ფეხბურთი

22:38 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ორი ტურით ადრე: 6 ადგილი, 9 პრეტენდენტი

კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის მატჩები გაიმართება. ანუ მეორე წრის დამთავრებამდე ორი სათამაშო დღეღა დარჩა, ეს და 16 მარტს. საუკეთესო ექვსეულში მოხვედრის თეორიული შანსი კი 9 გუნდს გააჩნია. ჯერჯერობით “თავი ქუდში” მხოლოდ “დინამოს,” “ჩიხურას” და ”ზესტაფონს” აქვთ. დანარჩენების ბედი კი მათ მოხერხებაზე და იღბალზე ჰკიდია.

 

გურია (ლანჩხუთი) – ჩიხურა (საჩხერე)

9 მარტი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ბერულავა, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:5

გასულ ტურში ლიდერ “დინამოსთან” ნაჭამი სირცხვილის შემდეგ (1:5), საჩხერელები რეაბილიტაციას შეეცდებიან. ჯერ ერთი, სატურნირო მდგომარეობისთვის ძალიან სჭირდებათ და მეორეც, უბრალოდ პრესტიჟის საქმეა – ბოლო დროს ამბიციური გუნდის სახელი დაიგდეს და ზედიზედ მეორე თამაშში ქულების დაკარგვა აღარ ეკადრებათ.

ლანჩხუთელებს კი მოტივაციისთვის სამი მიზეზი აქვთ: ერთი რომ, წინა ტურში მათაც წააგეს, ოღონდ ზემოიმერელთაგან განსხვავებით, აუტრსაიდერ “სპარტაკთან” (0:1), მეორე – შინ ახალგახსნილ სტადიონზე დამარცხდნენ და კვირას საკუთარი გულშემატკივრის გულის მოგებას შეეცდებიან. მესამე – პირველ წრეში “ჩიხურამ” “გურიას” 5:1 მოუგო და ლანჩხუთელებს, ცხადია, რევანშის წყურვილიც ექნებათ.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი

9 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 15:00
მსაჯები: ო. ხეცაძე, ი. უკლება, ი. მაჩიტიძე, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: გიორგი თექთურმანიძე, თორნიკე თუხარელი (“სპარტაკი”); ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”)

პირველ წრეში: 1:1

ეს თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართება და წესით, ძალიან დაძაბული უნდა გამოდგეს. საქმე ის არის, რომ ორივე გუნდი გასავარდნ ზონაშია, ორივეს 17 ქულა აქვს და უშუალო კონკურენტთან მოგებაც ხომ მნიშვნელოვანია. გასულ ტურში ორივემ გაიმარჯვეს (“სპარტაკმა” “გურიასთან” 1:0, “ზუგდიდმა” - “დილასთან” 2:1), ამიტომ ურთიერთს გამოკეთებულ ხასიათზე შეებმებიან.

 

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

9 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, დ. კვეტენაძე, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

დისკვალიფიცირებულები: დავით ბოლქვაძე, ვახტანგ კვარაცხელია (“დილა”)

პირველ წრეში: 2:0

საგაზაფხულო ეტაპი ორივე გუნდმა ცუდად დაიწყო. უკვე გამართულ 2 ტურში ჯერ ქულა არ აუღიათ (“დილა” “გურიასთან” 1:3 და “ზუგდიდთან” 1:2 დამარცხდა, “ვიტ ჯირჯია” კი “მეტალურგთან ” 0:2 და “ზესტაფონთან” 0:2). ამისდაკვალად, გორში სიტუაცია ცოტა დაიძაბა და მთავარ მწვრთნელს, რამაზ სოღოლაშვილს გულშემატკივრებისადმი მიმართვაც კი დასჭირდა, რომელშიც მან ქომაგებს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა, პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე აიღო და ახლო მომავალში ყველაფრის სასიკეთოდ შეცვლას დაჰპირდა. გორელებს პრიზიორებში მოხვედრის იმედი ჯერ არ დაუკარგავთ, ამიტომ ახლა ყოველი თამაში მათთვის ფინალის ტოლფასია. “ვეტერინარებმა” კი, თუ კვირას წააგეს, ზედა ექვსეულში მოხვედრის თეორიულ შანსსაც კარგავენ. 

