ჩოგბურთი

14:15 | 25.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “მე და ნადალი ერთმანეთს ვერაფრით გავაკვირვებთ”

 მსოფლიოს რეიტინგსიის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს სადიდსლემო ტურნირთაგან მხოლოდ საფრანგეთის ღია პირველობაზე არ უმარჯვია. ცხადია, “ნოლეს” “როლან გაროს” კორტებზე ჩემპიონობის დიდი სურვილი ამოძრავებს და შარშანდელი გათამაშების ფინალისტი სერბი წლეულს პირველობას უმიზნებს. თუმცა, მისი ბოლოდროინდელი გამოსვლისა და რაფა ნადალის ფორმის გათვალისწინებით, ბალკანელს ეს ძლიერ გაუჭირდება.

 - შარშანდელ “როლან გაროსზე” ფინალამდე გააღწიეთ. მაშინ პირველად გაიფიქრეთ და იგრძენით, საფრანგეთის ღია პირველობის მოგება რომ შეგეძლოთ?

- მოდით ასე ვთქვათ – შარშანდელ გათამაშებაში ტიტულთან ყველაზე ახლოს ვიყავი. რაფასთან გადამწყვეტი მატჩი მეტად თვალსასეირო გამოდგა. ნადალი თავიდან დამაჯერებლად გამოიყურებოდა და უკეთაც თამაშობდა. მან 2 სეტი მომიგო და მესამე ბრეიკით დაიწყო, მაგრამ ამ დროს ავდარმა შეხვედრა შეგვაწყვეტინა. ასპარეზობა მეორე დღეს განვაახლეთ და მესამე სეტის მოგება შევძელი. ლაღი თამაში წავიდა და გარკვეულწილად არ გამიმართლა. იმედია, წლეულს სპორტული იღბალი ჩემ მხარეს იქნება.

- დიდ წარმატებას მიაღწიეთ ჰარდსაფარიან კორტზე გამოსვლისას. გრუნტის კორტზე საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებთ?

- როგორც შარშან, ასევე მიმდინარე სეზონის მსვლელობისას გრუნტზე რამდენიმე ბრწყინვალე მატჩი ჩავატარე. პრინციპში, სერბეთში სწორედ ამგვარ კორტზე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც ჩოგბურთელი. გრუნტის საფარის კორტზე თამაში ძალიანც მომწონს, თუმცა, ჩემი ძირითადი წარმატებები მაინც ჰარდის კორტს უკავშირდება.

- მიმდინარე სეზონში ნადალის დამარცხება უკვე შეძელით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი თქვენთვის “როლან გაროსის” მორიგი გათამაშების სტარტის წინ?

- მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა, ისე არ მინდა გამიგოთ, თითქოს საფრანგეთის ღია პირველობაზე ჩემი უმთავრესი კონკურენტი მხოლოდ რაფა ნადალი იქნება. ტურნირზე სტარტს 128 ჩოგბურთელი აიღებს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა მაღალი კლასის მოთამაშეა. პრაქტიკულად ნებისმიერ მათგანს სერიოზულ წარმატებაზე პრეტენზიის გამოთქმა კორტზე კარგი ასპარეზობით შეუძლია.

- ნადალთან დაპირისპირება მაინც განსაკუთრებულია. მასთან პაექრობის გეგმა უკვე შემუშავებული გაქვთ?

- მე და რაფა ერთმანეთს ვერაფრით გავაკვირვებთ. ერთმანეთის პირისპირ 30-ზე მეტჯერ წარვმდგარვართ და ერთურთის შესაძლებლობებიც კარგად ვიცით. ცხადია, სამწვრთნელო შტაბთან ერთად გარკვეული სამოქმედო გეგმა შემუშავებული გვაქვს, მაგრამ რამდენად მოხდება მისი კორტზე სათანადოდ რეალიზება, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. უმთავრესი, ცხადია, რაფას ფაქტორია.

0.114484