ფეხბურთი

17:36 | 13.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “მილანმა” ალეგრი დაითხოვა

იტალიური “მილანის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მასიმილიანო ალეგრი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია.

დღეს დილით, ალეგრი გუნდის ბაზაზე ჩვეულად გამოცხადდა, მაგრამ მას და მის სამწვრთნელო შტაბის წევრებს განუცხადეს, რომ ისინი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან.

ალეგრის გათავისუფლების მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ დაფიქსირებული შედეგებია. “მილანი”, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა გაუჭირდა, სერია A-ში მე-11 ადგილს იკავებს. “როსონერი” ევროპის ლიგის ზონას 10, ჩემპიონთა ლიგის ზონას 20, ხოლო გათამაშების ლიდერს 30 ქულით ჩამორჩება.

მასიმილიანო ალეგრი რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებდა, ეს აქამდეც ცნობილი იყო. 46 წლის სპეციალისტის უმუშევრად დარჩენა 19 წლის თავდამსხმელმა, დომენიკო ბერარდიმ დააჩქარა, რომელმაც კვირას, “მილანს” 4 გოლი გაუტანა და “როსონერი” უქულოდ დატოვა.

სანამ მასიმილიანო ალეგრის შემცვლელი ცნობილი გახდება, გუნდს მაურო ტასოტი ავარჯიშებს. ალეგრის შემცვლელთა შორის ფილიპო ინძაგისა და კალრენს ზეედორფს ასახელებენ. ჰოლანდიელი ვეტერანის წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ მას “ბოტაფოგოდან” ნებისმიერ დროს ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე წამოსვლა შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118341