ძიუდო

16:21 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიური იმედის თაობა

რამდენიმე დღის წინ ქართული ძიუდოს გულშემატკივრებმა ჩვენებურების მორიგი წარმატებით გავიხარეთ. უნგრეთის ქალაქ დიორში ჩატარებულ “ევროპის თასზე” საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა შთამბეჭდავად იჭიდავა – ტატამზე გასული 14 სპორტსმენიდან 13-მა მედალი მოიპოვა და ცხადია, საერთო გუნდურ ჩათვლაშიც ქართული გუნდი გაჩემპიონდა.

ნიკოლოზ კობაიძემ (40 კგ), შათირ შერაზადაშვილმა (66 კგ), ოთარ გოგიძემ (73 კგ) და ამირან წიქორიძემ (81 კგ) ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრეს. ალეკო მამიაშვილს (50 კგ), ალეკო სულაკაძეს (60 კგ), ნატა ყიფშიძესა (40 კგ) და ეთერი ლიპარტელიანს (52 კგ) ჩემპიონობამდე თითო გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდათ. მესამე ადგილები კი გიორგი თუთაშვილმა (40 კგ), გიორგი მღებრიშვილმა (45 კგ), ნუგზარ ტაბლიაშვილმა (55 კგ), ნინო მგელაძემ (48 კგ) და სალომე მჭედლიშვილმა (63 კგ) დაიკავეს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ცხადია გოგონების წარმატებაა. ქართული ქალთა ძიუდო ბოლო წლებში საკმაოდ ნელი ტემპით ცდილობს საერთაშორისო არენაზე დამკვიდრებას. 15-წლამდელთა უნგრულმა გამოსვლამ კი ყველას დაანახა, რომ პერსპექტივა ნამდვილად არსებობს და ამასთან, რეალური შანსიც, რომ წლების შემდეგ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებსაც შეეძლებათ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა.

2015 წელს თბილისმა ევროპის ბავშვთა ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს. სწორედ მომავალი ღონისძიება გახდა ამ ასაკობრივ ჯგუფში ასეთი გამოცოცხლების უმთავრესი მიზეზი. ორიოდ წლის წინ, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივან ვლადიმერ ნუცუბიძის ინიციატივით თბილისი 2015-ის პოტენციურ მონაწილეთათვის სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა შემუშავდა. დაინიშნენ ვაჟთა და გოგონათა გუნდების მწვრთნელები და ასაკობრივი ნაკრების კურატორი. თავიდან ეს თანამდებობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ამჟამინდელ თავკაც ირაკლი უზნაძეს ეკავა. ამჟამად კი კურატორი თამაზ კარიაულია, რომელიც გუშინ “მსოფლიო სპორტის” რედაქციაში ვაჟთა გუნდის დამრიგებელ ნესტორ ხერგიანთან და გოგონათა ნაკრების მწვრთნელ გიგა ბოჭოიძესთან ერთად ესტუმრა. ჩამოთვლილი სამეულის გარდა ასაკობრივ ნაკრებს დავით კობერიძე და გრიგოლ მამრიკიშვილი წვრთნიან.

თამაზ კარიაული:

- უკვე ორი წელია, 1998-2000 წლებში დაბადებულ ბავშვებთან მიწევს მუშაობა. რეგიონალურ და საქართველოს ჩემპიონატებს ვმართავთ, შიდა რეიტინგს ვაწარმოებთ და შეკრებებსაც ვატარებთ. საერთაშორისო ასპარეზზე კი პირველად ახლაღა გავედით და თავადაც ნახეთ, როგორ შედეგს მიაღწიეს ბავშვებმა.

- ელოდით ასეთ ხვავრიელ გამოსვლას?

თამაზ კარიაული:

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდით, როგორ წარმოაჩენდნენ თავს. ეს ხომ მათთვის პირველი უცხოური ტურნირი იყო. ზოგმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავისი შესაძლებლობების გამოვლენა გაუჭირდა. ზოგიც პირიქით, უჩვეულოდ ადვილად გაიხსნა.

ნესტორ ხერგიანი:

- არიან სპორტსმენები, რომლებიც საქართველოში ყველა კონკურენტს უშანსოდ უგებენ, მაგრამ საზღვარგარეთ საერთოდ ვერ ჭიდაობენ. არიან ისეთებიც, უცხოეთში რომ გაცილებით უკეთ გამოდიან. პირადად მე აქტიური სპორტსმენობისას მეორე კატეგორიას მივეკუთვნებოდი. უნგრეთში ამ თავისებურებასაც დავაკვირდით და რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო რამე შევნიშნეთ, მაგრამ ერთი ტურნირით დასკვნის გაკეთება მაინც ძნელია. ამ ბავშვებს ახლა ყველაზე მეტად საერთაშორისო გამოცდილება სჭირდებათ.

