“
აღსანიშნავია, რომ გასულ თამაშში მოულოდნელად საქმეს დაუბრუნდა ოკლაჰომელთა 24 წლის ფორვარდი სერჟ იბაკა. წინასწარი ინფორმაციით, მას მიმდინარე პლეი ოფში აღარც უნდა ეთამაშა, თუმცა, ტრავმა საოცარ ვადებში მოიშუშა და გამარჯვებაში დიდი წვლილიც დაიდო.
“ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, რომ პირველივე სროლა კალათში მოვათავსე. აღნიშნულმა თავდაჯერება შემმატა. მადლობა ღმერთს, რომ მოედანზე დაბრუნების საშუალება მომეცა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ სერიის მე-3 მატჩში გავიმარჯვეთ და შანსი შევინარჩუნეთ”, - განაცხადა იბაკამ, რომელმაც 29:36 წუთში 15 ქულა (7-დან 6 ჩაგდებული ბურთი თამაშიდან), 7 მოხსნა და 4 ბლოკ-შოტი მიითვალა.
ბიჭების მობილიზებით კმაყოფილი გახდლდათ “სანდერის” მთავარი მწვრთნელი სკოტ ბრუკსი. “ნამდვილად მჯეროდა, რომ ჩვენ ის გუნდი არ ვართ, რომელიც 30-ქულიანი სხვაობებით აგებს. ეს ჩვენი დონე არ არის. “სან ანტონიოს” დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ის შედეგი რაც საწყის თამაშებში დაფიქსირდა, ძალების თანაფარდობას ნამდვილად არ ასახავდა. პრობლემებს თავი დავაღწიეთ და სერიაში დავბრუნდით”, - აღნიშნა ბრუკსმა, რომლის გუნდის ლიდერებმა – რასელ უესტბრუკმა და კევინ დიურანტმა ჯამში 51 ქულა ჩააგდეს.
როგორც აღვნიშნეთ, ოკლაჰომელებმა სერიაში ჩამორჩენა შეამცირეს, რამაც ყველას 2012 წლის პლეი ოფი გაახსენა. ცნობისთვის, მაშინ ტეხასელებმა “სანდერთან” სერია ასევე 2 მოგებით გახსნეს, შემდეგ კი მიჯრით 4 შეხვედრა დათმეს და ფინალს მიღმა დარჩნენ.
“2012 წლის სერიაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ”, - განაცხადა აღნიშნულთან დაკავშირებით “სან ანტონიოს” ვეტერანმა ტიმ დანკანმა. “ყველა სერია ერთმანეთისგან განსხვავდება. მე-4 შეხვედრაში უბრალოდ უკეთ უნდა ვითამაშოთ, დღეს კი მეტოქე ძლიერი იყო და დამსახურებულად გვაჯობა”.
თანაგუნდელებს გამოფხიზლებისკენ მოუწოდა არგენტინელმა მცველმა მანუ ჯინობილიმაც, რომელმაც მე-3 მეოთხედის მიწურულს ფეხის ტრავმა მიიღო და შესაძლოა, მომდევნო მატჩის გამოტოვებაც კი მოუწიოს.
“იმედი მაქვს, ყველამ დაინახა, რა დაგვემართება, თუკი სრული თავდადებით და ბოლომდე მობილიზებულნი არ ვითამაშებთ. ჩვენ მიწაზე დაგვანარცხეს. მინდა მჯეროდეს, რომ მომდევნო შეხვედრაში სხვაგვარად ვითამაშებთ”.
შემდეგი მატჩი 28 მაისის დილას ისევ ოკლაჰომაში ჩატარდება, გასულ თამაშთან დაკავშირებით კი ერთსაც დავძენთ. შეხვედრის მე-3 მეოთხედში “სანდერის” კალათბურთელებმა 22 საჯარიმო სტყორცნეს, სტუმრებმა კი – არცერთი. ერთ მეოთხედში ამგვარი სხვაობა ნბა-ს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.