ჭიდაობა

20:23 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოქროს გრან პრის ქართული ოქროს გვირგვინი

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან პრის ფინალურ ტურნირზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ბეგი დარჩიას გუნდის წევრთაგან შეჯიბრება წაუგებლად რობერტ ქობლიაშვილმა (85 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ჩაამთავრეს. რევაზ ლაშხს (66 კგ) და ზურაბ დათუნაშვილს (75 კგ) პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ფინალის მოგებაღა დააკლდათ, ფირუზ წულუკიძე (71 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.

რობერტ ქობლიაშვილი საჩემპიონო გზას ლიტველ ლაიმუტის ადომატისთან მოგებით (2:1) შეუყვა. ფინალამდე ირანელი ნური ჰოსეინი (3:1) და უზბეკი რუსტამ ასაკალოვიც (1:1) ჩამოიცილა. გადამწყვეტი გამარჯვება კი აზერბაიჯანის ნაკრების ირანელ ლეგიონერ სამან აჰმან ტაჰმასებისთან იზეიმა (3:0).

იაკობ ქაჯაიასა და აზერბაიჯანელი საბაჰ შარიათის ფინალური დაჭიდება ოქროს გრან პრის დამაგვირგვინებელი შეხვედრა იყო ცენტრალურ ხალიჩაზე და იგი ერთ-ერთი საუკეთესო სანახავიც გამოდგა და ქართველი მძიმეწონოსნის შთამბეჭდავი გამარჯვებით დასრულდა. ქაჯაიამ თავისზე ლამის ერთი თავით მაღალი მეტოქე დასაწყისშივე საჭიდაო ხაზს მიღმა გაიყვანა და 1:0 დაწინაურდა. შარიათმა საპასუხო ქულა მალევე აიღო, ასევე გაყვანით. რამდენიმე წამში კი ეფექტური 4-ქულიანი გდებაც მიითვალა და თითქოს გადამწყვეტი უპირატესობაც მიიღო (5:1), მაგრამ იაკობ ქაჯაიამ შეხვედრის განახლებისთანავე კიდევ უფრო შთამბეჭდავი 4-ქულიანით გაათანაბრა ანგარიში და იქვე სუფთა მოგებაც გაიფორმა.

ოქროს გამარჯვებამდე საქართველოს ნაკრების უმძიმესმა წევრმა სამი მოწინააღმდეგე ჩამოიშორა: თურქი ალი ნალ არსლანი (9:0), უკრაინელი ევგენი ორლოვი (3:2) და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტი – ესტონელი ჰეიკი ნაბი (2:0).

რევაზ ლაშხი ვერცხლის მედალს აზერბაიჯანელ ჰასან ალიევთან წაგების (0:4) შემდეგ დასჯერდა. დარჩიას გუნდის გამოცდილმა წევრმა ფინალამდე რუსეთის ნაკრების წევრი არსლან აბდულოვი (1:1), თანაგუნდელი საჩინო დავითაია (3:2) და სლოვაკი იშტვან ლევაი (3:0) დაამარცხა.

ზურაბ დათუნაშვილმა ოქროს გრან პრი უნგრელი ლასლო სზაბოს იოლად ძლევით (8:0) გახსნა. შემდეგ ხორვატ ნევენ ზუგაჟსაც აჯობა, ფინალის საგზური კი თანაგუნდელ ილია გულბათაშვილთან დაჭიდების შემდეგ მოიპოვა (8:0). ჩემპიონის ტიტულს აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვის ძლევაღა აკლდა, მაგრამ საწადელს ამ უკანასკნელმა მიაღწია (1:0).

დათუნაშვილისგან ნახევარფინალში ძლეული გულბათაშვილი კი რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, მაგრამ იქ ლასლო სზაბოსთან წააგო (2:4) და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა.

