საქართველოს მორაგბეთა ეროვნული, ხვალ, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ადგილობრივ გუნდთან 2013 წლის ერთა თასის დასკვნით მატჩს გამართავს, რომელიც ყოველმხრივ მნიშვნელოვანია.
ჯერ ერთი, ევროპული რაგბის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ბაკემ, ერთა თასი ბუქარესტში ჩაიტანა და მისით გამარჯვებულ გუნდს დააჯილდოვებს. ამასთან, 2002 წლიდან ჩვენი და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირებისას ქართველი ჟურნალისტის, ლევან კელაურიძის მიერ სახელდებული “ანთიმოზ ივერიელის თასი” რომ თამაშდება, ერთა თასის “დიდი სლემით” მომგები გუნდი ბონუსად ამ მეორე ჯილდოსაც ჩაიბარებს.
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი, რომელიც 2000 წლიდან ხან ერთ და ხანაც ორ წრედ თამაშდება ხუთჯერ მოიგო, ხოლო რუმინელებმა ოთხჯერ მოახერხეს გამარჯვება. ერთადერთი გუნდი, რომელიც ჩვენი და რუმინელების დავაში ჩაერია პორტუგალია იყო, რომელიც თასს ერთადერთხელ დაეუფლა. “ანთიმოზ ივერიალის თასზე” გუნდებმა 11 მატჩი გამართეს და 6 შემთხვევაში გამარჯვება ქართველებს დარჩათ, ხოლო ხუთჯერ უპირატესობა მეტოქის მხარეს იყო. სულ “ბორჯღალოსნებმა” და “მუხის რკოებმა” 16-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში აქ სრული თანაფარდობაა - ორივე გუნდის ანგარიშზე 8-8 გამარჯვებაა. რუმინელები ჯერჯერობით ქულებით და გატანილი ლელოებით გვჯობნიან - 29:26 და 315:301.
გემახსოვრებათ, რომ წლევანდელი და მომავალი წლის ერთა თასის ჯამით 2015 წლის მსოფლიო თასის ორი ევროპელი მონაწილეც უნდა გამოვლინდეს და ამ თამაშს ამ კუთხითაც დიდი დატვირთვა აქვს. მოცემული მომენტისთვის ორივე გუნდს 17-17 ქულა აქვს, მდევარს მნიშვნელოვანი სხვაობით უსწრებს, მაგრამ კიდევ უფრო დაწინაურება და ინგლისის საგზურის ვადაზე დანევება ურიგო რომ არ იქნება, ეს ყველასთვის ნათელია.
კიდევ ერთ დატვირთვას მომავალ დაპირისპირებას მსოფლიო რეიტინგი აძლევს. საქართველოს ნაკრები მცირე სხვაობით გამარჯვების შემთხვევაში 1,146 ქულას მიიღებს და ამერიკის ნაკრებს მე-16 პოზიციიდან ჩამოაჩოჩებს. თუ გამარჯვება 15-ზე მეტი ქულით შევძელით, მაშინ აშშ-ს უკან მოტოვებასთან ერთად იაპონიასაც ერთზე ნაკლებ ქულამდე მივუახლოვდებით. უმნიშვნელო მატება გვექნება (0,146) ფრის შემთხვევაში, ეს რეიტინგში კვლავ ჩვენს ადგილზე დაგვტოვებს, აი მარცხი კი, რუმინელებს “ბორჯღალოსნებზე” გადასწრების საშუალებას მისცემს და საქართველოს ნაკრები მე-17 პოზიციას დაკარგავს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ქართველთა მხრიდან მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი და პირველხაზელი იური ნატრიაშვილი წარდგნენ, რომელიც წლების განმავლობაში სწორედ რუმინეთის ჩემპიონატში გამოდიოდა. რუმინელთაგან პრესკონფერენციას უელსელი მთავარი მწვრთნელი ლინ ჰოულისი და გუნდის კაპიტანი მიჰაი მაკოვეი დაესწრნენ. იქვე იყო რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ალიმ პეტრაჩე, პრესკონფერენცია სწორედ მან გახსნა და უწინარესად რუმინელ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდა.
ალინ პეტრაჩე (რუმინეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “წინ დიდი, დაძაბული და მძიმე თამაში გველის. ქართველებთან ბოლო სამი მატჩი დავთმეთ, მაგრამ, ვიმედოვნებ, რომ ამჯერად “მუხები” ამ უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას მოახერხებენ. უკანასკნელმა ოთხმა თამაშმა დაგვანახა, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაშია. მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელი სტადიონზე მრავლად მოვიდეს და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით ამ ჯახის მოგებასთან ერთად ორ თასსაც დავეუფლებით”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ზედიზედ მეორედ ვეთამაშებით რუმინელებს ბუქარესტში და მომავალშიც დიდი სიამოვნებით გესტუმრებით. მომავალ თამაშზე რაიმეს წინასწარ დაგეგმვა არასწორი იქნება, რადგან ორივე გუნდი საუკეთესო ფორმაშია. სასწორზე 2015 წლის მსოფლიო თასის ქულებთან ერთად, წლევანდელი ერთა თასიც დევს და მაქსიმუმს გავიღებთ წარმატების მისაღწევად”.
