დირკ ნოვიცკიმ და „დალას მავერიქსმა“ კონტრაქტი გაახანგრძლივეს. ამის შესახებ NBA-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. მომავალი სამი წლის განმავლობაში გერმანელი კალათბურთელი 30 მილიონ დოლარს მიიღებს.
36 წლის ნოვიცკი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა (გასულ სეზონში მან 22.7 მილიიონი მიიღო), რათა გუნდმა ძლიერი მოთამაშეების დამატება შეძლოს. შეგახსენებთ, რომ ორი წლის წინ, ასეთი გადაწყვეტილება ტიმ დანკანმაც მიიღო.
ახლა „დალასისთვის“ გუნდში მაღალი დონის მოთამაშეების გადაყვანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, ბევრის აზრით, „დიდი გერმანელი“ კარიერას ახალი კონტრაქტის ამოწურვისთანავე დაასრულებს. „მავერიქსი“ სერიოზულადაა დაინტერესებული კარმელო ენტონის გადაბირებით. ტეხასელები ენტონის ოთხშაბათს შეხვდნენ და შესაძლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. მოგვიანებით, „მავერიქსის“ მფლობელმა მარკ კუბანმა განაცხადა, რომ ენტონის მაქსიმალურ კონტრაქტს ვერ შესთავაზებს. (დალასელთა გარდა, კარმელო ენტონი მოლაპარაკებებს „ჩიკაგო ბულზთან“, „ჰიუსტონ როკითსთან“ და „ლეიკერსთან“ აწარმოებს).
კარმელოს ალტერნატივად, კუბანი რამდენიმე მსუბუქი ფორვარდის კანდიდატურას განიხილავს. მათ შორისაა „ჰიუსტონ როკითსის“ კალათბურთელი ჩენდლერ პარსონსი, რომელიც შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტია. დალასელებს დევინ ჰარისის შენარჩუნებაც სურთ.
მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე „დალასმა“ და „ნიუ იორკ ნიქსმა“ ბარტერი განახორციელეს, რომლის შედეგადაც, „მავერიქსში“ 2011 წელს მოპოვებული ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ტაისონ ჩენდლერი დაბრუნდა. „ნიქსმა“ კი, შეინ ლარკინი, ხოსე კალდერონი და სამუელ დალემბერი მიიღო.
ლევან გოგოტიშვილი