2 ოქტომბერს, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანის კაბინეტში ვეტერანმა კალათბურთელმა პაატა გურასპაულმა მასმედიას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის გადაწყვეტილება გააცნო. გამგეობის აღნიშნული სხდომა 1 ოქტომბერს ჩატარდა.
მასმედიისთვის გამგეობის გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გურასპაულმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
- გუშინვე რატომ ვერ მოხერხდა მასმედიისთვის გამგეობის გადაწყვეტილების გაცნობა?
- გამგეობის სხდომა გვიან დასრულდა და ამიტომ უპრიანად ჩავთვალეთ დღეს გაგვეცნო თქვენთვის გადაწყვეტილება.
- ფედერაციიდან ვინ აპირებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?
- არ ვიცი, გამგეობის სხდომაზე მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა.
- უკვე ცნობილია პრეზიდენტობის რამდენიმე მსურველი (ვლადიმერ ბოისა, მიხეილ ახვლედიანი, გიორგი მარკოიშვილი...). თქვენც ხომ არ აპირებთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?
- კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე არასოდეს მიფიქრია. ამიტომ პრეზიდენტობის მსურველთაგან მე გამომრიცხეთ.
- თქვენი აზრით, ვის აქვს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი?
- წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ერთის თქმა დანამდვილებით შემიძლია - პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში უნდა იყოს და მათი ბედი საკალათბურთო საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს.
- პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ფედერაციაში რამდენს აქვს ოფიციალური განაცხადი შემოტანილი?
- ოფიციალური განაცხადი ჯერ არავის შემოუტანია.
- გამგეობის მიერ დაგეგმილ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის განრიგში არ არის საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო...
- მიუხედავად იმისა, რომ არსებობს დაპირისპირება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და კალათბურთის ფედერაციას შორის, მათ შეხვედრას მაინც არ გამოვრიცხავ. აქვე მინდა დავამატო, რომ მასმედიიას წინასწარ ვეპატიჟებით იმ ღონისძიებებზე, რომელთა განრიგიც აქ მყოფ ჟურნალისტებს დაურიგდათ.