საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გარემარბმა ალექსანდრე თოდუამ, რომელიც საფრანგეთში თავის მეორე სეზონს ატარებს პირველი ლელო გაიტანა.
თოდუამ, რომელსაც 26 წელი 2 ნოემბერს შეუსრულდება, თავი ახალ ზელანდიაში გამართულ მსოფლიო თასზე გამოიჩინა და მალევე საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ Pro D2-ში ჩაირიცხა. გასულ სეზონში მან 19, ხოლო მიმდინარეში 6 თამაში ჩაატარა და პირველი ფრანგული ლელო “ბეზიეს” გაუტანა.
ვახტანგ ახობაძის, ხვიჩა ბუჯიაშვილის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილის, სანდრო თოდუასა და კახა კობერიძის “ალბიმ” ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” 33:15 დაამარცხა, თოდუამ სრულად ითამაშა და ლელო 70-ე წუთზე გაიტანა. მასპინძელთა რიგებში 62-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა თეთრაშვილმა, ხოლო შეყლაშვილი სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 47-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა, ანგარიში 12:12 იყო, როდესაც 36-ე წუთზე შეყლაშვილი შერკინებაში დაჯარიმდა და “ალბიმაც” ამ ჯარიმის წყალობით ტაიმი 3 ქულით მოიგო.
“ბეზიემ” წონასწორობა 47-ე წუთზე აღადგინა, მაგრამ დარჩენილ დროში ორი ჯარიმა და ორი ლელო გაუშვა, რომელთაგან ერთს ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ პირველი ლელო ქართველების აქტიური მონაწილეობით გავიდა. 63-ე წუთზე პირველი დარტყმა თოდუამ განახორციელა, მერე მარცხნივ ბურთი თეთრაშვილს მიუვიდა, რომელმაც ხაზი გაჭრა, ერთი მბოჭავი ჩამოიცილა, რამდენიმე მეტრით წინ წაიწია და ქართველის შეჩერებას მეტოქე გუნდის ორი მორაგბე დაჭირდა. როდესაც ის შეაჩერეს, პორტუგალიელმა 9 ნომერმა სამუელ მარკესმა რაქიდან ბურთი აიტაცა და მოკლე, დაუცველ ფლანგზე გაიქცა. 70-ე წუთზე თოდუამ მარცხენა ფლანგზე მიიღო გადაცემა, მას სივრცეც საკმარისი ჰქონდა და მბოჭავის მცდელობის მიუხედავად ჩათვლის მოდნის ხაზი გადაკვეთა.
ამრიგად, “ალბიმ” ბოლო ორი ზედიზედ და ბოლო ოთხიდან სამი თამაში რომ მოიგო, ცხრილის ფსკერს პირველად დააღწია თავი და 13 ქულით მე-12 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო “ბეზიეს” 15 ქულა დარჩა და მე-11 საფეხურამდე დაქვეითდა.
საფრანგეთში დიდი ხანია თამაშობს, თავი ლელოთი ადრეც გამოუჩენია (მათ შორის თოპ 14-შიც), ამ სეზონში კი, მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი მეორედ დაამიწა 26 წლის გურამ კავთიძემ. მისი და ვიტო კოლელიშვილი “ლიონმა” თორნიკე ლომიძის “ოში” 40:12 დაამარცხა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 32 ქულით ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ლომიძე განაცხადში ვერ მოხდა, კოლელიშვილმა პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო კავთიძე ბრძოლაში 62-ე წუთიდან ჩაერთო და სტუმართა რბევა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მე-6 ლელოთი დაასრულა.
“ლიონმა” მხოლოდ ლელოებზე ითამაშა და არც შემცდარა. შესვენებამდე მათ ორჯერ გადაკვეთეს სტუმართა ჩათვლის მოედნის ხაზი, მაგრამ ორი ჯარიმა გაუშვეს და მატჩს ინტრიგა შერჩა - 12:6. მეორე ნახევრის დებიუტში გაშვებულ ლელო-გარდასახვას “ოშმა” ორი ჯარიმით უპასუხა და სხვაობა ამჯერად 7 ქულამდე დავიდა, მაგრამ დასკვნით 12 წუთში კიდევ სამი ლელო გაუშვა. ბოლო წუთზე კავთიძემ მარცხენა ფლანგზე მიიღო გადაცემა, დაახლოებით 17-18 მეტრი დაფარა და ორ მცველთა ჭიდილში ჩათვლის მოედანში შესრიალდა. “ოშს” 10 ქულა დარჩა და ბოლო, მე-16 ადგილამდე დაქვეითდა.
ლევან დათუნაშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი ტარიელ რატიანიძის “აჟენი” 25:21 დაამარცხა. მეორეხაზელმა დათუნაშვილმა ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა, რატიანიძე თამაშში შესვენების შემდეგ ჩაერთო, ნაცარაშვილი კი, შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა. თამაშმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. ანგარიში “აჟენმა” გახსნა, მერე “ორიაკმა” ორი ჯარიმა და ერთი არეკნი გაიტანა, რის შემდეგაც მე-20 წუთისთვის 9:3 დაწინაურდა, მაგრამ შესვენებამდე ოთხი უპასუხო ჯარიმა მიიღო - 9:15.
მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ხოლო 59-ე წუთზე მასპინძლებმა 5-მეტრა დერეფნიდან კარგი მოლი დააყენეს, მასში დათუნაშვილი და ნაცარაშვილი აქტიურად მონაწილეობდნენ და ლელოც გავიდა, ხოლო ზუსტი გარდასახვის შემდეგ “ორიაკი” 19:18 დაწინაურდა. სტუმრებმა დარჩენილ დროში ჯარიმით კიდევ ერთხელ მოახერხეს მოახერხეს წინ გასვლა, მაგრამ მერე ორი ჯარიმა თავადაც მიიღეს და “ორიაკმა” 25:21 იმარჯვა. ამრიგად, გუნდებს 26-26 ქულა დაუგროვდათ და მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ.
ლექსო ყაულაშვილის “ლა როშელმა” თამაზ მჭედლიძისა და მერაბ შარიქაძის “ბურგ-ან-ბრესი”37:10 დაამარცხა, მაგრამ რაგბის ქართველი გულშემატკივრისთვის აქ საინტერესო სხვა რამ უნდა იყოს. “ბორჯღალოსანთა” შუამარბმა შარიქაძემ, 52-ე წუთზე სასტარტო შემადგენლობაში მყოფი მჭედლიძე შეცვალა და საფრანგეთის ჩემპიონატში მისი დებიუტი შედგა. მასპინძელთა განაცხადში არ იყო ყაულაშვილი. სტუმრებმა თავისზე ძლიერ მეტოქესთან ვერაფერი გააწყვეს და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანეს. “ლა როშელი” 29 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “ბურგ-ან-ბრესი” 11 ქულით ბოლოდან მეორეა.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” “კოლომიეს” უმასპინძლა და 20:15 იმარჯვა. მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ჩვენებური არ დააყენა, მაგრამ 56-ე წუთზე მოედანზე სამივე ერთად შეუშვა. ახლა “ტარბს” 16 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. Pro D2-ის მომდევნო ტურის თამაშები 2-3 ნოემბერს გაიმართება.