ჭიდაობა

12:31 | 25.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოთხი ქართველის წილი

დღეს სერბეთის ქალაქ ზრენჯანინში ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდება. წერტილს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დასვამენ. ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში ჩემპიონ-პრიზიორები უკვე გამოვლინდნენ, დანარჩენ ხუთ წონაში კი მედლები რამდენიმე საათში გათამაშდება.

საქართველოს ნაკრები საქმეში ოთხი სპორტსმენით ჩაერთვება.

გიორგი ყაზარაშვილი (54 კგ) მსოფლიოს პირველობას ინდოელ რავი კუმართან შეხვედრით გახსნის. გამარჯვების შემთხვევაში კი, მერვედფინალში, კანადის ნაკრების წევრ ჯოშუა ბონდარჩუკს დაეჭიდება.

ედუარდ ნიკოლიშვილს (63 კგ) პირველ მეტოქედ ირანელი ალი ესმაილპურჟუიბარი ერგო. ამ წყვილიდან გასული მერვედფინალში ბელარუს ვლადისლავ ელისეუსა და თურქ ენას უსლუს შორის მოგებულს შეხვდება.

გიორგი გიორგობიანიც (76 კგ) მეთექვსმეტედფინალით დაიწყებს, უკრაინელ ბოგდან პოპკოვთან ჭიდაობით. თუ დაამარცხებს, ირანელი ალი მოხერლოსა და თურქი ტოლგა იონელის წყვილიდან საუკეთესოს დაუპირისპირდება.

მძიმეწონოსანი გივი მაჭარაშვილი კენჭისყრამ პირდაპირ მერვედფინალში განთესა, სადაც მისი მეტოქე ლიტველი დენის ნედობორი იქნება. მეოთხედფინალში კი მაჭარაშვილი სავარაუდოდ რუსეთის ნაკრების წევრ ზაურ კოციევს შეხვდება, თუ ეს უკანასკნელი ინდოელ გურსევაკ სინგხს აჯობებს.

დღესვე მედლები 46 კილოგრამშიც უნდა გათამაშდეს, მაგრამ ამ წონაში ემზარიოს ბენტინიდისის გუნდს მონაწილე არ ეყოლება. არადა წინასწარი ინფორმაციით, ქართულ განაცხადში ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი თოდუა იყო შეყვანილი.

 

0.120356