რაგბი

14:25 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ოლ ბლექსის” საეჭვო და ავსტრალიის მძიმე გამარჯვება

 

მსოფლიო თასის შემდეგ ყველაზე ძლიერი - რაგბი ჩემპიონშიპის, იგივე ოთხი ერის მე-4 ტურს ბევრი კითხვისთვის უნდა გაეცა პასუხო. პირველი სამხრეთ აფრიკას უკავშირდებოდა, რადგან მას ახალი ზელანდიის ჰეგემონიის დამხობის რეალური შანსი გაუჩნდა, ხოლო მეორე არგენტინას - ყველას აინტერესებდა, შეძლებდნენ თუ ვერა სამხრეთამერიკელები ოთხ ერზე პირველი გამარჯვების მოპოვებას. მართალია, ამ შემთხვევაში გამარჯვებული ავსტრალია დარჩა, მაგრამ ძნელად სავარაუდოა, გულშემატკივარი მათი თამაშით კმაყოფილი დარჩენილიყო.

ახალი ზელანდია მოედანზე ტრავმირებული რიჩი მაკქოუს ნაცვლად კირან რიდმა გაიყვანა და როგორც საკუთარი მოქმედებებით, ასევე ორი გატანილი ლელოთი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ლიდერია. თუმცა, თამაშის შემდეგ რიდზე მეტს აფრიკელთა ჰუკერ ბისმარკ დუ პლესზე საუბრობდნენ, რომელმაც მოედანზე სულ რაღაც ნახევარი საათი გაატარა და ამ პერიოდში ლელოს გატანის გარდა, დენ კარტერის დამტვრევა და ყვითელი და წითელი ბარათის მიღება მოასწრო. სწორედ მისმა გაძევებამ გამოიწვია ის საუბრები, რომ “ოლ ბლექსის” გამარჯვება მთლად სამართლიანი არ იყო. არადა, სწორედ ეს გაძევებები აღმოჩნდა გადამწყვეტი.

თამაში მასპინძლებმა მძლავრად დაიწყეს. მე-3 წუთზე სტუმართა მცველმა უილ ლერუმ ფეხით გადაკიდებული ბურთი კი დაიჭირა, მაგრამ მდევრის შიშით გვერდით ხაზს იქით გადაცურდა და ზელანდიამ 5-მეტრა დერეფანი მიიღო, სადაც კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მასპინძელთა მორკინალებმა მეტოქისა გადათელეს და ვიდეორეფერიმ დაადასტურა, რომ რიდმა ბურთი წესების სრული დაცვით დაამიწა. დენ კარტერმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 48-ათასიანი “იდენ პარკი” გაახარა. სტუმრებმა საკუთარი იერიშით უპასუხეს, მორნი სტეინმა ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

ამასობაში მე-15 წუთიც მოვიდა და დუ პლესმა კარტერზე, რომელმაც პასის გაკეთება მოასწრო, ხისტი ბოჭვა გააკეთა. ზელანდიელთა ლიდერმა და მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირმა მხარი იტკინა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ის მოედანზე 4-6 კვირის განმავლობაში ვერ გავა და ახალ ზელანდიასაც ოთხი ერის დასკვნით ორ თამაშში დააკლდება. ამ ეპიზოდს მორაგბეებს შორის ჩხუბი მოჰყვა, რის შემდეგაც ფრანგმა რეფერიმ ვიდეორეფერს თხოვა დახმარება. ავსტრალიელმა თქვა - ეპიზოდი სათამაშო იყოო და დუ პლესი სინბინს არ იმსახურებსო, მაგრამ მაგრამ ფრანგმა მაინც გაიკრა ჯიბეზე ხელი და ყვითელი ბარათი ამოიღო.

“ოლ ბლექსს” შვიდი წუთი დაჭირდა რიცხობრივი უპირატესობის გამოსაყენებლად. იერიში კარტერის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ბოდენ ბარეტმა წამოიწყო, რომელიც საკუთარი ნახევრიდან დაიძრა, პირველ მბოჭავს რომ დაუსხლტა, მერე ხაზიც გაჭრა და დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, აფრიკელებმა ის საკუთარ 22-ში დიდი გაჭირვებით შეაჩერეს, რაქიდან ბურთი თითქოს ცუდად გამოვიდა, მაგრამ კონარდ სმიტმა მისი დამორჩილება მოახერხა, ახლა თავად გაჭრა სტუმართა არეული ხაზი და ძელებსშუა ბურთი რეტალიკს შეაყოლა, ხოლო ნარეტმა გარდასახვა გამოიყენა.

დუ პლესი მოედანზე ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც სამხრეთ აფრიკამ ერთი საპასუხო ლელო გაიტანა. კარგად დაყენებულ მოლს მცველებმა ვერაფერი მოუხერხეს და ლელო სტუმართა ჰუკერმა მიითვალა, ხოლო სტეინმა გარდასახვა გამოიყენა. შესვენებამდე ბარეტმა საკუთარ გუნდს ჯარიმით 3 ქულა შემატა და პირველი ტაიმი 17:10 დასრულდა.

მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რეფერიმ კიდევ ერთი საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. მან დუ პლესის მხრიდან კიდევ ერთხელ დააფიქსირა სახიფათო თამაში, რაც იმას ნიშნავდა, რომ მეორე ყვითელი ბარათი წითლად იქცა და აფრიკა მატჩის ბოლომდე დარჩა კაცნაკლული. ახალმა ზელანდიამ მეტობით მალევე ისარგებლა და რიდმა დუბლი შეასრულა. თამაშის დასრულებამდე 12 წუთით ადრე მასპინძლებმა მეტობით ერთხელაც ისარგებლეს და სემ კენმა საკუთარ გუნდს მეოთხე ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულა მოუტანა. დასკვნით 10 წუთში რეფერიმ სამი წუთის ინტერვალით ორი ზელანდიელი გაასინბინა, ახლა სტუმრებმა მიიღეს რიცხობრივი უპირატესობა, საფინალო სასტვენამდე ხუთიოდე წუთით ადრე, პეტ ლემბიმ სტუმართა მეორე ლელო მიითვალა, როდესაც ფეხით გადაკიდებული ბურთი ფლანგზე დაიჭირა, მაგრამ ეს თამაშის საერთო შედეგზე გავლენას ვეღარ იქონიებდა და ზელანდიამაც 29:15 გამარჯვებით ლიდერობა დაიბრუნა.

მატჩის შემდეგ “ოლ ბლექსის” თავკაცმა სტივ ჰანსენმა გამარჯვებაში რიდის წვლილი აღნიშნა, ხოლო “ქურციკების” მწვრთნელმა ჰეინეკ მეიერმა მსაჯების კრიტიკის ნაცვლად განაცხადა - “დღეს უძლიერესმა გუნდმა მოიგო. ახალი ზელანდია ტყუილად არ ატარებს მსოფლიოს ჩემპიონის სახელს”. ახლა ზელანდიელები აფრიკელებს სატურნირო ცხრილში 4 ქულით უსწრებენ, მაგრამ “ოლ ბლექსს” ორი გასვლითი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, მათ შორის ბოლო სწორედ აფრიკაში, ხოლო “ქურციკები” ორივე შეხვედრას სამშობლოში მართავენ და ეს მათ საერთო წარმატების შანსს უნარჩუნებს.

ავსტრალიის ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის - იუენ მაკენზის ხელმძღვანელობით პირველი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ საკუთარ მოედანზე, პერთში არგენტინელთა დიდი გაჭირვებით, მინიმალური სხვაობით დამარცხება დიდ წარმატებად ვერ ჩაითვლება. თავსხმა წვიმაში გამართულ მატჩში მრავლად იყო შეცდომები და ტექნიკური წუნი, სტუმარი არგენტინა კი, მეტოქეს შერკინებაში ჯაბნიდა და პრინციპში, გამარჯვებასაც იმსახურებდა.

საწყის წუთებში უპირატესობას არგენტინელები ფლობდნენ და ლელომდე სულ ცოტა დააკლდათ, მაგრამ ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და ნიკოლას სანჩესმა ანგარიში გახსნა. თითქოსდა უწყინარ სიტუაციაში, ამაზე მასპინძლებმა შესვენებამდე კრისტიან ლილიფანოს სამი ჯარიმით და იზრაელ ფოლაუს ლელოთი უპასუხეს, რის შემდეგაც ტაიმი 14:3 მოიგეს.

შესვენების შემდეგ ქულები მხოლოდ არგენტინელებმა აიღეს. მათ ჯერ სანჩესის ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, ხოლო საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე ფელიპე კონტეპომმა ხაზი გაჭრა და ლელო ხუან მიგელ ლეგიზამონს გაატანინა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. ამრიგად, არგენტინელებმა ოთხ ერზე პირველი გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი მიიღეს, მაგრამ დარჩენილ დროში ქულების აღება უფრო ავსტრალიელებს შეეძლოთ. ლილიფანოს ჯარიმების გამოყენებაში ხელი ქარმა შეუშალა, მაგრამ ამან დიდი ვერაფერი შეცვალა და მაკენზის გუნდმა 14:13 იმარჯვა. ამრიგად, 2005 წლიდან პირველად, “კენგურუებმა” მეორე ტაიმში ქულის აღებაც ვერ მოახერხეს და ახლა ორი ურთულესი გასვლითი მატჩის ჩატარება უწევთ სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში.

 

2013 წელი. რაგბის ჩემპიონშიპი. (ოთხი ერი)

მეოთხე ტური. 14 სექტემბერი

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა 29:15

ავსტრალია - არგენტინა 14:13

 

  1. ახალი ზელანდია   4       4       0       0       131-73  18
  2. სამხრეთ აფრიკა    4       3       0       1       148-71  14
  3. ავსტრალია             4       1       0       3        71-125   4
  4. არგენტინა              4       0       0       4        56-137   2

 

მეხუთე ტური. 28 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა - ავსტრალია

არგენტინა - ახალი ზელანდია

მეექვსე ტური. 5 ოქტომბერი

სამხრეთ აფრიკა - ახალი ზელანდია

არგენტინა - ავსტრალია

 

 

0.23533