 

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი)

9 მარტი. რუსთავი. “ფოლადი.” 15:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. ჩიგოგიძე, ბ. ნინუა, ჯ. ხორავა, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:0

ქვემოქართლური დერბიც საინტერესო უნდა გამოდგეს. ორივეს 30 ქულა აქვს, ორივე ზედა ექვსეულში დასამკვიდრებლად იბრძვის და ეს შეხვედრა ტყუილად არ ითვლება ტურის ერთ-ერთ მთავარ მატჩად. გასულ ორ საგაზაფხულო ტურში “მეტალურგმა” ოთხი ქულა მოაგროვა (“ვიტ ჯორჯიასთან” 2:0 და “მერანთან” 0:0), “სიონმა” კი “დინამოსთან” ხმაურიანი გამარჯვების შემდეგ, მოულოდნელად “შინ” ახლადშეკოწიწებულ ქუთაისის “ტორპედოსთან” წააგო (1:2).

 

ტორპედო (ქუთაისი) – დინამო (თბილისი)

9 მარტი. ქუთაისი. ცენტრალური. 15:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, გ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 1:2

ქართული “კლასიკო” ყოველთვის გამორჩეული და საინტერესოა ხოლმე. ასე იყო პირველ წრეშიც, როცა 26 ოქტომბერს, ძალიან დაძაბულ მატჩში დინამოელებმა გიორგი გველესიანის მიერ პირველ დამატებულ წუთზე გატანილი გოლის წყალობით 2:1 მოიგეს. მანამადე თავი თორნიკე კაპანაძემ და ამჟამად უკვე ექსდინამოელმა ლევან ხმალაძემ (პენალტით) გამოიჩინეს. ისიც გავიხსენოთ, რომ მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ მასპინძელთა ესპანელი უსტარიცი უკვე მე-3 წუთზე გააძევა. სხგვათა შორის, ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო ტორპედოელთა დაღმასვლა და სეზონის დასაწყისში საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს დღეს ზედა ექვსეულში მოხვერდაც სათუო გაუხდა. პირველი შეხვერდის შემდეგ ორივე გუნდის შემადგენლობა საგრძნობლად გადახალისდა. მწვრთნელებიც სხვები ჰყავთ - “დინამოს” ჩეხი დუშან უჰრინის მაგიერ მალხაზ ჟვანია, “ტორპედოს” კი ესპანელი ჟერარდ სარაგოსას ნაცვლად რევაზ ძოძუაშვილი. “მიხიჩამ” ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყო მუშაობა და ერთობ რთული ამოცანის წინაშე დგას, “ელიტას” 4 ქულით ჩამორჩება და დარჩენილ ორ ტურშიც მეტოქეებად ლიდერები ჰყავს, კვირას “დინამო,” 16 მარტს კი “ჩიხურა.”

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასწრება უფასოა, ხოლო პირდაპირ ტელეტრანსალაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს.

 

ზესტაფონი – მერანი (მარტვილი)

9 მარტი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

მსაჯები: თ. ხუჭუა, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

პირველ წრეში: 2:0

“ზესტაფონი” საგაზაფხულო ეტაპის საუკეთესო ქართული გუნდია. სამი მატჩიდან (ერთი მე-17 ტურის გადადებული შეხვედრა იყო “სპარტაკთან”) სამივე მოიგეს, 8 ბურთი გაიტანეს და არცერთი გაუშვიათ. წინა მიმოხილვაში ვწერდით, მარგველებს გია გეგუჩაძის ხელი დაეტყოთო და მართალიც არის. ცოტა ხნის წინათ გეგუჩაძე ამბობდა: ჯერ მთავარია ზედა ექვსეულში მოვხვდეთ და დანარჩენი მერე ვნახოთო. თუ ასე გაგრძელდა, ექვსეული კი არა, საპრიზო ადგილებისთვისაც იბრძოლებენ და ცოტა ადრე რომ მისულიყო გეგუჩაძე, ვინძლო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დინამოელთა მთავარი კონკურენტები ყოფილიყვნენ.

საინტერესოა, რომ ზამთარში “მერანის” მთავარ მწვრთნელად კახა ჩხეტიანის ნაცვლად ზურაბ იონანიძე დანიშნეს. “იონა” წლების განმავლობაში წარმატებით თამაშობდა ზესტაფონურ კლუბში და საუკეთესო მეგოლეც იყო.

 

1             დინამო                            20            14          3         3               48:16               45
2 ჩიხურა 20 11 5 4 39:29 38
3 ზესტაფონი 20 10 4 6 27:15 34
4 გურია 20 10 0 10 23:27 30
5 სიონი 20 8 6 6 25:22 30
6 მეტალურგი 20 8 6 6 25:23 30
7 დილა 20 7 7 6 25:20 28
8 ტორპედო 20 7 5 8 22:26 26
9 ვიტ ჯორჯია 20 7 4 9 25:27 25
10 სპარტაკი 20 5 2 13 16:30 17
11 ზუგდიდი 20 4 5 11 10:28 17
12 მერანი 20 4 3 13 15:37 15

 

მეგოლეები:

13 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

12 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

5 – ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.131897