იური ნატრიაშვილი: “მძიმე თამაში გველის. რუმინელებმა ზედიზედ სამ თამაშში ვერ მოახერხეს ქართველების დამარცხება, თუმცა, მიმაჩნია, რომ წელს რუმინეთს უკეთესი გუნდი ჰყავს, ვიდრე წინა წლებში. რუმინელების მიერ ჩატარებული ყველა თამაში ვნახე და დარწმუნებული ვარ, ხვალ ნამდვილი ბრძოლა იქნება”.
ლინ ჰოულისი (რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “უმნიშვნელოვანესი მომენტი ხვალინდელი თამაშისა ისაა, რომ საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ. იოლი ჯახი არ გველის. 2011 წელს საქართველომ მსოფლიო თასზე დაგვამარცხა, ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა და ახლა ჩვენი დრო დადგა”.
მიჰაი მაკოვეი (რუმინეთის ნაკრების კაპიტანი): “ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ხვალ მაქსიმუმს გავიღებთ, რათა რუმინელები გამარჯვებით გავახაროთ. მოტივაციის ნაკლებობას არ ვუჩივით, საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ და გვსურს სტადიონზე რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოვიდეს, რათა მათი მხარდაჭერით გამარჯვება მოვიპოვოთ და გულშემატკივარი გავახაროთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელსაც სურს, რომ კარგად ითამაშოს. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრებში მრავლად არიან გამოცდილი მორაგბეები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ლიგებში თამაშობენ, მაგრამ ჩვენი შემადგენლობაც დღითიდღე იზრდება”.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
16 მარტი. შაბათი
ბუქარესტი. “ტრიუმფალური თაღი”. 17 საათი (თბილისის დროით)
რუმინეთი - საქართველო
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 14. ადრიან აპოსტოლი (“ფარული”, რუმინეთი), 13. რობერტ დესკალუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 12. ფლორიან ვლაიკუ (“სტიაუა”, რუმინეთი), 11. ადრიან მატეი (“ლიმოჟი”, საფრანგეთი), 10. იონუც დიმოფტე (“რუენი”, საფრანგეთი), 9. ფლორინ სურუჯიუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი); 1. მიჰაი ლაზარი (“კასტრი”, საფრანგეთი), 2. ანდრეი რადოი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 3. პაულიცა იონი (“ლონდონ უელში”, ინგლისი), 4. ვალი ურსაჩე (“უაიონა”, საფრანგეთი), 5. მარიუს სირბე (“ტარბი”, საფრანგეთი), 6. ვიორელ ლუკასი (“სტიაუა”, რუმინეთი), 7. მიჰაი მაკოვეი (“სენ-ნაზერი”, საფრანგეთი, კაპ.), 8. დანიელ კარპო (“ტიმიშოარა”, რუმინეთი).
სათადარიგოები: 16. ანდრეაი ურსაჩე (“კარკასონი”, საფრანგეთი), 17. ევგენ კაპატანა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 18. ჰორაციუ პუნგეა (“ტიმიშოარა”, რუმინეთი), 19. ალინ კოსტე (“ბურგონი”, საფრანგეთი), 20. ალექსანდრ მიტუ (“ბუქარესტი”, რუმინეთი), 21. სიპრიან კაპლესკუ (“დინამო”, რუმინეთი), 22. ქსაბალ გალი (“ბაია მარე”, რუმინეთი), 23. იონუც ნიაკსუ (“ბაია მარე”, რუმინეთი).
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰოულისი (უელსი)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 20 ბორჯღალი, 15 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 62, 115, კაპ.), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 66, 85), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 12, 20), 11. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი, 4, 10), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 68, 424), 9. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 10, 0); 1. ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 22, 5), 2. ჯაბა ბრეგვაძე (“ტულუზა”, საფრანგეთი, 17, 5), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 39, 35), 4. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 63, 35), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 9, 0), 6. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 19, 10), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 50, 110), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 27, 25).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 38, 20), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 1, 0), 18. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 28, 10), 19. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 52, 15), 20. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 32, 5), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 2, 0), 22. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 60, 65), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 6, 9).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
1 | საქართველო | 4 | 4 | 0 | 0 | 126-52 | 17 |
2 | რუმინეთი | 4 | 4 | 0 | 0 | 105-56 | 17 |
3 | რუსეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 67-84 | 9 |
4 | პორტუგალია | 4 | 1 | 0 | 3 | 66-87 | 5 |
5 | ბელგია | 4 | 0 | 1 | 3 | 60-88 | 4 |
6 | ესპანეთი | 4 | 0 | 1 | 3 | 63-120 | 3 |