ერთი ქართული დაპირისპირება 71 კილოგრამშიც ვიხილეთ – რეპეშაჟის ფინალში მანუჩარ ცხადაიასა და ფირუზ წულუკიძის გზები გადაიკვეთა. პოდიუმზე წულუკიძე ავიდა (4:1), ხოლო ცხადაიამ მეხუთე ადგილი დაიკავა. ცნობისთვის ძირითად ბადეში ორივე ქართველი მომავალ ჩემპიონთან, უნგრელ ტამას ლორინცთან დამარცხდა.

ერთ შიდასანაკრებო პრინციპულ შეხვედრას 85 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც ველოდით, სადაც ქობლიაშვილი და ვლადიმერ გეგეშიძე წილისყრამ სატურნირო ბადეში ერთ მხარეს მოახვედრა. მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთდა. შეგახსენებთ, ეს მოჭიდავეები ერთმანეთს ამ ზაფხულს გამართული საქართველოს ჩემპიონთა თასის ფინალში შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში გეგეშიძემ იმარჯვა, თუმცა იმ ფინალს მსაჯების არადამაჯერებელი მოქმედების გამო დიდი აყალმაყალი მოჰყვა.

ქობლიაშვილისა და გეგეშიძის მორიგი დაპირისპირება ამ უკანასკნელის მეოთხედფინალში მარცხის (უზბეკ ასაკალოვთან 2:3) გამო ვეღარ შედგა.

დღესვე ბაქოს ხალიჩაზე გოდერძი დავითაძე. მირზა ვანაძე (ორივე 59 კგ), გიორგი ჯავახია (71 კგ), გიორგი ცირეკიძე (80 კგ), სოსო ჯაბიძე, ნიკოლოზ კახელაშვილი, ვასილ იმერლიშვილი (სამივე 98 კგ) და შოთა გოგისვანიძეც (130 კგ) გავიდნენ, მაგრამ საწყის ეტაპზევე დამარცხდნენ.

 

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

ოქროს გრან პრი

ბაქო

27 ივლისი

 

59 კგ

1 ტალეჰ მემედოვი (აზერბაიჯანი)

2 აბდული სამანი (ირანი)

3 შტიგ-ანდრე ბერგე (ნორვეგია)

3 კამრან მემედოვი (აზერბაიჯანი)

 

66 კგ

1 ჰასან ალიევი (აზერბაიჯანი)

2 რევაზ ლაშხი (საქართველო)

3 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

3 არსლან აბდულინი (რუსეთი)

 

71 კგ

1 ტამას ლორინცი (უნგრეთი)

2 რასულ ჩუნაიევი (აზერბაიჯანი)

3 ფირუზ წულუკიძე (საქართველო)

3 რუსამ ალიევი (აზერბაიჯანი)

5 მანუჩარ ცხადაია (საქართველო)

 

75 კგ

1 რაფიგ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი)

2 ზურაბ დათუნაშვილი (საქართველო)

3 ლასლო სზაბო (უნგრეთი)

3 რობერტ პატრიკ როსენგრინი (შვედეთი)

5 ილია გულბათაშვილი (საქართველო)

 

80 კგ

1 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)

2 პეტერ ბაკში (უნგრეთი)

3 ტადეუშ მიხალიკი (პოლონეთი)

3 ალექსანდრ კაზაკევიჩი (ლიტვა)

 

85 კგ

1 რობერტ ქობლიაშვილი (საქართველო)

2 სამან აჰმან ტაჰმასები (აზერბაიჯანი)

3 რუსტამ ასაკალოვი (უზბეკეთი)

3 დავუდ ალიშრაფ ახბარი (ირანი)

 

98 კგ

1 ბალაშ კიში (უნგრეთი)

2 ჩენკ ილდემი (თურქეთი)

3 შალვა გადაბაძე (აზერბაიჯანი)

3 მარტინ ჰამლეტ ნილსენი (ნორვეგია)

 

130 კგ

1 იაკობ ქაჯაია (საქართველო)

2 საბაჰ შარიათი (აზერბაიჯანი)

3 ბალინტ ლამი (უნგრეთი)

3 ჰეიკი ნაბი (ესტონეთი)

0.114638