კალათბურთი

20:42 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ორგანიზაცია “ქართული კალათბურთის“ განცხადება

ჩვენი ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდის აქტიურობით, პირველ რიგში, მივაღწიეთ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის დეპოლიტიზირებას. კერძოდ, ჩვენი ხმამაღალი განცხადებების საფუძველზე, 2012 წლის 25 დეკემბერს ფედერაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მოეწვია რიგგარეშე ყრილობა, სადაც ყოფილი მმართველი გუნდის სამი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი გაირიცხა ფედერაციის გამგეობიდან და ისინი ჩაანაცვლეს ვეტერანმა კალათბურთელებმა.

გარდა ამისა, ჩვენ უარი ვთქვით და პრინციპულად გავემიჯნეთ ჩვენი ორგანიზაციის სამი წევრის კალათბურთის ფედერაციის ე.წ. “რეორგანიზებულ” გამგეობაში შესვლას. ამის სანაცვლოდ, ამავე თემის საფუძველზე, ჩვენ თვითონ მოვახდინეთ ჩვენი ორგანიზაციის რიგებში გარკვეული ცვლილებები, რასაც მოგვიანებით, შედეგად მოჰყვა ჩვენგან დამოუკიდებლად ახალი ორგანიზაციის დაფუძნება, რომელიც დღეს “კალათბურთელთა კავშირის” სახელით არის ცნობილი.
ჩვენ მხოლოდ ფედერაციის დეპოლიტიზირებით არ შემოვფარგლულვართ. ჩვენ დავიწყეთ კალათბურთის ფედერაციის სამართლებრივი “მოწესრიგება” კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასთან (ფიბა) და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. შედეგად მივიღეთ კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის წერილობითი აღიარება წესდებაში არსებულ ჩვენს მიერ მითითებულ უმკაცრეს დარღვევებთან დაკავშირებით და ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელობის მზადყოფნა იმისთვის, რომ წესდება შეიცვლებოდა. წესდების ახალი პროექტი უკვე კარგა ხანია ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, 10 აგვისტოს კი დანიშნულია მორიგი რიგგარეშე ყრილობა, რათა ამ უკანასკნელმა ახალი წესდება დაამტკიცოს.
დღესდღეობით ქართულ საკალათბურთო ოჯახში დიდი ციებცხელებაა 2013 წლის ნოემბერში დანიშნულ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის არჩევნებთან დაკავშირებით. გამოკვეთილია ორი გუნდის აქტიურობა: “კალათბურთელთა კავშირის” მიერ დასახელებული პრეზიდენტობის კანდიდატი ბ-ნი მიშა ახვლედიანი და მოქმედი პრეზიდენტი ბ-ნი ბესიკ ლიპარტელიანი, რომელიც ამა წლის ნოემბერში თავის გუნდთან ერთად კალათბურთის ფედერაციის სათავეში ყოფნის მე-12 წელს ამოწურავს. შეიძლება ითქვას, ამ ეტაპზე ქართულ კალათბურთში ცივი ომია გამოცხადებული.
ჩვენ მოვუწოდებთ კალათბურთის ფედერაციის მოქმედ ხელმძღვანელობას თავი დაანებოს იურიდიულ ეშმაკობას და შეეშვას იურიდიული პირი დელეგატებით ვაჭრობას, რათა არჩევნებში სასურველი ხმები მათ მიერ დასახელებულმა კანდიდატმა მიიღოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მოქმედი წესდებით, წინა არჩევნების დროს ფედერაციის იგივე ხელმძღვანელები სასურველ კვოტებს ადგენდნენ ფიზიკური პირი დელეგატების არჩევით. ამჯერად ჩვენი ე.წ. სამართლებრივი “რეპრესიების” გზით საქმე “ცოტათი” გავურთულეთ, თუმცა სამწუხაროა, რომ მაინც არის იმის მცდელობა წესდების გარკვეული პუნქტები საკუთარ ინტერესებს მოარგოს ამ კონკრეტულმა დაინტერესებულმა მხარემ.
წესდება ერთხელ და სამუდამოდ უნდა იქცეს სრულყოფილ დოკუმენტად, რომელიც გახდება არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარების გარანტი.

0.122366