ბრაზილიაში ჩატარებული ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. რიო დე ჟანეიროში ევროპის ჩემპიონის რანგში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა თავისი ძალა მთელ მსოფლიოს დაანახა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფინალის გზაზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო. გადამწყვეტ დრამატულ ბრძოლაში კი რუსეთის ნაკრებს ლამის წაგებული შეხვედრა შემოუტრიალა. ოქროს წერტილი კი ადამ ოქრუაშვილმა დასვა მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინის შებოჭვით.
შეჯიბრებაში სულ თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. გასული წლების ანალოგიური ტურნირებისგან განსხვავებით, გუნდების თავკაცებმა შემადგენლობები ძირითადად პირველი ნომრებით დააკომპლექტეს.
კენჭისყრაში საქართველოს ნაკრებს აშკარად არ გაუმართლა. მერვედფინალშივე ერთ-ერთ ფავორიტს, საფრანგეთს დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრანგების კარნახით დაიწყო – ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) დავიდ ლაროშთან ხუთ წუთში იუკოსა და ვაზარზე დავარდა. თავად კი ილეთის შესრულება ვერ შეძლო.
საერთო ანგარიში ნუგზარ ტატალაშვილმა (73 კგ) გაათანაბრა, პიერ დუპრას ძლევით. ამ დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა, რომელიც მსაჯმა შედარებით პასიურ ფრანგს მისცა.
ქართულ-ფრანგულ მესამე შეხვედრაში მსოფლიოს ინდივიდუალური პირველობის ფინალი განმეორდა. ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) ლუის პიეტრის დაეჭიდა, ვისთანაც სამიოდ დღის წინ კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლის შანსი დაკარგა. რევანშისთვის ჭრიკიშვილმა სულ რაღაც წუთნახევარი იკმარა. ჯერ პიეტრის წამოწყებული ილეთი დაასრულა ვაზარად შეფასებული კონტრილეთით, შემდეგ კი კიდევ ერთი ლამაზი გდებით აიღო მეორე ვაზარი და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. მეოთხედფინალის საგზური გუნდს ვარლამ ლიპარტელიანმა მოუტანა, აქსელ კლერჟეს ძლევით. ეს უკანასკნელი მსაჯმა ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის მოხსნა.
მძიმეწონოსანთა დაპირისპირებამ აზრი დაკარგა, მაგრამ ერთი დიდი დამატებითი დატვირთვა მაინც შერჩა - ადამ ოქრუაშვილი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ტედი რინერს კიდევ ერთხელ დაეჭიდა. შეგახსენებთ, გაზაფხულზე რინერმა ოქრუაშვილს ევროპირველობის ფინალში მოუგო, გუშინწინ კი მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალშიც აჯობა.
გუნდურის უმოტივაციო შეხვედრაში ფრანგმა გოლიათმა ჭიდაობაზე უარი თქვა და მსაჯს გამარჯვებულად მეტოქე გამოაცხადებინა, მაგრამ სამსაჯო მაგიდიდან ტატამზე გასვლა კატეგორიულად მოსთხოვეს და... ისევ მოიგო, ოღონდ ახლა უკვე ერთით ნაკლები შიდოს ხარჯზე.
მეოთხედფინალში ქართული ხუთეული მონღოლებს დაეჭიდა. გამარჯვებული ამ შემთხვევაშიც პირველი ოთხი წონის დაპირისპირების შემდეგ გამოვლინდა.
უზნაძემ შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა - შავდათუაშვილი ამირან პაპინაშვილით ჩაანაცვლა, ხოლო ტატალაშვილი ზებედა რეხვიაშვილით.
თავიდან მონღოლები დაწინაურდნენ, მას შემდეგ, რაც ტუმურხულეგ დავაადორჟმა პაპინაშვილს ერთადერთი გაფრთხილებით აჯობა. რეხვიაშვილმა კი უხვტიტულა მეტოქეს ცაგაანბაატარ ჰაშბაატარს სამ წუთში შესრულებული ორი ვაზარით მოუმთავრა საქმე. ავთანდილ ჭრიკიშვილმა ნიამ ოჩირ საინიარგალს შიდოებით 2:1 მოუგო. ვარლამ ლიპარტელიანმა კი ნახევარფინალში გამსვლელი გამარჯვება ცოგტგერელ ხუთაგთან სუფთა გდებით მოიპოვა. თანაგუნდელებს არც ადამ ოქრუაშვილი ჩამორჩა და ნაიდან ტუვშინბაიარი ორწუთნახევარში დასცა ბეჭებზე.
ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების სატურნირო გზა იაპონიისას უერთდებოდა, მაგრამ ძიუდოს ფუძემდებლებმა მოულოდნელად წაიფორხილეს და მათი მძლეველი უზბეკები დადგნენ ქართველი ძიუდოისტების პირისპირ.
