საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამსუნის გრან პრი სამივე სინჯის თითო მედლით და გუნდური მეოთხე ადგილით დაასრულა. ბექა ღვინიაშვილის (90 კგ) ოქროსა და ლევან მატიაშვილის (+100 კგ) ბრინჯაოს ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ) ვერცხლი მიამატა. ამ უკანასკნელს ჩემპიონობამდე ლიტველი მარიუს პასკევიჩუსის ძლევა დააკლდა.
ფინალის გზაზე ოქრუაშვილმა ალჟირელი ბილალ ზუანი, ყაზახი იერჟან შინკეიევი და გერმანელი ანდრე ბრეიტბარტი დაამარცხა. ვერცხლის მედლით კი 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და მსოფლიოს რეიტინგში მეორე პოზიცია გაიმყარა.
დღესვე თურქულ ტატამზე 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ალექსანდრე მსხალაძე და გურამ თუშიშვილიც გავიდნენ, მაგრამ ორივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა, ისევე, როგორც +78 კილოგრამში მოჭიდავე ირინე ლეონიძე.