რიკი ჰიკმანის “მაკაბიმ” მილანში “ემპორიო არმანისთან” ევროლიგის მატჩი 77:91 დათმო და ეს, პლეი ოფში ერთადერთი წყვილი გახლავთ, რომელშიც 2 თამაშის თავზე ანგარიში საყაიმოა.
შეგახსენებთ, რომ იტალიურ-ებრაული დაპირისპირების პირველ მატჩში სტუმრებმა მცირე სასწაული მოახდინეს და მეტოქეს ოვერტაიმში 101:99 სძლის, ამჯერად კი, მილანელთა დამარცხება ვეღარ მოახერხეს.
ჰიკმანი, რომელმაც პირველ შეხვედრაში 26 ქულა ჩააგდო, ამჯერადაც სასტარტო ხუთეულში იყო და 28:07 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 4 პასი მიითვალა.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 6-დან 3 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 7-ჯერ დაირღვა.
რიკის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15 გახლდათ და თანაგუნდელთაგან იგი მხოლოდ ალექს ტიუსს (18) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.
“ემპორიო არმანი” ამჯერადაც გუნდური თამაშით და ზუსტი სამქულიანების დიდი რაოდენობით გამოირჩა. მილანელებმა 13 შორეული ტყორცნა გამოიყენეს, 10 და მეტი ქულა ერთბაშად ექვსმა კალათბურთელმა მიითვალა, ყველაზე შედეგიანი კი კერტის ჯერელსი იყო 17 ქულით.
აღნიშნული დაპირისპირების მომდევნო 2 მატჩი 21 და 23 აპრილს უკვე თელ ავივში შედგება და თუკი ორივე მატჩი “მაკაბიმ” მოიგო, “ოთხთა ფინალის” საგზურსაც მიიღებს, რომელსაც სწორედ მილანი უმასპინძლებს.
როგორც აღვნიშნეთ, გაცილებით ნაკლები ბრძოლაა დანარჩენ სამ წყვილში. “ბარსელონა”, “რეალი” და ცსკა, შესაბამისად, მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაის”, გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსს” და “პანათინაიკოსს” 2:0-ს ამარცხებენ და ფინალამდე თითო მოგება აშორებთ.