წინა ეტაპების მსგავსად, პირველ წონით კატეგორიაში ისევ დავმარცხდით. ლაშა შავდათუაშვილი რიშოდ სობიროვთან მეორე წუთზე ვაზარზე დავარდა, მალევე სუფთა გდებაზეც წამოეგო. ნუგზარ ტატალაშვილმა მირალი შარიპოვისთვის ოქროს დროში შესრულებული იუკოთი გაათანაბრა საერთო ანგარიში. ავთანდილ ჭრიკიშვილმა კი ნაკრები იახიო იმამოვის ძლევით დააწინაურა. ჯერ ვაზარზე დააგდო მეტოქე, შემდეგ კი, მეორე წუთის მიწურულს, მორიგი ეფექტური გდებით ბეჭებზეც გააკრა. ვარლამ ლიპარტელიანმა ერხინ დონიოროვი ორ წუთში შებოჭა და ფინალის საგზურიც გაუნაღდა გუნდს. ადამ ოქრუაშვილმა კიდევ ერთ უმოტივაციო შეხვედრაში საიდ ყურბანოვს პირველსავე წუთზე მოუმთავრა საქმე.
რუსებს გაცილებით ადვილი სატურნირო ბადე ერგოთ, ვიდრე ქართველებს და შესაბამისად, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე მიაღწიეს საწადელს – ფინალის გზაზე კოლუმბიელებს და კუბელებს მშრალად მოუგეს – 5:0, სამხრეთ კორეას კი 4:1.
ფინალი ლაშა შავდათუაშვილისა და ალიმ გადანოვის შეხვედრით დაიწყო. ქართველმა ევროპის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჩვეული ჭიდაობის ჩვენება ვერც ამჯერად მოახერხა. შეხვედრის მიწურულს მეტოქის იუკო და ვაზარი გამოეპარა. საერთო მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, როდესაც ზებედა რეხვიაშვილი მურად კოძოკოვთან დამარცხდა. არადა ქართველი ძიუდოისტი საბედისწერო ილეთამდე არნახულ უპირატესობას ფლობდა – მეტოქეს ვაზარს და ორ იუკოს უგებდა. ერთ ეპიზოდში კი გადანოვის შებოჭვით ძლევამდე 4 წამი დააკლდა.
საქართველოს მეტოქეს მსოფლიოს ჩემპიონობამდე ერთადერთი ქულის აღება სჭირდებოდა. წინ კი კიდევ სამი წონითი კატეგორია იყო. ზეიმის მოლოდინით აჟიტირებულ რუსებს ორქულიანი უპირატესობა ავთანდილ ჭრიკიშვილმა შეუმცირა, სირაჟუდინ მაგომედოვის დამარცხებით. ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტმა გაფრთხილებებით 2:1 მოიგო. უილეთოდ ჩამთავრდა ვარლამ ლიპარტელიანისა და კირილ დენისოვის ბრძოლაც და ამ შემთხვევაშიც, შეხვედრის ბედი ერთით მეტმა შიდომ გადაწყვიტა. საბედნიეროდ, ისევ ჩვენებურის სასარგებლოდ.
ოქროს მედლისთვის ერთმანეთს ადამ ოქრუაშვილი და ალექსანდრ მიხაილინი დაეჭიდნენ და ბრაზილიურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა მრისხანე მეტოქე უკვე მეორედ გაამწარა.
შეხვედრის შუაწელს ოქრუაშვილი გაფრთხილებით იგებდა, მაგრამ ეს უპირატესობა არ იკმარა, აქტიურად შეუტია და ნაადრევად დაღლილი მოწინააღმდეგე პარტერში გადაიყვანა. იქ კი უპრობლემოდ შებოჭა. საქართველოს ნაკრებმა 3:2 მოიგო და მსოფლიოს რიო დე ჟანეიროს კვარცხლბეკიდან გადმოხედა.
ბრინჯაოს მედლები იაპონიამ და უზბეკეთმა მოიპოვეს. მამაკაცების პარალელურად, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი ქალებშიც გაიმართა. ტურნირი წაუგებლად იაპონიამ ჩაამთავრა, რომელმაც ფინალში ბრაზილია 3:2 დაამარცხა. მესამე საპრიზო ადგილები კი კუბამ და საფრანგეთმა დაიკავეს.
ძიუდო
მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი
რიო დე ჟანეირო
1 სექტემბერი
კაცები
მერვედფინალი
კუბა – ურუგვაი 4:1
რუსეთი – კოლუმბია 5:0
გერმანია – ბრაზილია 3:2
სამხრეთ კორეა – ყაზახეთი 5:0
იაპონია – ახალი ზელანდია 4:1
უზბეკეთი – უკრაინა 3:2
საქართველო – საფრანგეთი 3:2
მონღოლეთი – ალჟირი 3:2
მეოთხედფინალი
რუსეთი – კუბა 5:0
სამხრეთ კორეა – გერმანია 3:2
უზბეკეთი – იაპონია 3:2
საქართველო – მონღოლეთი 4:1
ნახევარფინალი
რუსეთი – სამხრეთ კორეა 4:1
საქართველო – უზბეკეთი 4:1
რეპეშაჟის ნახევარფინალი
გერმანია – კუბა 4:1
იაპონია – მონღოლეთი 3:2
მე-3 ადგილისთვის
იაპონია – სამხრეთ კორეა 4:1
გერმანია – უზბეკეთი 3:2
ფინალი
საქართველო – რუსეთი 3:2
ქალები
1 იაპონია
2 ბრაზილია
3 საფრანგეთი
3 კუბა