რაგბი

12:48 | 20.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ ბლექსმა” სერია მშრალად მოიგო

ახალი ზელანდიის ნაკრებმა “ბლედისლოუს თასი” სერიის მესამე მატჩში ავსტრალია 41:33 დაამარცხა, “კენგურუებთან” ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და თასი, რომელიც ამ გუნდების მატჩებისას თამაშდება, ზედიზედ მე-11-ედ შეინარჩუნა.

“ბლედისლოუს თასი” რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი უძველესი თასია და ზომით ყველაზე დიდი ჯილდოა. ის იმ გუნდის საკუთრება ხდება, რომელიც წლის განმავლობაში მეტ თამაშს მოიგებს. “ოლ ბლექსს” ავსტრალია “ოთხი ერის” ორივე მატჩში დამარცხებული ჰყავდა და დანიდინში გამართული მატჩი რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო, ჯილდო მაინც მათ მფლობელობაში რჩებოდა, მაგრამ ამან მათ განწყობაზე ვერ იმოქმედა და ზელანდიამ სახალისო თამაშში 41:33 იმარჯვა.

ქუადე კუპერმა ავსტრალია ჯარიმით დააწინაურა, მაგრამ ჯულიან სავეამ მე-9 წუთზე ლელო გაიტანა და აარონ კრუდენის გარდასახვაც ზუსტი იყო. კუპერმა არეკნით შეამცირა სხვაობა, მაგრამ კრუდენისგან ორი ჯარიმა გაუშვა და კუპერის მორიგმა ზუსტმა ჯარიმამ სხვაობა მხოლოდ 4 ქულამდე დაიყვანა. ამას ზელანდიელთა მხრიდან ორი ლელო, ორი გარდასახვა და ჯარიმა მოყვა. ლელოები სემ კეინმა და კრუდენმა გაიტანეს, ხოლო დარტყმები ასევე კრუდენმა შეასრულა. შუალედში კუპერმა ჯარიმა გამოიყენა, ხოლო ტაიმის მიწურულს ადამ ეშლი-კუპერმა ლელოს გატანა შეძლო, კუპერმა გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი ზელანდიამ 30:19 მოიგო.

მეორე ტაიმი კრუდენის ჯარიმით დაიწყო, მაგრამ მალე მეტ ტოომუამ ლელო გაიტანა და კუპერმა გარდასახვით ჩამორჩენა ერთ გარდასახულ ლელომდე დაიყვანა. მიუხედავად ამისა, ზელანდიელებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ და 53-ე წუთზე კირან რიდმა თავისი გუნდის მეოთხე ლელოთი სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. 69-ე წუთზე ბარეტიმ ჯარიმით ავსტრალიელებს წარმატებაზე ფიქრის საშუალება მოუსპო, ტევიტა კურიდრანის გვიანმა ლელომ და კუპერის გარდასახვამ კი, მხოლოდ საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 41:33.

ახლა გუნდები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის მოემზადებიან. ზელანდიელები პირველ მატჩს ტოკიოში იაპონიასთან გამართავენ, მერე ევროპაში გადაინაცვლებენ და საფრანგეთთან, ინგლისთან და ირლანდიასთან მოსინჯავენ ძალებს. ავსტრალიელები თავიდანვე ევროპისკენ აიღებენ გეზს და ინგლისთან, იტალიასთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასა და უელსთან გამართავენ თამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.290359