- უნგრეთში მედლები ათ წონით კატეგორიაში გათამაშდა. თქვენ კი განაცხადი რვა წონაში შეავსეთ...

თამაზ კარიაული:

- 36 და 81 კილოგრამებში შიდა კონკურენცია ისეთი მაღალი ვერაა, როგორც სხვა წონებში. განსაკუთრებით შესამჩნევი ეს 81-შია, მაგრამ სანერვიულოც არაფერია. ეს ისეთი ასაკობრივი ჯგუფია, უახლოეს ტურნირზე შეიძლება ყველაზე დიდი კონკურენცია სწორედ 81 კილოგრამში იყოს.

გიგა ბოჭოიძე:

- ეს ისეთი ასაკობრივი ჯგუფია, ბავშვები წონას ტურნირიდან ტურნირამდე იცვლიან. შეიძლება დღევანდელი, შედარებით პრობლემატური წონითი კატეგორია რამდენიმე თვეში შიდა კონკურენციაში გამორჩეული გახდეს. ამასთან, ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ახალ სახეებსაც, რომლებიც უწყვეტად მოდიან.

- წონის სწრაფად მატება და ახალ წონით კატეგორიაში გადასვლა შიდა რეიტინგში და შეიძლება ნაკრებში ადგილის დაკარგვასაც ნიშნავდეს. ამ პროცესს როგორ აკონტროლებთ?

ნესტორ ხერგიანი:

- შიდა კონკურენციაში ერთი ასაკის ბავშვები არიან ჩართულნი. წონაში ყველა იმატებს. განსხვავება ისაა, რომ ზოგი ახალ წონით კატეგორიას ადვილად ეგუება, ზოგს შედარებით უჭირს. საქართველოს ჩემპიონატის გარდა წლის განმავლობაში რამდენიმე სარეიტინგო ტურნირებსაც ვატარებთ, რაც შიდა რეიტინგის სამართლიანად დალაგებაში ძალიან გვეხმარება. და რაც მთავარია, 1998-99 წლებში დაბადებულებში წონის ლიდერებს ხელფასი – 50 ლარი ენიშნებათ. შეიძლება პატარა თანხაა, მაგრამ ძალიან დიდი სტიმულია. მე პირველი ხელფასი უფროსებში ევროპის ჩემპიონატზე ჭიდაობის შემდეგ დამენიშნა. ასეთ ასაკში რომ ჩემი ფული ამეღო, ძალიან გამიხარდებოდა.

- მარტო 1998-99 წლებში დაბადებულები იღებენ ხელფასს?

თამაზ კარიაული:

- ამ ეტაპზე ასეა. ადრე 2000-წლიანებსაც ჰქონდათ, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს თბილისი 2015-ის პროექტია და ბოლო ინფორმაციით, 2000 წელს დაბადებულებს არ აქვთ ბავშვთა ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლება. თუმცა როგორც ვიცით, საბოლოო გადაწყვეტილება არაა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ამ საკითხზე უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

- უახლოესი გეგმები როგორია?

გიგა ბოჭოიძე:

- ივლისში გვინდა გაფართოებული შემადგენლობის შეკრება მოვაწყოთ. თუ ორგანიზება მოხერხდება, ძალიან კარგი იქნება. შემოდგომაზე კი მორიგ სარეიტინგო ტურნირს ჩავატარებთ.

- მორიგ საერთაშორისო ტურნირზე როდის გამოხვალთ?

თამაზ კარიაული:

- ჯერ ვერაფერს გეტყვით. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ამ ასაკობრივ ჯგუფში საერთაშორისო ტურნირები იშვიათობაა და მეორეც, არც თუ პატარა ფინანსური უზრუნველყოფაა საჭირო. არადა ამ ბიჭებს საერთაშორისო გამოცდილება ჰაერივით სჭირდებათ. სეზონში მინიმუმ სამჯერ რომ ერთობლივ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა, ჭაბუკთა ნაკრები ძალიან ძლიერ შევსებას მიიღებს – თაობას, რომელიც უმალ წარმატებისთვის ბრძოლას შეძლებს.

- უნგრეთში მედლები გოგონებმაც აიღეს, რაც ასევე ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

გიგა ბოჭოიძე:

- ქალთა ძიუდოშიც ძალიან პერსპექტიული თაობა გამოჩნდა. რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც პროგრესი აშკარად ჩანს. გამოცოცხლება პირველ ყოვლისა ამ ასაკობრივი ჯგუფისადმი ინტერესის გაზრდის და ფინანსური მხარდაჭერის დამსახურებაა.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისი 2015-ის პროექტი ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალის დასრულებისთანავე უნდა დაიხუროს. თუ ასე მოხდება, ძიუდოს დიდი მუხტი მოაკლდება. მომავალ წარმატებებს კი სერიოზული საყრდენი გამოეცლება.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1148