მსოფლიო რეიტინგსიის მეორე ნომერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის მეორე მატჩში არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს 6:3, 3:6, 6:3 მოუგო და B ჯგუფიდან პირველი ნახევარფინალისტი გახდა. 26 წლის სერბმა მიმდინარე სეზონში 69-ე გამარჯვება მოიპოვა, დელ პოტროსთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში კი 11:3 გახადა.
საათისა და 54 წუთის სათამაშო დროის განმავლობაში “ნოლემ” 25 წლის პატაგონიელთან დაპირისპირებისას 2 ბრეიკი და 10 ეისი შეასრულა. 9 ნოემბერს ჯოკოვიჩი ფრანგ რიშარ გასკეს შეხვდება, B ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტს კი როჯერ ფედერერისა და დელ პოტროს მატჩი გამოავლენს.
“მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 3:2 იყო, ცუდად მოვაწოდე. ხუან მარტინმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. სამივე პარტიის ბედი ბრეიკებმა ერთსა და იმავე ანგარიშის (3:2) დროს გადაწყვიტა. შეხვედრის მიწურულს ძალიან კარგად ვაწოდებდი. ნახევარფინალში გასვლა პოზიტიური მომენტია, მაგრამ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩსაც გასკეს წინააღმდეგ დიდი მონდომებით ჩავატარებ”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა დელ პოტროს ძლევის შემდეგ.