარკერს მცირე ტრავმაც აწუხებდა, თამაშის წინა დღე კი მშობიარე მეუღლესთან ერთად გაატარა, თუმცა, ყველაფერი გადალახა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. “ლამისაა ჭკუიდან შევიშალო. ასეთი სიხარული ცხოვრებაში არ განმიცდია. საერთოდ არ მიძინია და მხოლოდ ადრენალინის ხარჯზე ვითამაშე”, - აღნიშნა ტონიმ.

ცნობისთვის, “დალასთან” სერიის განმავლობაში, ეს “სან ანტონიოს” დიდ ოჯახში პირველი მატება არ გახლავთ. 21 აპრილს, “სპურზის” და “მავერიქსის” პირველი მატჩის კვალად “სან ანტონიოს” არგენტინელ ვარსკვლავ მანუ ჯინობილის მე-3 ვაჟი შეეძინა.

სერიის მე-5 შეხვედრით, რომელშიც “სპურსმა” 109:103 მოიგო, კმაყოფილი დარჩა სან ანტონიოელთა თავკაცი გრეგ პოპოვიჩი. მისი თქმით, გუნდმა ბოლოსდაბოლოს ის თამაში აჩვენა, რომელიც მის დონეს შეესაბამება.

“ვფიქრობ, გასულ მატჩებთან შედარებით, ბურთს უკეთესად ვაკონტროლებდით. შეტევაში დაახლოებით ისე ვითამაშეთ, როგორც – სეზონის უმეტესი ნაწილის განმავლობაში”, - განაცხადა პოპოვიჩმა, რომლის გუნდშიც პარკერის გარდა, ბრაზილიელი ტიაგო სპლიტერი (17 ქულა, 12 მოხსნა) და ამერიკელი ტიმ დანკანი (16 ქულა, 12 მოხსნა) გამოირჩნენ.

სერიის ფავორიტად მიჩნეულ “ბრუკლი ნეთსთან” სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა “ტორონტო რეპტორსი”. კანადურმა კლუბმა მე-5 მატჩი 115:113 მოიგო, თუმცა, შეხვედრის ფინიში რომ ასეთი დაძაბული გამოდგა, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.

საქმე ის გახლავთ, რომ დასკვნითი მეოთხედის წინ ტორონტოელები 22 ქულით იყვნენ წინ და ამ უპირატესობის განიავებამდე ცოტა დააკლდათ. “რეპტორზის” გამარჯვებაში ლომის წვლილი უკანახაზელმა კაილ ლოურიმ დაიდო, რომელმაც 36 ქულა მიითვალა და პლეი ოფებისთვის პირადი რეკორდი დაამყარა.

ლოურიმ მოედანზე 38 წუთი გაატარა და თამაშიდან 19-დან 11 ტყორცნა გამოიყენა (6 სამქულიანი), 10 საჯარიმოდან კი 8 ჩააგდო. მასპინძელთაგან 20-ქულიან ზღვარს დემარ დეროზანი გადასცდა, ხოლო ბრუკლინელთა ერთ-ერთი ლიდერი ჯო ჯონსონი 30 ქულას გამორჩა.

გრძელდება დაპირისპირება “ჰიუსტონ როკიტსსა” და “პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს” შორის. მე-5 მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, პორტლენდელები მომდევნო რაუნდში გადიოდნენ, თუმცა, უეს მეტიუზის (27 ქულა) და დემიან ლილარდის (26 ქულა, 8 მოხსნა, 7 პასი) ჩაუქობის მიუხედავად, მარცხი განიცადეს – 98:108.

ჰიუსტონელებმა უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მხოლოდ 8 კალათბურთელი დატვირთეს, რომელთაგან საუკეთესო დუაიტ ჰოვარდი გახლდათ. “სუპერმენის” აქტივში ორმაი დუბლი იყო – 22 ქულა, 14 მოხსნა.

აღნიშნულ სერიებში მე-6 მატჩები 3 მაისის დილას შედგება.

 

სან ანტონიო – დალასი 109:103 (27:26, 31:23, 21:22, 30:32)

სან ანტონიო: პარკერი (23 ქ.), სპლიტერი (17 ქ. 12 მ.), დანკანი (16 ქ. 12 მ.), ლენარდი (15 ქ. 8 მ.), გრინი (6 ქ.); ჯინობილი (19 ქ.), დიაო (8 ქ. 6 პ.), ბელინელი (3 ქ.), მილსი (2 ქ.), ბონერი.

დალასი: ნოვიცკი (26 ქ. 15 მ.), ელისი (21 ქ. 6 პ.), კალდერონი (8 ქ.), მერიონი (6 ქ.), დალემბერტი (2 ქ. 9 მ.); კარტერი (28 ქ.), ჰარისი (8 ქ.), რაიტი (4 ქ. 4 დ.), კრაუდერი.

სან ანტონიო იგებს სერიას 3:2

 

ტორონტო – ბრუკლინი 115:113 (28:25, 34:19, 29:25, 24:44)

ტორონტო: ლოური (36 ქ. 6 პ.), დეროზანი (23 ქ.), ვალანჩიუნასი (16 ქ.), ჯონსონი (11 ქ.), როსი (8 ქ.); ვასკესი (15 ქ.), ჰეიესი (4 ქ.), პატერსონი (2 ქ. 8 მ.), სელმონსი.

ბრუკლინი: ჯონსონი (30 ქ.), უილიამსი (13 ქ. 9 პ.), პირსი (10 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), გარნეტი (4 ქ.); ტელეტოვიჩი (17 ქ. 7 მ.), ანდერსონი (13 ქ.), ბლატჩი (7 ქ.), ტორნტონი (5 ქ.), პლამლი (5 ქ.), კირილენკო.

ტორონტო იგებს სერიას 3:2

 

ჰიუსტონი – პორტლენდი 108:98 (30:27, 26:21, 26:29, 26:21)

ჰიუსტონი: ჰოვარდი (22 ქ. 14 მ.), პარსონსი (20 ქ.), ჰარდენი (17 ქ. 7 პ.), აშიკი (10 ქ. 15 მ.), ბევერლი (5 ქ.); ლინი (21 ქ.), ჯონსი (8 ქ.), დენიელსი (5 ქ.).

პორტლენდი: მეტიუზი (27 ქ.), ლილარდი (26 ქ. 8 მ. 7 პ.), ლოპესი (17 ქ. 8 მ. 4 დ.), ბატუმი (15 ქ.), ოლდრიჯი (8 ქ. 8 მ. 4 დ.); უილიამსი (4 ქ.), რაიტი (1 ქ.), მაკკოლუმი, ბარტონი, ფრილენდი, რობინსონი.

პორტლენდი იგებს სერიას 3:2

0.139138