27 წლის სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერის განმავლობაში მეორედ მოიგო უიმბლდონი და მსოფლიო რეიტინგშიც პირველ ადგილზე გადაინაცვლა. “ნოლესა” და როჯერ ფედერერის ფინალი მეტად საინტერესო, დრამატული და ლამაზი საჩოგბურთო მომენტებით აღსავსე იყო, გადამწყვეტი მატჩის დასრულების შემდეგ კი სადიდსლემო ტურნირების აწ უკვე შვიდგზის ტრიუმფატორი ჯოკოვიჩი ამაღლებულ განწყობაზე იყო და არც ემოცია არ დაუმალავს.
- მაყურებელმა ფინალით დიდი სიამოვნება მიიღო. თქვენ რას იტყვით უიმბლდონ2014-ის გადამწყვეტ მატჩზე?
- ბრწყინვალე ორთაბრძოლა გამოგვივიდა. როჯერი დიდი ჩემპიონია და ყველა ჩოგბურთელისთვის მისაბაძი სპორტსმენი. დიდი მადლობა ფედერერს ფინალის მოგების საშუალება რომ მომცა. თავდაპირველად ვიმედოვნებდი, რომ მას პირველი მოწოდებისას გარკვეული სახის სირთულეები ექმნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როჯერი უდიდესი კლასის მოთამაშეა და სწორედ ამიტომაც მოუგია 17 სადიდსლემო ტურნირი. ფედერერმა წლევანდელი უიმბლდონი მაღალ დონეზე ჩაატარა და დამაჯერებლად გავიდა ფინალში. გადამწყვეტ მომენტებში შვეიცარიელი სათანადო გაგრძელებას ყოველთვის პოულობს. ურთულესი შეხვედრა მქონდა. მეოთხე სეტის დათმობის შემდეგ რთულ მდგომარეობაში ვიყავი. მატჩში გარდატეხის შეტანა მოვახერხე. ვერცკი გეტყვით, როგორ მოვახერხე ეს.
- რას ნიშნავს თქვენთვის უიმბლდონზე გამარჯვება?
- უიმბლდონი პლანეტის ყველაზე პრესტიჟული, საუკეთესო შეჯიბრებაა, ამიტომაც მისი მოგებით გამოწვეული ემოცია რთული ასახსნელი არ უნდა იყოს. 4 წლის ვიყავი, როდესაც პირველი საჩოგბურთო მატჩი ვიხილე და ორთაბრძოლა უიმბლდონის შეხვედრა გახლდათ. მას შემდეგ მოყოლებული ის ემოცია არ გამნელებია. უიმბლდონზე მეორედ ვიმარჯვე, მაგრამ წლევანდელი წარმატება ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
- ფინალის მოგების შემდეგ ტრიბუნაზე ახვედით და გამარჯვება სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად იზეიმეთ...
- წლევანდელ მოგებას ერთბაშად რამდენიმე ადამიანს ვუძღვნი. უპირველესად ჩემი მომავალი მეუღლე და შვილი უნდა დავასახელო, რომლის გაჩენასაც მოუთმენლად ველით. დიდი მადლობა მშობლებს, ძმებს, მთლიან სამწვრთნელო შტაბს. საგანგებოდ მსურს გამოვყო ჩემი პირველი დამრიგებელი ელენა გენჩიჩი, რომელმაც ჩოგბურთის ანბანი შემასწავლა. ელენა შარშან გარდაიცვალა და მოპოვებულ თასს მის ხსოვნას ვუძღვნი.