ფეხბურთი

19:27 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვილია “ატლეტიკოში” ითამაშებს

31 წლის ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობს. კატალონიურმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

“ბარსას” ვებგვერდის ცნობით, “ატლეტიკოსთან” შეთანხმება მიღწეულია. ოფიციალური ინფორმაციით, კატალონიელები, თავდაპირველად, 2.1 მილიონ ევროს მიიღებენ. “ატლეტიკო” კიდევ 2 მილიონს გადაიხდის, თუ ვილია მადრიდულ გუნდში 2014-15 წლების სეზონშიც ითამაშებს, ხოლო ასტურიელის ესპანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი წლით დარჩენის შემთხვევაში, სატრანსფერო თანხა 5.1 მილიონ ევრომდე გაიზრდება. გარდა ამისა, თუ “ატლეტიკო” ვილიას გაყიდის, “ბარსელონას” მიღებული თანხის ნახევარს გადაუხდის.

დავიდ ვილია “ბარსელონაში” 2010 წლიდან თამაშობდა. მძიმე ტრავმის გამო, ასტურიელმა კატალონიურ კლუბში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა ვერ მოახერხა. “ბარსელონას” მაისურით ჩატარებულ 116 თამაშში ვილიამ 48 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კატალონიელებთან ერთად, ესპანელმა თავდამსხმელმა ორ-ორჯერ ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

0.117719